#მხატვრობა

კულტურული გზამკვლევი: 5 მიმდინარე გამოფენა თბილისში, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

გაზიარება:

ჯგუფური და სოლო გამოფენები, ფერწერული ტილოები, მონოქრომული გრაფიკული სკეტჩები თუ მულტიმედია შოუ, თბილისში ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოფენა მიმდინარეობს, რომელთა დიდი ნაწილის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება და გირჩევთ, მათი სტუმრობა კვირის to do list-ში მოინიშნოთ, საგამოფენო სივრცეებისა და მათი გამოფენების გზამკვლევის როლს კი თქვენთვის დღესაც შევასრულებთ.

ალექსეი დუბინსკი Zoltar. Master of Fate

გამოფენის ხანგრძლივობა: 29 აპრილი - 22 ივნისი 

მისამართი: ე.ტატიშვილის 9, თბილისი

გალერეა Window Project-ი წარმოგიდგენთ ალექსეი დუბინსკის სოლო გამოფენას სახელწოდებით „ზოლტარი. ბედის ოსტატი“, რომელიც ამ პროექტისთვის შექმნილ ფერწერულ ტილოებსა და მონოქრომატულ გრაფიკულ სკეტჩებს აერთიანებს.

გამოფენის სათაური, ისევე როგორც, ერთ-ერთი ნამუშევრის სახელი, მხატვრული ფილმ Big-ით არის ინსპირირებული, თუმცა ფილმის პერსონაჟისაგან განსხვავებით, დუბინსკიმ „ბედის ოსტატის“ წინ ბავშობაში დაბრუნება „ჩაიფიქრა“, არამხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ დამთვალიერებლისთვისაც, რომელიც გამოფენაზე შესვლისთანავე , „დიდ პატარა სამყაროში“ აღმოჩნდება. ნებისმიერ ზრდასრულს ერთხელ მაინც უფიქრია, თუ რამდენად განსხვავებული იყო პროპორციებისა და მასშტაბების აღქმა ბავშვობაში. დუბინსკის ამ ნამუშევრების თვალიერებისას, ბავშვობის ეს განცდა ახლდება. ხელოვანის ნაივური, თითქოს ბავშვის ნახატი გიგანტური ყვავილები და ცისარტყელები, ჩიტები და ზღაპრის მსგავსი პერსონაჟები, აღვიძებს მოგონებებს ბავშვობაში სამყაროს აღქმის შესახებ.

SEPO - თენგიზ სეფიაშვილი

გამოფენის ხანგრძლივობა: 20 აპრილი - 27 მაისი

მისამართი: „რადისონ ბლუ ივერიას“ საგამოფენო სივრცე

გამოფენაზე წარმოდგენილია ბოლოდროინდელი სერიებიდან შერჩეული ნამუშევრები, სადაც ერთდროულად არის სირთულე და სიმარტივე, — თითოეულ მათგანში დამოუკიდებელი ისტორიაა, იქნება ეს პირადი ასოციაციით აღმოცენებული კადრი, თუ მოგზაურობის, ან თეატრალური მოტივის ამოუცნობი შინაარსის მომცველი კომპოზიცია. ხშირად აქცენტები დასვენების, გართობის, ეროტიკის, ბუნებასთან ურთიერთობის თემებზეა და გადმოიცემა გროტესკული, ანიმაციური მოდელირებით, სადაც შეფარულად, მაგრამ ყოველთვის არის ეგზისტენციალური ელემენტი სევდის ნოტებით.

ემირ ბურჯანაძე, ნინო საკანდელიძე - ნაპრალთან ახლოს სიჩუმეა

გამოფენის ხანგრძლივობა: 8 აპრილი - 28 მაისი

მისამართი:  The why not gallery, დავით აღმაშენებლის გამზირი 150

გამოფენა ორი განსხვავებული თაობისა და პრაქტიკის მქონე ხელოვანის, ემირ ბურჯანაძისა (1937-2014 წწ.) და ნინო საკანდელიძის (1985წ.) შემოქმედებას წარმოადგენს. ენა - იდენტობა, გარემო - შინაგანი ძიება, დრო - ისტორია, პირადი - კოლექტიური, ფარული - ცნობიერი... ამგვარი დიალექტიკური კითხვების განგრძობადი ჯაჭვი მთავარ თეზისებად, საპირისპირო პოლუსთა მთლიანობად არის წარმოდგენილი ნაპრალთან ახლოს, იქ, სადაც სიჩუმეა.

