#მხატვრობა

კულტურული გზამკვლევი: 5 მიმდინარე გამოფენა იანვარში, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

გაზიარება:

ჯგუფური და სოლო გამოფენები, ფერწერული ტილოები, მონოქრომული გრაფიკული სკეტჩები, თუ მულტიმედია შოუ - თბილისში ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოფენა მიმდინარეობს, რომელთა დიდი ნაწილის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება და გირჩევთ, მათი სტუმრობა კვირის to do list-ში მოინიშნოთ. 

1. შავი ხვრელის წვეულება - ნათია საპანაძე

ლოკაცია: The why not gallery

გამოფენის ხანგრძლივობა: 20 დეკემბერი - 25 თებერვალი

ნათია საპანაძე,

ნათია საპანაძის პირველი პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით „შავი ხვრელის წვეულება“, The Why Not Gallery-ში ძალიან ბნელ ღამეში კოსმოსური მტვრისგან შექმნილი ოცნებების თანავარსკვლავედია. ამ ტილოებზე მბრუნავ უფსკრულებში ვარსკვლავები მივიწყებული სურვილებივით გიკრავენ თვალს, ღვთიური არსებები კი თავდავიწყების უფსკრულზე ცეკვავენ. საფანაძის პირველი პერსონალური გამოფენა შემოქმედის გულში გიწვევთ, სადაც სილამაზე სევდის ჩრდილში ყვავის.

Natia Sapanadze, ნათია საპანაძე,

ნათია საპანაძე ხატავს არა ფუნჯით, არამედ სულის ნერვული დაბოლოებით. თითოეული გფუნჯის მონასმი არის ადამიანის გამძლეობის მოწმობა, თავხედი ციმციმი ყოვლისმომცველი სიბნელის წინაშე. ამ დღესასწაულის სტუმარი ანგელოზის მსგავსი ფიგურები, თავიანთი წარმოუდგენლად წაგრძელებული კიდურებითა და ამოუცნობი თვალებით, უფსკრულის იდუმალი იმედის მცველები და ნუგეშის სიმბოლოები არიან. ისინი გვაახლოებენ, გვპირდებიან ნუგეშს მორევის სიღრმეში და დემონებტან დაპირისპერებაში სიმამაცეს გვმატებენ.

Natia Sapanadze

„შავი ხვრელის წვეულება“ არის მოგზაურობა ადამიანის ფსიქიკის ყველაზე რთულ კუთხეებში, მოგზაურობა იმედის ნანგრევებში და ფენიქსის მსგავსი ამაღლება ცისკრის შუქში. ეს არის შეხსენება, რომ სილამაზე უფსკრულშიც კი შეიძლება აყვავდეს და უკუნი სიბნელეც კი ერთმა ვარსკვლავმა გაანათოს.

2. რბილ ქსოვილში შემალული - ნატა ვარაზი

ლოკაცია: The why not gallery

გამოფენის ხანგრძლივობა: 20 დეკემბერი - 25 თებერვალი

ნატა ვარაზი

ნატა ვარაზის პირველ პერსონალურ გამოფენაზე წარმოდგენილია თვითნასწავლი ხელოვანის ფერწერული ტილოები. მძაფრად ჩანს ხელოვანის ვიზუალური ენა, რომელსაც პედანტური, დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწია.

ნატა ვარაზის მხატვრული ხედვა არ ცდილობს აღწეროს რეალობა. ხელოვანი ქმნის სიზმრისეულ კომპოზიციებს, რომლებიც კავშირშია ფანტასტიკურსა და ირაციონალთან. ეს სურეალისტური გამოსახულებები რეალობიდან ირეალურში გადასვლის მომენტებზეა. ნახატებში ხშირად მეორდება ფანჯარა, სარკმელი, გარღვეული კედელი, რომლებიც რამოდენიმე, პარალელურად მიმდინარე რეალობის კავშირს გვაჩვენებს. 

ნატა ვარაზი

ნამუშევრები ერთგვარი ექსკურსიაა ხელოვანის ბავშვობის გამოცდილებებსა და მოგონებებში, ფრთხილად შენიღბულ ტკივილებსა და სიხარულებში. ვარაზის ნამუშევრებს გააჩნია ემოციური სიღრმე, რომელიც დელიკატურად იჭრება ქვეცნობიერში და ნაზად აღწერს ემოციურ ქარტეხილებს, გრძნობებს, შიშებსა და შფოთვებს.

ნატა ვარაზი

ხელოვანი თავისი ნახატების მთავარი გმირია, რომელიც სხვადასხვა სიმბოლოში გარდაიქმნება. იგი ყოველთვის შორიდან აკვირდება განვითარებულ მოვლენებს, რაც მის მეტად ინტროვერტულ განწყობას უსვამს ხაზს. უსაზღვრო ენერგიით გაჟღენთილ ნახატებზე მყიფე, მოუხელთებელი სუბსტანციები მაგიურ ძალებად გადაიქცევა და ადამიანის სულიერ მოგზაურობას აღწერს.

