„ფედრა ცეცხლის ალში“: ნინო ხარატიშვილის პიესის მსოფლიო პრემიერა

28, 29, 30 ოქტომბერს, სამეფო უბნის თეატრში, გერმანიაში მოღვაწე ქართველი დრამატურგის, რეჟისორისა და მწერლის, ნინო ხარატიშვილის სპექტაკლის „ფედრა ცეცხლის ალში“ საპრემიერო  ჩვენებები გაიმართება. სამეფო უბნის თეატრის მაყურებელმა ნინოს შემოქმედება სპექტაკლით „ლივ შტაინი“ გაიცნო, სადაც პიესის ავტორად და დამდგმელადაც თავად მოგვევლინა, მას შემდეგ თეატრის კედლებში გერმანულენოვანი მწერლის არა ერთი პიესა დადგმულა, ახლა კი სამეფო უბნის თეატრი და ნინო დიდი პრემიერისთვის ემზადებიან.

პიესის შესახებ: ფედრა, ათენის მეფის თეზევსის ცოლი, დაიღალა. დაიღალა წლების განმავლობაში საკუთარი სურვილების შენიღბვით, ხალხის სიყვარულით განებივრებული დედოფლის როლის თამაშით და შორეულ წარსულში მინოტავრის დამმარცხებელი გმირი მეუღლის ჩრდილში ყოფნით. თითქოს ადგილს ვეღარ პოულობს. მხოლოდ ქმრის დანამატ სამკაულად გრძნობს თავს. სასახლის მტკიცე გალავნითაა გარშემორტყმული და ჩიხში ექცევა. სამეფოში ახალი სარძლოს, მომხიბვლელი პერსეას გამოჩენით კი ყველაფერი თავდაყირა დგება. ფედრა თითქოს ლაბირინთში ეხვევა და ხანგრძლივი ძილის შემდეგ ფხიზლდება, უფრო და უფრო თამამდება, ახსენდება ის, რაც უკვე დიდი ხანია დაავიწყდა:
საკუთარი თავი.

ძალაუფლებისთვის ბრძოლით შეპყრობილი, რელიგიური და სახელმწიფო მმართველების ხელში ფედრას ბედნიერების ძიება მომაკვდინებელ იარაღად იქცევა.

ბერძნული მითის თანამედროვე ინტერპრეტაციით, მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილი ადამიანის თავისუფლების და საზოგადოებრივი ნორმების ურთიერთკავშირების, პოლიტიკურ-რელიგიური ინტრიგების შესახებ მოგვითხრობს.

სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია biletebi.ge-ზე, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, სამეფო უბნის თეატრმა სპექტაკლის ჩვენებები 20, 22 და 23 ნოემბერს დაამატა.

ზევით