Sombr-ის სინგლს Back to Friends მილიონობით სტრიმი აქვს და დამიჯერეთ, ერთი მილიონი მარტო მე მეკუთვნის. თუ ჯერ არ იცნობთ 20 წლის ნიუ-იორკელ არტისტს, მაშინ წინ დიდი სიამოვნება გელოდებათ. Sombr-ი თანამედროვე მუსიკალური სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მოულოდნელ მოვლენად იქცა. ეს ბიჭი საკუთარი წესებით მოქმედებს და ინდიროკისა და პოპის ჟანრების განსაკუთრებულ მუსიკას ქმნის.
ვოკალი, ნოსტალგიური, თუმცა ფუტურისტული ჟღერადობა და კინემატოგრაფიული თხრობა, Sombr-ს ჩვეულებრივ ამომავალ ვარსკვლავად არ აქცევს, ის უკვე სამყაროს ქმნის და ყველასთვის მტკივნეულ თემებზე ძალიან ლამაზად მღერის.
სადებიუტო ალბომის I Barely Know Her გამოსვლის შემდეგ, Sombr-მა გვაჩვენა, რომ გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ვირუსულად გავრცელებული მუსიკოსი სოციალურ ქსელში.
სადებიუტო ალბომი I Barely Know Her
ეს პროექტი, რომელიც Spotify-ის გლობალური ალბომების ჩარტში ლიდერობდა და Billboard 200-ის ტოპ 15-ში მოხვდა, bedroom pop-ის სცენიდან დიდ სცენაზე გადასასვლელი ბილეთი აღმოჩნდა.
ალბომის ათივე ტრეკში, მოგეჩვენებათ, რომ მას ყველა გულგატეხილი ადამიანის ფიქრებში ძრომიალი შეუძლია და შემდეგ ცხოვრებისეულ გამოცდილებას მუსიკად აქცევს. მუსიკა სულში გვიძვრება და თითოეულ სტროფს დაუფარავი, შეულამაზებელი და ძალიან ადამიანური ემოციები მოაქვს.
Canal Street-ის ნოსტალგიურ სევდასა და 12 to 12-ის დისკოენერგიას შორის Sombr-ი საუკეთესოდ პოულობს ბალანსს, ისევე როგორც მდიდარ რიტმებში დაცურავს შესანიშნავად და განცდებსაც იდეალურად გადმოსცემს.
მისი უახლესი სინგლი 12 to 12 ახლად დაწყებული კარიერის კაშკაშა მომენტი უკვე გახდა. ეს ტრეკი 1970-იანებისადმი მიძღვნილი ოდაა თამამი ბასებითა და ნაზი ვოკალით. ამ ყველაფერს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს მუსიკალური ვიდეოც, რომელიც Dirty Dancing-ის შთაგონებითაა შექმნილი და მასში პოპის პრინცესად ქცეული ედისონ რეი მონაწილეობს.
მათ მიერ განსახიერებული ვიზუალური სურათი ვნების და ძიების შესახებაა.
ედისონ რეის თავისუფალი, ემოციური შესრულება Sombr-ის ენერგიას უხდება და ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მათი ქიმია მუსიკალურ სცენაზე მართლაც გამორჩეულია. ამ კლიპში Sombr-ი თავისი ინდიროკ ფესვებითა და დახვეწილი პოპითაა წარმოდგენილი, ხოლო რეი გვევალება როგორც კრეატიული ძალა, ერთად კი ახალი თაობის არტისტების დაუმორჩილებელ სულს გამოხატავენ, რომლებიც ჩარჩოებში ჩასმას არ ეგუებიან.
Sombr-ის ისტორია რამდენიმე ჰიტს გაცილებით სცილდება. მას შემდეგ, რაც 2022 წელს მისი სინგლი Caroline ვირუსული ჰიტი გახდა, Sombr-მა სკოლა მიატოვა და მთლიანად მუსიკას მიუძღვნა თავი. ეს რისკი გაამართლა ყველა იმ სიმღერამ, რომლის ავტორიც და პროდიუსერიც თავად გახლავთ და რომლებმაც გლობალური აუდიტორიის მოწონება დაიმსახურეს.
ამჟამად კი, Sombr თითქმის ყველა ინსტრუმენტზე უკრავს და გამოცდილ პროდიუსერ ტონი ბერგთან თანამშრომლობს, რომელიც მის ჟღერადობას სიღრმესა და მასშტაბურობას სძენს, ისე რომ ავთენტურობას არ უკარგავს.
Sombr-მა 2025 წლის VMAs-ზე Best Alternative კატეგორიაში გაიმარჯვა.
Sombr-მა სცენაზეც თავისუფლად იპოვა საკუთარი თავი. 2025 წლის VMAs-ის სცენაზე 12 to 12-ითა და Back to Friends-ით გამოსვლამ მუსიკოსი ერთ-ერთ ყველაზე განხილვად სახედ აქცია. მის პირველ ტურნეზე (Late Nights & Young Romance) დასასწრები ბილეთები კი უკვე სრულად ამოყიდულია.
ჩვენი რჩევა იქნება, ახლავე მოუსმინოთ ალბომ I Barely Know Her-ს, სადაც Sombr-ი გულისტკივილს ხელოვნების შექმნისთვის ინსპირაციად იყენებს, ნოსტალგიას მომავლისთვის საჭირო ენერგიად აქცევს, ხოლო სასოწარკვეთას გზის გასაგრძელებელ საწვავად. ყოველი სიმღერა, გამოსვლა და კლიბი პაზლის ნაწილია, რომლის აწყობის შემდეგად ვხედავთ ვარსკვლავს, რომელზეც გაგვიჭირდება რომ ვთქვათ, მხოლოდ ამომავალიაო.
მინისერიალი „სოხუმი“ 27 სექტემბერს კინოთეატრებსა და cavea.plus-ზე გამოვა. რეჟისორ გიორგი ბარაბაძის ნამუშევარი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული და სოხუმის დაცემის ბოლო დღეებს, 1990-იანი წლების პოლიტიკური დაპირისპირებებსა და გმირობის ისტორიებს ასახავს.