რას ვუყუროთ თებერვალში? - 10 ახალი ფილმი და სატელევიზიო შოუ, რომელსაც ველოდებით

დრამა, თრილერი, კომედია, სამეცნიერო ფანტასტიკა, ისტორიული თუ ბიოგრაფიული ფილმები, 2024 წლის თებერვალი განსხვავებული გემოვნების მაყურებელზეა გათვლილი. თვის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პრემიერაა ჩანიშნული, რომელსაც თქვენს ადგილას არ გამოვტოვებდით. წარმოგიდგენთ The Diary-ს 10 რჩეულ ფილმსა და სატელევიზიო შოუს, რომელსაც თებერვალში მოუთმენლად ველოდებით.

1. ARGYLLE

1-ელი თებერვლიდან დიდ ეკრანებზე, ჰენრი კავილის, დუა ლიპასა და სხვა ცნობილი მსახიობების მონაწილეობით, არგაილი: სუპერჯაშუში“ გამოჩნდება. მძაფრსიუჟეტიანი თრილერის სიუჟეტი მწერლის ისტორიას მიჰყვება, რომლის ცხოვრებაც მის მიერვე დაწერილი ნოველის სიუჟეტს ემსგავსება. ჯაშუშების სავსე სამყარო, სადაც არავინ არის უსაფრთხოდ წინ საინტერესო მოგზაურობას გვპირდება.

2. LIGHT FALLS

ფედონ პაპამაიკლის ფილმის „სინათლის დაცემა“, რომელიც 4 ქვეყნის: საქართველოს, ალბანეთის, საბერძნეთისა და გერმანიის თანაწარმოებაა, დიდ ეკრანებზე 1-ელი თებერვლიდან გამოვა. ფილმში მთავარ როლებს ქართველი მსახიობები ნინი ნებიერიძე და ელენე მახარაშვილი ასრულებენ. მეტაფორული კონტექსტის მქონე ეკრანიზაცია, კლარას და ელას ისტორიას გვიამბობს. გოგოები საბერძნეთის ახალი ადგილების აღმოსაჩენად მიდიან, თუმცა უბედური შემთხვევა მათ ცხოვრებას ღამის კოშმარად აქცევს.

3. MR. & MRS. SMITH 

2005 წელს გამოსული საკულტო ფილმის შთაგონებით შექმნილი სატელევიზიო შოუ, დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, 2 თებერვალს იქნება მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი. სერიალში, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის როლებს დონალდ გლოვერი და Pen15-ის ვარსკვლავი, მაია ერსკინი მოირგებენ. ჯაშუშების „გარიგებით“ შექმნილ ოჯახს, კიდევ ერთხელ ემუქრება ნგრევა. მოახერხებენ თუ არა  ამჯერადაც  მისტერ და მისის სმიტები სტრესული სამსახურებრივი ცხოვრებისგან თავის დაღწევას, ამას ხვალიდან გავიგებთ.

4. ABBOTT ELEMENTARY მე-3 სეზონი

ABC-ის ყველაზე გახმაურებული სერიალი, „ემის“ ოთხგზის გამარჯვებული შოუ Abbott Elementary, მესამე სეზონით ბრუნდება. კვინტა ბრუნსონს არასდროს გაუცრუებია ჩვენი იმედები გასართობი, მხიარული და საოცრად თბილი სერიალით. იმედია, რეჟისორი აღებულ გეზს მესამე სეზონშიც მიჰყვება. არ გამოგრჩეთ პრემიერა 7 თებერვალს, Hulu-ზე.

5. ONE DAY 

თუკი სათაურმა, 2011 წლის დრამა One Day გაგახსენათ, რომელშიც ენ ჰეთეუი და ჯიმ სტარჯესი მონაწილეობდნენ, მაშინ მოემზადეთ, რადგან წინ შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე გულისამაჩუყებელი სიახლე გელოდეთ. დეივიდ ნიკოლსის ბესტსელერის რომანის მიხედვით ახლა უკვე მინისერიალს ვიხილავთ Netflix-ზე. სერიალში ემასა (ამბიკა მოდი) და დექსის (The White Lotus-ის მსახიობის ლეო ვუდოლის) დაბრკოლებებით აღსავსე, თუმცა საოცარ სიყვარულის ისტორიას ხელახლა გაგვაცნობს. 8 თებერვალს ხელსახოცები მოიმარაგეთ, Netflix-ზე პრემიერაა ჩანიშნული.

6. THE NEW LOOK

კრისტიან დიორის პირად ისტორიაში ჩასაძირად მოემზადეთ. სერიალი, რომელიც მოდის საკულტო დიზაინერს მიეძღვნა  Apple TV-ზე 14 თებერვლიდან გავა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პარიზი, მოდის ისტორია, რომლის ნაწილად დიორი, კოკო შანელთან, კრისტოფერ ბალენსიაგასთან და პიერ ბალმანთან ერთად იქცა.

7. Madame Web

15 თებერვლიდან, საქართველოს კინოთეატრებში Spider-Man-ის სპინოფი გამოჩნდება. Madame Web-ი დაკოტა ჯონსონისა და სიდნი სვინის მონაწილეობით, ჩვენთვის აქამდე უცნობ ბოროტმოქმედსა და რასაკვირველია, სუპერგმირებს გაგვაცნობს.

8. AVATAR: THE LAST AIRBENDER 

ყველასათვის საყვარელი ანიმაცია, Netflix-ზე live-action-ის ადაპტაციით გვიბრუნდება. დროა, აანგისა და მისი მეგობრების თუ მტრების ისტორია ახალმა თაობამაც ისევე შეიყვაროს, როგორც ერთ დროს ის ჩვენ გვიყვარდა. Avatar The Last Airbender-ის პრემიერა Netflix-ზე, 22 თებერვალს შედგება.

9. DRIVE-AWAY DOLLS

მეთ დეიმონი, პედრო პასკალი, მარგარეტ ქუალი და ბეანი ფელდშტეინი ახალ კომედიურ-თრილერში მონაწილეობენ. ორი მეგობრის მოგზაურობის ისტორია, რომელიც მოულოდნელად კრიმინალური ჟანრის თავგადასავალს ემსგავსება, დიდ ეკრანებზე, 22 თებერვალს გამოჩნდება.

10. DUNE: PART TWO

და ბოლოს, დენი ვილნევის სამეცნიერო ფანტასტიკას, ტიმოთი შალამესა და ზენდაიას მონაწილეობით, როგორც იქნა დიდ ეკრანებზე ძალიან მალე ვიხილავთ. ფრენკ ჰერბერტის საკულტო წიგნი, რომლის მიხედვითაც დენი ვილნევმა ეკრანიზაციის გადაღება გადაწყვიტა, თხრობის მანერით კოლოსალურ მასშტაბზეა მოფენილი. ადამიანები იმპერიალიზმის სურვილით შეპყრობილი ახლა უკვე კოსმოსს იპყრობენ და პლანეტების კონტროლისთვის იბრძვიან. დაირაზმეთ, 29 თებერვლიდან დიდ ეკრანებზე DUNE 2 ბრუნდება!

ზევით