მეამბოხე მხატვარი

ეთერ ჭკადუა ამერიკაში მცხოვრები ქართველი ხელოვანია. მისი ნახატები ამერიკის, იაპონიის და ევროპის მრავალ ცნობილ გალერეაში იფინება. ქართველი ხელოვანის ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყანაში, კერძო კოლექციებში ინახება.

ეთერ ჭკადუა

შემოქმედის გზა

ხატვა ძალიან ადრეული ასაკიდან დავიწყე. მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც სკოლას, სადაც ჩვენ ვსწავლობდით, ცნობილი ქართველი მხატვარი, უჩა ჯაფარიძე ესტუმრა. მან ჩემი ნახატები ნახა, რომელიც სკოლის დერეფნის კედლებზე იყო გამოფენილი და აზრი გამოთქვა, რომ ხატვა უნდა გამეგრძელებინა. ეს იყო ბიძგი ჩემი მშობლებისთვის, სამხატვრო აკადემიაში მესწავლა. იმისათვის, რომ გამოცდები აკადემიაში ჩამებარებინა, თინა მაცაბერიძესა და თაზო ხუციშვილთან ვემზადებოდი ფერწერაში. სწორედ აქედან დაწყებული და აკადემიის უმეტესი წლები, იმპრესიონისტების გავლენის ქვეშ ვიყავი: ფუნჯის ჩქარი მოსმით ვამთავრებდი ფერწერას. ნახატები ხან მოდილიანის პორტრეტებს ჰგავდა, ხან კი სეზანის ნატურმორტებს. 18 წლის ასაკში თვალების ოპერაცია გავიკეთე, რადგან შორ მანძილზე თითქმის ვერ ვხედავდი, სათვალეებს კი ვერ ვეგუებოდი. ვფიქრობ, ამის მერე დაინტერესდნენ ჩემი თვალები მინიმალური დეტალებითა და ჩრდილებით, შესაბამისად ფერწერაც ვიზუალურად უფრო და უფრო ზუსტი გახდა. ჩემი სადიპლომო ნამუშევარიც −  „ნადირობა“ ბევრი ფიგურისა და დეტალისგან შედგებოდა. ამ ნახატზე მუშაობისას, ზეთის ისეთი ტექნიკა ვისწავლე, რომელშიც დღემდე ვმუშაობ. „ნადირობა“ ამერიკაში თან ჩამოვიტანე, როდესაც აქ პირველად 1988 წელს აკადემიის დამთავრების მერე ჩამოვედი. 

მეამბოხე ქალი

1996-2014 წლებში შესრულებულ ნახატებში გამოსახული ქალი ვიზუალურად მე მგავს. მხატვრობა ხომ ვიზუალური პოეზიაა. ჩვენ საკუთარ ემოციებსა და გრძნობებს ტილოზე გამოვხატავთ. როგორც პოეტი პირველ პირში ყვება ლექსს (გალაქტიონის „მე და ღამე“), ასევე მხატვარიც თავისი სახის გამომეტყველებით საკუთარ ემოციას გიზიარებთ და ამით უფრო ნამდვილსა და შთამბეჭდავს ხდის ნახატს.

ეთერ ჭკადუა

მეც, ზუსტად იმ პერიოდში პირადი ურთიერთობებისა და გრძნობების „კორიანტელში“ ვიყავი, რაც შესაბამისად აისახებოდა ჩემს ნახატებზეც. ამ პერიოდში ცნობილმა იტალიელმა არტდილერმა ჯიან ენცო შპერონემ ჩემი ნახატები ნახა და მათი შეგროვება დაიწყო. ენცოს აინტერესებდა ჩემი სახით, პირველ პირში მოყოლილი ჩემი განცდები − ის, რასაც გონება და ემოციები მკარნახობდნენ.  

New York, New York… 

ნიუ-იორკში ცხოვრების სწრაფი ტემპია. ყველა „ვორკოჰოლიკია“, ჩემსავით. ამ ქალაქში საკუთარ თავს, როგორც შინ, ისე ვგრძნობ. ნიუ-იორკში სხვადასხვა ტიპისა და ეროვნების ხალხი ცხოვრობს. აქ თანამედროვე მუსიკა, თეატრები, გამოფენებია, ასეთი ატმოსფერო კი ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, ყველა ახალგაზრდამ უნდა იცხოვროს ნიუ-იორკში რამდენიმე წელი. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, მინდა აქედან გავიქცე, რომ კვლავ დავბრუნდე. 

საქართველო...

ჩემი სამშობლოა, ფესვებია, ნოსტალგიაა...  ხანდახან ძალიან აუცილებელი სამყაროა მენტალურად, ზოგჯერ კი მოსაბეზრებელი და ერფეროვანი. „ჩვენი პატარა საყვარელი სოფელია“, − როგორც მას ემიგრანტები ვუწოდებთ ხოლმე ხუმრობით. 

აფხაზეთი

აფხაზეთთან ჩემი მეგრელი ბებია, ეთერ სოტკილავა მაკავშირებს, რომელიც გალის ძალიან ლამაზ სოფელ ოტობაიაში დაიბადა. ხშირად ჩავდიოდი აფხაზეთში, დღეს კი ის რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ვფიქრობ, აფხაზმა და ქართველმა ხელოვანებმა საერთო გამოფენა უნდა გავაკეთოთ, სადაც გულწრფელად მოვყვებით, თუ როგორ ვატკინეთ ერთმანეთს. ეს გამოფენა შესაძლოა ჩვენი მშვიდობიანი შერიგების დასაწყისი აღმოჩნდეს. 

ზევით