#მუსიკა

„ქალი ჩემში“: ბრიტნი სპირსის მემუარების ყველაზე მოულოდნელი მომენტები

გაზიარება:

ბრიტნი სპირსის მემუარები „ქალი ჩემში“ გამოქვეყნდა და პოპის პრინცესამ, ამჯერად, შანსი ხელიდან არ გაუშვა, რათა ავტობიოგრაფიულ წიგნში, საკუთარი ცხოვრების ისტორიის ბრიტნისეული მხარე დაგვანახა. მემუარები გამოსვლის დღიდან იქცა განხილვის საგნად და თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მტკივნეულ, პირადულ და აქამდე უთქმელ თემებს შეეხო მასში მომღერალი, დავრწმუნდებით, რომ ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლო ნამდვილად არ არის.

დროა, სამყარომ ბრიტნის ცხოვრების დეტალები დამახინჯებული ისტორიების, ჭორებისა და ინტერპრეტაციების გარეშე მოისმინოს. ის მზადაა ფარდა ახადოს ისეთ თემებს, როგორიც აბორტი, ობიექტიზაცია, ნარკოდამოკიდებულება და პრობლემური ურთიერთობებია და საზოგადოებაც მზადაა მათ მოსასმენად.

ბრიტნი სპირსის მემუარები, მისი ხაფანგში გამომწყვდევის მცდელობით, ე.წ პირველი თავით - ოჯახით და ამ ოჯახის ქალი წევრების რთული დამოკიდებულებებით იწყება, რომელმაც პირველი ტრავმული დაღი დაასვა პოპ ვარსკვლავის ცხოვრებას. ბრიტნი იხსენებს ბებიას, რომელმაც შვილი დაკარგა და მოგვიანებით გამოსასწორებელ დაწესებულებაში გამოამწყვდიეს; იხსენებს დედას, რომელიც მთელი ცხოვრება მამის ალკო დამოკიდებულებას იტანდა. მომღერალი საკუთარ თავს და გამოცდილებას ბებიის ცხოვრებასაც ამსგავსებს და აღნიშნავს, რომ მის მსგავსად, ოჯახი, ბრიტნის გაჩუმებას, გაკონტროლებასაც ცდილობდა და დიდხანს სჯეროდა იმისაც, რომ საკუთარი ნათესავები მის „მოკვლას“ გეგმავდნენ.

275 გვერდიანი მემუარებით, ახლა ბრიტნი სპირსს აქვს შესაძლებლობა დაიბრუნოს წართმეული ხმა, „ქალი ჩემში“ ბრიტნი სპირსის ისტორიის მთავარი გმირის ლინზით დანახული სიმართლეა და დღეს ამ სიმართლის ყველაზე მოულოდნელ, ზოგჯერ კი მტკივნეულ დეტალებს გაგიზიარებთ.

დაძალებული აბორტი და რთული სასიყვარულო ურთიერთობა

მემუარებიდან, ყველაზე შოკისმომგვრელი და შემაძრწუნებელი, ალბათ ბრიტნი სპირსის და ჯასტინ ტიმბერლეიკის სასიყვარულო ურთიერთობის დეტალების მოსმენა აღმოჩნდა. 2000-იანი წლების, ახალგაზრდა, კაშკაშა წყვილი, რომელიც დამოუკიდებლად, კარიერული წარმატების მწვერვალზე იმყოფებოდა, ერთმანეთს სკანდალურად დაშორდა. ჯასტინ ტიმბერლეიკმა მოგვიანებით, მუსიკალურ ვიდეოში Cry me a river ბრიტნის ღალატზეც კი მიგვანიშნა. ბრიტნის არასდროს, არც ერთ ინტერვიუში არ უხსენებია, რომ სწორედ ჯასტინი იყო ის, ვინც ურთიერთობაში მას უღალატა და არც ის, რომ ჯასტინი ვერ აღმოჩნდა მზად მამობისთვის და ბრიტნიმ აბორტი გაიკეთა. 

„აბორტი იყო ისეთი რამ, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი, მაგრამ გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ სწორედ ეს გავაკეთეთ“, იხსენებს სპირსი. ბრიტნიმ მუცელის მოსაშლელად აბები აბაზანაში დალია, წამალმა ის აგონიაში ჩააგდო, თუმცა ამ ინფორმაციის გაჟონვის შიშით, წყვილი საავადმყოფოში არ წასულა. რამდენიმე საათის განმავლობაში, ბრიტნი აბაზანის იატაკზე მოხრილი იწვა, ტიროდა და ყვიროდა, ჯასტინი მას გვერდით მიუჯდა, შეეცადა მუსიკით დახმარებოდა და გიტარაზე დაკვრა დაიწყო.

„ამის შემდეგ ცოტა ხანი არეული ვიყავი, ჯერ კიდევ ძალიან მიყვარდა ჯასტინი... სიგიჟე იყო, როგორ მიყვარდა ის და როგორ დამთავრდა ეს ჩემთვის“.

