#კინო

5 ფილმი ვენეციის კინოფესტივალიდან

გაზიარება:

2024 წლის ვენეციის კინოფესტივალი 28 აგვისტოს დაიწყო და 7 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალზე მთავარი კონკურსის მონაწილე ფილმების ნაწილის პრემიერა უკვე შედგა. დღეს, მარათონში ჩართული 5 ფილმის შესახებ მოგიყვებით. იქამდე კი, შეგახსენებთ, რომ წლევანდელ კონკურში ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ფილმიც იღებს მონაწილეობას.

MARIA

ფილმი Maria მსოფლიოს უდიდესი საოპერო მომღერლის, მარია კალასის მღელვარე, ლამაზი და ტრაგიკული ცხოვრების ისტორიაზე მოგვითხრობს. პაბლო ლარაინის ნამუშევარი მარიას ბოლო დღეებს აღწერს. სტივენ ნაითის სცენარის მიხედვით, ფილმი 1977 წლის პარიზში, მარია კალასის ცხედრის გამოსვენების კადრით იწყება. შემდეგ კი, სცენარისტი ერთი კვირით ადრე, მომღერლის უკანასკნელი დღეების ქრონიკაში გვაბრუნებს. რეჟისორის თქმით, მარია კალასი ყველა დროის ბუმბერაზი საოპერო მომღერალია და გასაკვირი არ არის, უნიკალური, ბევრი სიხარულითა და ტანჯვით აღსავსე ცხოვრება რომ ჰქონდა.

ანჯელინა ჯოლი, ვენეციის კინოფესტივალი, მარია კალასი, Maria

ეკრანზე მარია კალასი ანჯელინა ჯოლიმ გააცოცხლა. ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე უკვე შედგა და რვა წუთიანი აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. ფესტივალის მონაწილეებმა მარია კალასის ფსიქოლოგიური პორტრეტი იხილეს. მათ იხილეს იმ ქალის სახე, რომელმაც ცხოვრება მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მსმენელის წინაშე, სცენაზე დგომას მიუძღვნა, სიცოცხლის ბოლო დღეებში კი, გადაწყვიტა თავისი ხმა, ვინაობა ეპოვა და მხოლოდ საკუთარი თავისთვის ემღერა.

THE ORDER

The Order, ვენეციის კინოფესტივალი, ჯუდ ლოუ, ნიკოლას ჰოლტი, ტაი შერიდანი, ჯურნი სმოლეტი
The Order-ის ქასთი ვენეციის წითელ ხალიჩაზე. ფოტო: Alessandra Benedetti, Getty Images

წლევანდელი ბიენალეს კონკურსში მონაწილეობას ავსტრალიელი კინორეჟისორის, ჯასტინ კურზელის ფილმი The Order იღებს. მთავარ როლებში ჯუდ ლოუ, ნიკოლას ჰოლტი, ტაი შერიდანი, ჯურნი სმოლეტი და მარკ მარონი არიან. The Order კრიმინალური ტრილერია, რომელიც 1980-იან წლებში, Pacific Northwest-ის საშიშ, სასტიკ და გაუსაძლის ყოველდღიურობაში გვამოგზაურებს. ამ დროს რეგიონში ძალადობრივი ძარცვისა თუ დაყაჩაღების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა.

ჯუდ ლოუ, The Order, ვენეციის კინოფესტივალი

მაშინ, როცა სამართალდამცავებს სიტუაციის კონტროლი აღარ შეეძლოთ, გამოჩნდა FBI-ის აგენტი, რომელსაც ეჭვი გაუჩნდა, რომ გაუთავებელი ძარცვა მხოლოდ ფულის შოვნის მიზნით როდი ხდებოდა და საქმე საშიშ ტერორისტულ ჯგუფთან ჰქონდათ. ბანდა სახელად The Order შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის წინააღმდეგ დამანგრეველ ომს იწყებს. ფილმი 1989 წლის წიგნს ეფუძნება. The Silent Brotherhood-ის ავტორები კევინ ფლინი და გერი გერჰარდტი გახლავთ.

THE ROOM NEXT DOOR

74 წლის პედრო ალმოდოვარიმ კარიერაში პირველი ინგლისურენოვანი ფილმი გადაიღო. ვენეციის კინოფესტივალზე The Room Next Door-ის პრემიერა შედგა და ხალიჩაზე რეჟისორი მთავარი როლების შემსრულებლებთან, ჯულიანა მურთან და ტილდა სუინტონთან ერთად გამოჩნდა. როგორც ალმოდოვარს სჩვევია, ამჯერადაც წითელი ფერის ფონზე ორი ქალის მეგობრობის საოცარი ისტორია მოგვიყვა. ინგრიდი და მართა ახალგაზრდობაში ერთ ჟურნალში მუშაობდნენ. მათი ცხოვრების გზები გაიყო და მართა ომის რეპორტიორი, ინგრიდი კი მწერალი გახდა.

