#კინო

,,რიპლი“ - ნეტფლიქსის მინისერიალი ნიჭიერი მისტერ რიპლის შესახებ

გაზიარება:

| თეო კარანაია |

ტომ რიპლი ამერიკელი მწერლის, პატრიცია ჰაისმითის პერსონაჟია. ფსიქოლოგიური ტრილერი 1955 წელს გამოქვეყნდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ჯილდოც დაიმსახურა. 1956 წელს ნომინირებული იყო ედგარ ალან პოს ჯილდოზე საუკეთესო მოთხრობის კატეგორიაში, ხოლო 1957 წელს მოთხრობამ საუკეთესო კრიმინალური ნაწარმოების ჯილდო დაიმსახურა. 2019 წელს მისტერ რიპლის ისტორია BBC-მ 100 ყველაზე შთამაგონებელ ნაწარმოებთა სიაში შეიტანა. ტომ რიპლის თავგადასავლებმა წიგნის ფურცლებიდან კინოეკრანებზეც გადაინაცვლა.

ნიჭიერი მისტერ რიპლი, პირველი ფილმი, ალენ დელონი, 1960

1960 წელს, რენე კლემენტის რეჟისორობით, წიგნის ადაპტაცია მოხდა. ფილმში ,,კაშკაშა მზე“ იმ პერიოდის ამომავალი ვარსკვლავი, ალენ დელონი მონაწილეობდა. ნაწარმოების კიდევ ერთი, უფრო წარმატებული ეკრანიზაცია ,,ნიჭიერი მისტერ რიპლი“ გახლავთ, რომელმაც პატრიცია ჰაისმითის მიერ შექმნილ პერსონაჟს საყოველთაო აღიარება მოუტანა. ენტონი მინგელას რეჟისორობით შექმნილ ფილმში 90-იანი წლების გამორჩეული სახეები, მეტ დეიმონი, გვინეტ პერტლოუ და ჯუდ ლოუ მონაწილეობენ.

ნიჭიერი მისტერ რიპლი, ფილმი, გვინეტ პელტროუ, ჯუდ ლო, მეტ დეიმონი, ფილმი

ფილმი იმ პერიოდის დახვეწილი სტილით, ამერიკული ესთეტიკითა და მსახიობების განსაკუთრებულად ორგანული თანამშრომლობით გამოირჩევა. მსახიობთა ამ სამეულის მიერ შესრულებული როლები, დღემდე ბევრი კინომოყვარულისთვის შთაგონების წყაროა. კინომოყვარულებთან ერთად ფილმს ინსპირაციისთვის მოდის მოყვარულებიც მიმართავენ, რადგან მასში კარგადაა ნაჩვენები იმ ეპოქის სტილი და საერთო ესთეტიკა.

ნიჭიერი მისტერ რიპლი, ფილმი, სერიალი, netflix, ნეტფლიქსი, თრეილერი

ამჯერად, ნიჭიერი და მოხელთებული მისტერ რიპლის ისტორიას ნეტფლიქსი ახალ მედიუმში, ტელესერიალში გააცოცხლებს. ვარსკვლავური სამეული კი ასე გამოიყურება: ენდრიუ სკოტი ტომ რიპლის პერსონაჟს განასახიერებს, დაკოტა ფენინგი მერჯი შერვუდის როლს მოირგებს, ხოლო ახალბედა ბრიტანელი მსახიობი, ჯონ ფლინი ახალგაზრდა მილიონერის და რიპლის სამიზნის, დიკი გრინლიფის როლში მოგვევლინება. ნეტფლიქსის ახალი, 9 ეპიზოდისგან შემდგარი მინისერიალი, სახელწოდებით ,,რიპლი“, ტელეეკრანებზე 4 აპრილს გამოჩნდება. მანამდე, მაყურებელს ტელესერიალის ტრეილერის ნახვის შესაძლებლობა აქვს.

აღსანიშნავია, რომ სერიალი 60-იანი წლების ესთეტიკის შენარჩუნების მიზნით, შავ-თეთრ ფერებშია გადაღებული. რეჟისორის, სტივენ ზაილიანის თქმით, ჰაისმითის ნაწარმოებზე ფიქრისას, მხოლოდ შავ-თეთრი კადრების წარმოდგენა შეეძლო და ნაწარმოების ვიზუალური რეპრეზენტაციაც მხოლოდ ამ ფორმით ესახებოდა.

ზევით