#კინო

სკანდალი ბლეიკ ლაივლის ახალი ფილმის გარშემო

გაზიარება:

წლის მთავარი დრამა It Ends With Us კინოთეატრებში 9 აგვისტოს გამოვიდა. Gossip Girl-ის ვარსკვლავი ბლეიკ ლაივლი ფილმში მთავარ როლს, ლილი ბლუმის პერსონაჟს თამაშობს. ფილმი ამერიკული ბესტსელერის, კოლინ ჰუვერის ამავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაციაა. ფილმის რეჟისორი ჯასტინ ბალდონია, რომელიც ეკრანებზე ანტაგონისტის როლშიც ვიხილეთ.

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ რაც მსახიობების პრეს ტურის ინტერვიუები გავრცელდა, ხალხი ფილმის შინაარსსა თუ გზავნილზე მეტად ბლეიკის საქციელს განიხილავს. ფილმის პრეს ტური კონტრავერსიულ სერიალს დაემსგავსა, რომელიც ბლეიკის კარიერას საფრთხეს უქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ხარისხსა და მსახიობების პროფესიონალიზმზე პრეტენზია არავის ჰქონია, კულისებში განვითარებული ამბების გამო ქასთის წევრები კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდნენ.

ჯასტინ ბალდონი, Justin Baldoni, It Ends With Us
ჯასტინ და ემილი ბალდონები. ფოტო: Getty Images

იმისათვის, რომ სკანდალის დეტალები ცხადი გახდეს, ფილმის ძალიან მოკლე შინაარსს მოგიყვებით. პროტაგონისტი 23 წლის ლილი ბლუმია, რომელიც საცხოვრებლად ბოსტონში გადადის და საკუთარ ყვავილების მაღაზიას ხსნის. ლილის 30 წლის ნეიროქირურგი, რაილი შეუყვარდება, რომელსაც ჯასტინ ბალდონი განასახიერებს. საოცნებო სასიყვარულო ურთიერთობა წამებში სასტიკ კოშმარში გადაიზრდება, როცა რაილი მოძალადე მხარეს გამოაჩენს.

ბლეიკ ლაივლი, ჯასტინ ბალდონი, Justin Baldoni, Blake Lively, It Ends With Us
ჯასტინ ბალდონი და ბლეიკ ლაივლი. ფოტო: Nicole Rivelli, Sony Pictures

ფილმი ოჯახურ ძალადობაზე მოგვითხრობს, ლილის მამაც მოძალადე იყო, ახლა კი ლილიც ძალადობრივ ურთიერთობაში აღმოჩნდება. კოლინ ჰუვერმა პირადი ტრავმული ისტორია წიგნის ფურცლებზე გადაიტანა და მკითხველისთვის ინსპირაციის მიმცემი პერსონაჟი ლილი ბლუმი შექმნა. სათაურიც It Ends With Us (ყველაფერი ჩვენით სრულდება) უხილავი ციკლის გარღვევისკენ მოგვიწოდებს, ქალებს კი მოძალადე პარტნიორებისგან გათავისუფლების ძალას მატებს.

ჰიუ ჯეკმანი, ბლეიკ ლაივლი, რაიან რეინოლდსი, ტემი რეინოლდსი, ბრენდონ სკლენარი., It Ends With US
ჰიუ ჯეკმენი, ბლეიკ ლაივლი, რაიან და რეინოლდსი და ბრენდონ სკლენარი It Ends With Us-ის პრემიერაზე. ფოტო: Getty Images

როგორც მიხვდით, წიგნი და შესაბამისად ფილმი ძალიან სენსიტიურ თემას ეხება. ამიტომაც, მაყურებელი პრეს ტურის დროს მსახიობებისგან სიუჟეტის მთავარ თემაზე საუბარს მოელოდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ბლეიკ ლაივლისა და კოლინ ჰუვერს განსხვავებული მიზნები ამოძრავებთ. ბლეიკი თითქმის ყველა ინტერვიუში მთავარ აქცენტს პერსონაჟის ჩაცმულობაზე, სასიყვარულო სამკუთხედსა და სხვა მეორე ხარისხოვან თემებზე აკეთებს.