გამოფენა, როგორც ამ სიჩუმეში გაცხადებული დიალოგი, ურთიერთმონაცვლე ცნებებს, განსხვავებულ შემოქმედებით მიდგომებსა და ეპოქალურ ნიშნულებს განავრცობს. დიალოგური კავშირით შექმნილი საგამოფენო განზომილება რეალობის განახლებულ ვერსიებზე გვაფიქრებს. გამოფენაზე „შეხვედრა“ ამ ორი ხელოვანის ვიზუალურ დიალოგში განხორციელებული აქტია. ერთი ოჯახის ორი სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი სიმბოლურად იმგვარ ცხოვრებისეულ რეალობაზე გვაფიქრებს, სადაც დროითი დისტანცია შემოქმედებით, კულტურულ მახასიათებლად ვლინდება. რა არის ის ზღვრული კონცეფციები, რომლითაც მეტყველებს ქართული ხელოვნება? როგორია კულტურული იდენტობის საკითხის გააზრება XX საუკუნის 60-იან წლებში მოღვაწე ხელოვანისა და XX-XXI საუკუნის მიჯნაზე დღევანდელი დროების თანამედროვე ვიზუალური ხელოვანისთვის?

ნიკა ქუთათელაძე - სახლი არის ჩემი მეზობელი

გამოფენის ხანგრძლივობა: 20 აპრილი - 28 მაისი

მისამართი: Gallery Artbeat, ინგოროყვას ქუჩა 14

ხელოვანი ცვალებადი კონტექსტების მაგალითზე აგრძელებს პოეტური და სიმბოლური ნარატივის ძიებას. ამჯერადაც სივრცითი მოგზაურობა კარგად სტრუქტურირებულ სიურეალურ, დრამატულ სცენარს ემსგავსება. ხელოვანი ერთსა და იმავე სივრცეში აერთიანებს ორ განსხვავებულ რეალობას. ქართული სოფლის საშინაო სივრცე ალტერნატიულ რეალობად ითარგმნება და განივრცობა სიზმრისეულ, მირაჟულ მოცემულობად.

მას შემდეგ, რაც მავნებელი ფაროსანები ადგილობრივ მკვიდრთა განუყოფელ ნაწილად იქცნენ, შეიცვალა მათი ყოველდღიური ყოფაც. ნელ-ნელა სოფელი დაცარიელდა, გადინების პროცესი გაიზარდა, შეიცვალა გაცვლის და ვაჭრობის ფორმებიც. ამ ყველაფრის კვალდაკვალ, ყალიბდება თხრობის სცენა, სადაც ვხედავთ, თუ როგორ ხდება ნასახლარი სივრცეების ხელახალი ათვისება უცხო პირთა მიერ და მათი ახალი მნიშვნელობებით დატვირთვა. მიმდინარე ყოფით ცვლილებებზე დაკვირვება ავლენს წარმოსახვით დიალოგს გადასახლებულთა და სოფელში დარჩენილ პირთა შორის საგნებისა და სივრცის საშუალებით.

დამთვარიელებელი სივრცეში ინტეგრირებისას მოგზაურის როლს ირგებს და სრულიად უნებლიედ ხვდება სოფლის მიტოვებულ საცხოვრებელ სახლში. სივრცე მთლიანად ჩაძირულია მარადმწვანე დაფნის ფოთლებით. აქ თითქოს ადამიანების თანაყოფნა უკუგდებულია, თითქოს ისინი სიჩუმეში ჩნდებიან და სიჩუმეშივე ქრებიან, როგორც მომენტალურად გაცხადებელი პოეტური ხილვები. ბუნებრივი და ხელოვნური სინათლის ურთიერთქმედება ბადებს დინამიურ და იმერსიულ გარემოს, რომელიც მნახველს უბიძგებს, გამოიკვლიოს ადამიანის ყოფნის მიღმა დატოვებული კვალი. აქ თითქოს გაორებული მდგომარეობა იქმნება, სადაც თანადროულად იშლება და იხატება წარსულის კვალი. სივრცეში არსებული ყველა ელემენტი თითქოს ერთ დიდ ჯაჭვს ქმნის და წარმოსახვით

ლივლივი 

გამოფენის ხანგრძლივობა: 28 აპრილი - 20 მაისი

მისამართი: ს. ჯანაშიას ქუჩა 13

„ლივლივი“ - თამარ გიორგაძის, თეო ბურკის და ნინა წოწორიას ჯგუფური მულტიმედია შოუა. ერთგვარი პოსტ-პანდემიური რეფლექსიით გახსნილ სივრცეებზე. მენტალური და ფიზიკური დისლოკაციები, სიმულაკრებსა და სიზმრისეული სურვილების მეტაფიზიკურ და მეტამორფულ განწყობებს ააქტიურებს და ჩნდება ახალი ზედნადები ფანტასმაგორული სამყარო, სადაც სრულიად მიწიერი ცხოველმყოფელი ანტურაჟი დამოუკიდებელ ცვლადებად იშლება. ვიზუალური კომპონენტების ახლიდან გადათამაშება და აბსტრაქტულად განლევა შლის ფიგურატიული ცნობადობის ხაზს და მიანიშნებს სხვადასხვა განზომილების მისწრაფებებზე. გადათამაშებული და სხვა დომენიდან შემოჭრილი ზერდაპირებისგან მოცილებული აზრებისა და ლანდების ფრაგმენტული სურათები კი საბოლოოდ მაინც ახალ ზედაპირზე ტივტივდებიან და მხატვრულ გრავიტაციულ ველებზე ახლებურად ლივლვებენ.

ზევით