#ფოტოამბავი

ნინო ძანძავას გამოფენა „ლურჯი დღიური“ გალერეა 4710-ში

გაზიარება:

27 ოქრომბერს, გალერეა 4710-ში, ნინო ძანძავას გამოფენა - „ლურჯი დღიური“ გაიხსნება, რომელიც EU4Dialogue პროექტის ფარგლებში, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მიერ გახლავთ ორგანიზებული. წარმოდგენილი ნამუშევრების სერია სპეციალურად გამოფენისთვის შეიქმნა. ნამუშევრები უკამერო ფოტოგრაფიული პროცესის, ხატვისა და ბეჭდვის ტექნიკის გამოყენებით, შერეულ მედიაშია შესრულებული (ციანოტიპია, აკრილის მარკერი, ტუში ქაღალდზე).

სერია ინსპირირებულია აფხაზეთში ომამდე გადაღებული სამოყვარულო ფოტოებით, რომლებიც ნინომ სოხუმში, თბილისში, ლიმბურგში, თესალონიკსა და სხვა ადგილებში მოიძია.

ომის დასრულებიდან 30 წლის თავზე, ის წარსულის ვიზუალურ სახე-ხატებს თანამედროვე კონტექსტში ათავსებს და ისტორიული მასალის არტისტულ ინტერპრეტაციას მიმართავს. საოჯახო ფოტოებიდან ნამუშევრებზე აღმოჩენილი სხვადასხვა ეროვნების ადამიანები იმ მიღმიერი სამყაროდან იმზირებიან, რომელიც დიდი ხნის წინ გაქრა. მათ მზერაში და სხეულებში კვლავაც იკითხება სიხარული თუ დარდი, ფოტოს გადაღების მომენტში რომ განიცდიდნენ. მაგრამ აჩრდილებს დროის კვალიც ეტყობათ - არტისტი უარს ამბობს დაკონსერვებული დროის ილუზიის შექმნაზე.

წარსულს ის ომის შემდეგ ცხოვრებაზე რეფლექსიას ამატებს და დროის შრეებში გახვეული საზიარო მეხსიერების გამოხმობით სვამს კითხვას მომავლის შესაძლებლობაზე.

გამოფენა პარასკევს, 27 ოქტომბერს გაიხსნება და 5 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მისამართი: გალერეა 4720, ამაღლების N19

ზევით