It Ends With Us, Blake Lively, ბლეიკ ლაივლი
ფოტო: Justin Tallis, Getty Images

პრემიერის ფოტოებისა და ვიდეო კადრების გავრცელების შემდეგ, მსახიობებს შორის დაძაბული გარემო ხალხს არ გამოჰპარვია. განსაკუთრებით კი ყველა იმას აღნიშნავდა, რომ ჯასტინ ბალდონი ფოტოებში დანარჩენ მსახიობებთან ერთად ფაქტობრივად არ გამოჩენილა. ჯასტინი ერთადერთია, რომელიც თითქმის ყველა ინტერვიუში ფილმის ცენტრალურ თემას ახსენებს და თავისი პერსონაჟის, მოძალადე შეყვარებულის როლის შესრულების სირთულეებზე საუბრობს.

ბლეიკ ლაივლის ინტერვიუებს კი, კრიტიკის ტალღამ გადაუარა. ინტერნეტ საზოგადოება მსახიობს ფილმის მთავარი თემის მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებასა და მომენტის თავის სასარგებლოდ გამოყენებაში ადანაშაულებს. ბლეიკი მსახიობის გარდა ბიზნესმენიც გახლავთ. ფილმის პრემიერას ლაივლის თმის მოვლის საშუალებების ბრენდის - Blake Brown-ის გამოსვლა დაემთხვა, ხოლო ფილმის after-party ბლეიკის სასმელების ხაზმა - Betty Booze-მა უზრუნველყო. მენიუში ერთ-ერთ სასმელს მოძალადე პერსონაჟის, რაილის სახელიც კი ერქვა. ფილმში ლილი ბლუმის მამას და შეყვარებულს ალკოჰოლთან არაჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდათ და ეს საკითხიც სიუჟეტის ერთ-ერთი წამყვანი თემაა.

Blake Lively, ბლეიკ ლაივლი, It Ends With Us, ჯასტინ ბალდონი
ფოტო: Getty Images

ხალხის აზრით, ბლეიკი ფილმის შინაარს უგულებელყოფს და ცდილობს It Ends With Us რომანტიკული კომედიის ჟანრის ფილმად წარმოადგინოს. "მოკიდე მეგობრებს ხელი, ჩაიცვი ყვავილებიანი ტანსაცმელი და მოდი ფილმის სანახავად" - ბლეიკმა მაყურებელს პრემიერაზე წასვლისკენ ამ ფრაზით მოუწოდა. ბლეიკის "დაქენსელების" მცდელობას Kjersti Flaa-ს გამოქვეყნებული ინტერვიუც დაემატა. იუტუბზე განთავსებულ ვიდეოს ასეთი სახელი აქვს - "ბლეიკ ლაივლისთან ინტერვიუ, რომელმაც სამსახურიდან წასვლის სურვილი გამიჩინა." ვიდეოს 5 მილიონამდე ნახვა აქვს, კომენტარებში კი ბლეიკს ინტერვიუერის ბულინგში ამხელენ და აკრიტიკებენ.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ It Ends With Us-ის პიარ-კამპანიას თავად მწერალი, კოლინ ჰუვერი წინააღმდეგობას არ უწევს. მწერალს ჯერ კიდევ მაშინ, როცა წიგნი ბესტსელერის თაროზე საპატიო ადგილს იკავებდა, წერის სტილის გამო ძალადობის რომანტიზებაშიც კი ადანაშაულებდნენ. მაგრამ ფაქტი ჯიუტია, წიგნი და უკვე ფილმიც წარმატების მწვერვალებს იპყრობენ. ისიც უნდა ითქვას, რომ მედია საშუალებებსა და საერთაშორისო საზოგადოებას ქალების ავტომატური დადანაშაულება მარტივად გამოსდის-ხოლმე, მაგრამ ბლეიკის სიჩუმე შექმნილ სიტუაციას კიდევ უფრო აუარესებს. იქამდე, სანამ ბლეიკი საჯარო განცხადებას არ გააკეთებს ან მსახიობის მარკეტინგის გუნდი გამოსავალს ვერ იპოვის, სკანდალს თავისით შეწყვეტის პირი არ უჩანს.

ზევით