The Room Next Door, ვენეციის კინოფესტივალი, პედრო ალმოდოვარი, ჯულიანა მური, ტილდა სუინტონი
ალვის რიგო, ჯულიანა მური, პედრო ალმოდოვარი, ტილდა სუინტონი, ალესანდრო ნივოლა. ფოტო: JB Lacroix, FilmMagic

წლების შემდეგ მეგობრები ერთმანეთს ისევ ხვდებიან. მართას საშვილოსნოს ყელის სიმსივნე აქვს და დასახმარებლად ინგრიდს მიმართავს. მართას მხოლოდ ძველი მეგობრის წინაშე შეუძლია გამოტყდეს, რომ არალეგალური ევთანაზიის გაკეთება სურს, თანამზრახველად კი სწორედ ინგრიდი ამოარჩია. ეს ფილმი მეგობრობის სიღრმეზე, სირთულესა და სილამაზეზეა. კრიტიკოს დევიდ რუნის თქმით, ფილმი არის დრამა სიცოცხლის, სიკვდილისა და ისეთი მეგობრობის პასუხისმგებლობაზე, რომელიც ზოგჯერ ინტელექტუალური თავსატეხის სახეს იღებს.

EL JOCKEY (KILL THE JOCKEY)

რემო მანფრედინი ლეგენდარული მხედარია. ლუის ორტეგას ფილმის მთავარი გმირი ჟოკეი თვითდესტრუქციული ქცევით კარიერასა და პირად ურთიერთობას უქმნის საფრთხეს. ერთხელაც, იგი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრის დღეს მძიმე ავარიაში მოჰყვება და საავადმყოფოდან გაუჩინარდება. რემო ბუენოს-აირესის ქუჩებში დახეტიალობს და საკუთარი მეს შეცნობას იწყებს. ის სიცოცხლესა და სიკვდილს, ცოდვასა და მონანიებას შორისაა გაჭედილი. თავად რეჟისორის თქმით, ხსნის მოპოვების წყურვილით, ჟოკეი იდენტობებს ნიღბებივით იცვლის, მაგრამ, ამას ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს. ჩვენ თითოეული ის პერსონაჟი უნდა მოვკლათ, რომელსაც ვთამაშობთ, რათა თავისუფლება მოვიპოვოთ, და მაშინაც კი, ყველაფერი მაინც ციკლურად გამეორებას იწყებს.

ურსულა კორბერო, Úrsula Corberó, El Jockey, Kill the Jockey, ვენეციის კინოფესტივალი
ურსულა კორბერო ფილმის პრემიერაზე ბოტეგა ვენეტას კაბაში გამოჩნდა. ფოტო: Marco Bertorello, AFP

ადამიანს თავი უნიკალური და განსაკუთრებული ჰგონია და ფიქრობს, რომ პირად თავგადასავალში ცხოვრობს, რეალურად კოლექტიური ამბის ნაწილია და სხვა არაფერი. თუ კაცობრიობა საკუთარ თავში არ იპოვის თავისუფლებას, დავიბადებით მხოლოდ იმისთვის, რომ ვიყოთ უბრალოდ მოჩვენებით დასახლებული სამყაროს ნაწილი. ერთ დღეს კაცის სხეულში გავიღვიძებთ, მეორე დღეს ქალის, მესამე დღეს კი ბავშვისაში. ასეთი ამოუცნობი ცხოვრების ხლართებში პროტაგონისტის მთავარი მისიაა, არ გაგიჟდეს. ფილმის ინსპირაცია 1915 წელს გამოცემული, ჯეკ ლონდონის The Star Rover-ი იყო, სადაც მთხრობელს ანამნეზისი ეწყება და ყველა წინა ცხოვრება ერთბაშად ახსენდება. ლუის ორტეგას ფილმში მთავარ როლებს ურსულა კორბერო და ნაუელ პერესი ასრულებენ.

THE BRUTALIST

The Brutalist, ედრიენ ბროუდი, ფელისიტი ჯონსი, ვენეციის კინოფესტივალი

ვენეციის წითელ ხალიჩაზე ედრიენ ბროუდიც გამოჩნდა. მსახიობი The brutalist-ში, ბრედი კორბეტის ფილმში მთავარ როლს ასრულებს. The Brutalist უნგრული წარმოშობის ებრაელი არქიტექტორის, ლასლო ტოტის ცხოვრებას ასახავს. ბროუდის პერსონაჟი 1947 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადადის საცხოვრებლად. სიღარიბეში ცხოვრების შემდეგ, ის მალევე მისტიკურ ჰარისონ ლი ვან ბურენს გაიცნობს, რომელიც ემიგრანტის მომავალი 30 წლის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის.

ლასლო ტოტი და მისი ცოლი, რომელსაც ფელისიტი ჯონსი თამაშობს, ჰოლოკოსტს გადაურჩებიან და მეორე მსოფლიო ომის ამერიკაში აგრძელებენ ცხოვრებას. The Brutalist ახალ ნათლიადაც მოიხსენიეს. ეს არის ამბავი ემიგრანტების რთულ ცხოვრებაზე, სექსუალურ ძალადობასა და სხვა უამრავ თემაზე. ფილმს სახელი პროტაგონისტის არქიტექტურული სტილის, ბრუტალიზმის გამო ჰქვია.

ზევით