ლევან აკინი Interview with the Vampire-ის ადაპტაციის 2 სერიის რეჟისორია

წარმოშობით ქართველი, შვედი რეჟისორი ლევან აკინი ანა რაისის 1976 წელს გამოსული სენსაციად ქცეული ნოველის Interview with the Vampire-ის, ადაპტაციის რეჟისორად მოგვევლინება. როგორც IMDB-დან ირკვევა, აკინი 2022 წლის ადაპტაციის პირველი სეზონების მე-5 და მე-6 სერიების რეჟისორის მოვალეობას ირგებს.

ლევანმა რამდენიმე საათის წინ, Instagram-ის პირად გვერდზე, Interview with the Vampire-ის პირველი თიზერი გაგვიზიარა და დააანონსა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. 

ამერიკელი მწერლის, ანა რაისის ნოველამ დღის შუქი 1974 წელს იხილა, კლასიკად ქცეული ნაწარმოები მისტიკური არსებების - ვამპირების შესახებ მოგვითხრობს, მას სამი მთავარი გმირი ჰყავს: ლუი, ლესტატი და ხუთი წლის გოგონა კლაუდია, რომელიც ამ ისტორიის ყველაზე ტრაგიკული პერსონაჟია. ავტორი მეტად გამომსახველობითად აღწერს არა მხოლოდ საუკუნეების განმავლობაში გადაშლილ ეპოქებს – მე-18 საუკუნის ახალ ორლეანსა და ვიქტორიანული ეპოქის მიჯნასთან მდგარ ევროპას, არამედ ვამპირთა ისტორიასა და კულტურას.

Interview with the Vampire-მა განსაკუთრებული პოპულარობა 1994 წელს მოიპოვა, როდესაც ნილ ჯორდანმა ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ეკრანიზაცია წარუდგინა მსოფლიოს, ბრედ პიტის, ტომ კრუზის, ანტონიო ბანდერასისა და კრისტენ დანსტის მონაწილეობით, ფილმმა დიდ წარმატებას მიაღწია.

28 წლის შემდეგ კი მაყურებლისთვის ანა რაისის ნაწარმოები კიდევ ერთხელ გაცოცხლებდა და ადაპტაციაში მონაწილეობას წარმოშობით ქართველი რეჟისორიც მიიღებს. სერიალში მთავარ როლებს Game of Thrones-ის მსახიობი ჯეიკობ ანდერსონი (ლუი) და სემ რიდი (ლესტატი) შეასრულებენ.

სერიალის გამოსვლის თარიღი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია, რომ ანა რაისის კლასიკის ადაპტაციას - პირველი სეზონის 7 სერიას 2022 წლის დასრულებამდე AMC-ს ეთერში ვიხილავთ.

ზევით