ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2025 დაიწყო

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 15 ოქტომბერს გაიხსნა და 19 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მსოფლიოს უდიდეს წიგნის ფორუმზე საქართველო წელს დემოკრატიისა და თავისუფლების გზავნილით წარსდგა. ჩვენი ქვეყანა პირველადაა წარმოდგენილი ახლად დაარსებული „საქართველოს წიგნის ასოციაციის“ მიერ, რომელიც როგორც დიდ, ისე მცირე გამომცემლობებსა და წიგნის მაღაზიებს აერთიანებს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, საქართველო, Frankfurt Book Fair 2025

ასოციაცია საგამომცემლო სექტორში არსებული გამოწვევების საპასუხოდ იმ ორგანიზაციების ინიციატივით შეიქმნა, რომლებმაც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„საქართველოს წიგნის ასოციაცია“ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ წიგნის ბაზრობაზე საქართველოს კოლექტიურ სტენდს წარადგენს. სტენდის მთავარი თემაა „Georgian Characters Standing up for Democracy and Freedom“, რაც ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური რეალობის ამსახველია. ეს არის სოლიდარობის გზავნილი ქართველი მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლებისგან, რომლებიც ქართველ საზოგადოებასთან ერთად სამართლიანობისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, საქართველო, Frankfurt Book Fair 2025

წლევანდელ ბაზრობაზე საქართველოს სახელით 9 ორგანიზაცია მონაწილეობს: ბუქმარკი – წიგნები ვაკეში, არტანუჯი, ინტელექტი, პალიტრა L, ზებრა, ზიარი, პოლინომიალი, სოვლაბი და სულაკაურის გამომცემლობა. ბაზრობის დღეებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პოლიტპატიმრების თემას. ასოციაციის სტენდზე გამოფენილია ზვიად რატიანის, მზია ამაღლობელის, ანდრო ჭიჭინაძის, ლუკა ჯაბუასა და ნინო დათაშვილის ფოტოები.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე „საქართველოს წიგნის ასოციაციის“ მონაწილეობა არამხოლოდ კულტურული, არამედ მკაფიო პოლიტიკური გზავნილია.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, საქართველო, Frankfurt Book Fair 2025, სალომე ბენიძე, ეკატერინე ტოგონიძე, ირაკლი კაკაბაძე

ამ დღეების განმავლობაში, სხვადასხვა თემებზე შეხვედრებს გამართავენ გვანცა ჯობავა, ეკატერინე ტოგონიძე, სალომე ბენიძე, ირაკლი კაკაბაძე, ბელა ჩეკურიშვილი, ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი, ლაშა ბუღაძე და გიორგი კანდელაკი.

ზევით