ამ ტრავმის მიუხედავად, ბრიტნი სამსახურში დაბრუნდა, ჯასტინი კი მას მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაშორდა. სწორედ მაშინ მიმართეს ტაბლოიდებმა საკუთარი ჭორების მანქანა ბრიტნისკენ, ტიმბერლეიკმაც აშკარად მიანიშნა, რომ დაშორება ბრიტნის ღალატის საფუძველზე მოხდა, თუმცა ახლა, ამდენი წლის შემდეგ, ბრიტნი ამბობს, რომ სწორედ ჯასტინმა უღალატა მას All Saints-ის ერთ-ერთ გოგონასთან.

ყველა გადაუმუშავებელი ტრავმა და ზეწოლა გაუსაძლისი აღმოჩნდა ბრიტნისთვის. 2007 წელს, როდესაც დეიდის გარდაცვალების შემდეგ მომღერალი დეპრესიით იტანჯებოდა, სპირსი თმის სალონში შევიდა, აიღო მაკრატელი და თავი გადაიპარსა.

„ჩემი თავის გაპარსვა იყო გზა, რომ მეთქვა მსოფლიოსთვის: [დამნაშავე ხარ] შენ“ - წერს ბრიტნი.

„წლების განმავლობაში ვიყავი კარგი გოგო, თავაზიანად ვიღიმოდი, სანამ ტელეშოუს წამყვანები ჩემს მკერდზე ლაპარაკობდნენ, სანამ ამერიკელი მშობლები მათი შვილების განადგურებაში მდებდნენ ბრალს და ერთ დღესაც, მე ამ ყველაფრით დავიღალე“. თუმცა, ყველას გვახსოვს რომ ბრიტნის თავის გადაპარსვის აქტი არა მის სიძლიერედ, არამედ სისუსტედ იქნა აღქმული, არასტაბილური მდგომარეობის გამო ბრიტნის მეურვე დაუნიშნეს.

„გამათავისუფლე“

ამის შემდეგ, ბრიტნის ცხოვრებაში ახალი კოშმარი დაიწყო. მომღერალი არც ერთი წამით არ ცდილობს საკუთარი წარსულის შელამაზებას, მისი პროზა მჭრელია და ეს სტილი ბრიტნის ცხოვრების ამ საშინელ თავს უფრო ამძაფრებს.

ბრიტნი საუბრობს, როგორ მიამაგრეს საავადმყოფოში საკაცეზე და მისი ნების საწინააღმდეგოდ, წამლების მიღებას აიძულებდნენ. როგორ არ აძლევდნენ სახლში აბაზანის დამოუკიდებლად მიღების უფლებას და როგორ ამოწმებდნენ მის ბოიფრენდებს და მათ სექსუალურ ისტორიას, პაემანზე წასვლამდე.

როგორც მემუარებში ბრიტნი იხსენებს, თავდაპირველად, ის ცდილობდა მშობლებთან და ექიმებთან საერთო ენა გამოენახა, „თუ მათი წესებით ვითამაშებ, ისინი აუცილებლად დაინახავენ რამდენად კარგი ვარ და გამიშვებენ“ - ამბობს ის. თუმცა, როდესაც ეს ასე არ მოხდა და ბრიტნიმ აჯანყება გადაწყვიტა, ორი მცირეწლოვანის შვილის მეურვეობა, მის წინააღმდეგ გამოიყენეს. 

„ჩემი თავისუფლება შვილებთან გატარებული ღამეების სანაცვლოდ... ეს ვაჭრობა იყო, რომელზეც თანახმა ვიყავი“, აღიარებს მომღერალი.

მაგრამ მაშინაც კი, როცა მას არ შეეძლო საკუთარი თავის მოვლა, სპირსი გაგზავნეს გასტროლებზე და დანიშნეს X Factor-ის ჟიურის წევრად. ბრიტნის ამ გარიგებებით მხოლოდ მისი მეურვეები შოულობდნენ ფულს, მას ყოველკვირეულად მხოლოდ $2,000 ჰქონდა გამოყოფილი. „ჩემში ცეცხლი გაქრა“, - იხსენებს ის. „სინათლე გამიქრა თვალებიდან“.

განსაკუთრებული ბრაზით ბრიტნი მამაზე საუბრობს, რომელიც მის მეურვედ ჯერ კიდევ მაშინ დასახელდა, როდესაც მომღერალს ნერვული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. 13 წლის განმავლობაში, სწორედ ჯეიმს სპირსი განაგებდა როგორც ბრიტნის ფინანსებს, აგრეთვე მის მთლიან ცხოვრებას. მემუარებში, ბრიტნი მამას აღწერს, როგორც ალკოჰოლიკს და წარუმატებელ ბიზნესმენს; „უგუნურ“ და „ცივ“ ფიგურას, რომელიც ყოველთვის ზედმეტ ტვირთს ჰკიდებდა შვილებს და აბუჩად იგდებდა მეუღლეს.

„ახლა, მე ისევ შემიძლია ვჭამო შოკოლადი“ - ბრიტნი სპირსის ისტორია ნამდვილად სულისშემძვრელია და ვერავინ შეძლებს მისი მემუარების წაკითხვას ემოციების გარეშე.

ზევით