3. ვიღაცა ურევს - ბექა საყვარელიძე

ლოკაცია: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

გამოფენის ხანგრძლივობა: 21 დეკემბერი - 29 იანვარი

გამოფენა „ვიღაცა ურევს“ მხატვრის დამოკიდებულების დემონსტრირებაა სტაგნაციისა და სამყაროში ძალების იმგვარი გადანაწილების მიმართ, სადაც მასას გამოყოფილი ინდივიდებს ხშირ შემთხვევაში „ამრევების“ სახელი ეწოდებათ. ეს არის მინიშნება იმაზე, რომ ერთმანეთის მიმბაძველობით გამოწვეულ სიყალბეში ყოველთვის გარიყულები რჩებიან ისინი, ვისაც ჰყოფნით გამბედაობა, ჰქონდეთ საკუთარი აზრი, ისინი, რომლებსაც გააზრებულად, ან უნებლიეთ ერთგვაროვნებისა და ერთფეროვნების, სტატიურობისა და მონოტონურობის რღვევის სურვილი უჩნდებათ. მხატვრის ინტერესი პერსონების მიმართ მათი ღრმა ფსიქო-ემოციური მდგომარეობის მისეული ხედვისა და დამოკიდებულების ჩვენება გამოფენის კონცეფციის თანმდევი ხაზია. მისი სურვილია, გამოფენამ მიანიშნოს პროცესზე, სადაც მთავარი ადამიანია, მაგრამ გარშემო არსებული კლიშეები და ქაოსი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მძიმე ფსიქოლოგიურ დრამად გადაიქცევა, იწვევს მოჩვენებით მდგრადობას, ყველაფერი არსებითი კარგავს მნიშვნელობას და მდორედ ერევა ხელოვნურად შექმნილ წესრიგს - გამოფენის კურატორი ელისო ჯულაყიძე.

დამთვალიერებელი პირველად იხილავს ტილოებს, რომლებიც ამ დრომდე მხოლოდ კერძო კოლექციონერებისთვის იყო ცნობილი და ნამუშევრებს, რომლებიც კონკრეტულად ამ გამოფენისთვის შეიქმნა. უახლოეს მომავალში ბექა საყვარელიძე ახალ გამოფენაზე სამუშაოდ ბელგიაში გაემგზავრება. გამოფენას აპრილში ბელგიასა და ბენელუქსის ქვეყნებში მოქმედი ერთადერთი ქართული გალერეა „ერისთავი“ წარმოადგენს.

4. კბილის ტკივილი პარიზში - ბესო უზნაძე

ლოკაცია: Gallery Artbeat

გამოფენის ხანგრძლივობა: 16 დეკემბერი - 4 თებერვალი

ბესო უზნაძის ნამუშევრებში არსებობის არარსებობასთან მიმართება საკმაოდ ღრმა და რთულ ონტოლოგიაში ვლინდება. მხატვარი თითქოს ერთ დიდ ფსიქოგრამულ რუკას ქმნის, სადაც აღწერილია სხვადასხვა მდგომარეობა, იქნება ეს ტრავმა, შიში, ფრუსტრაცია, გაუცხოება თუ გაურკვევლობა.

ის თითქოს გაშუალებულია და უახლოვდება არსებობის აბსურდულ ფორმებს. თუმცა, სინამდვილეში მას წინ უძღვის რიგი კომპლექსური ქვეტექსტები და ემოციური ფონი, რომლებიც განსაზღვრავენ მის შემოქმედებით კონტექსტს, იქნება ეს მიგრაცია, იდენტობის პრობლემატიკა, მწვავე პოლიტიკური თუ სოციალური ფონი. სწორედ ამ დროს, ალბათ მთავარი ამოსავალი წერტილი ერთბაშად კონცენტრირებული ინფორმაციისგან გამოთავისუფლება ხდება.

უზნაძის შემოქმედებაში აბსტრაქტულ ფორმამდე მისვლა შეიძლება განვიხილოთ, როგორც მრავალშრიანი იდენტობის აბსტარაგირების პროცესი. ხელოვანის თვითგამოხატვა სპონტანური მხატვრული აქციის საშუალებით ხდება, ის თითქოს ავითარებს რიტუალური ხატვის პროცესს. საღებავი პირდაპირ იატაკზე გაშლილ ტილოზე იფრქვევა, როგორც ფერადოვანი აფეთქება. მისი ფერწერები ორ მთავარ კომპონენტს - ხაზსა და ფერს ემყარება. ფერწერული ქსოვილი არეულ-დარეული, ზიგზაგისებური ხაზებით, სწრაფი ქმედებით და იმპულსური მოხაზულობებით ლაბირინთს ქმნის.

5. მეგობრები - მარიამ გიორგობიანი

ლოკაცია: Novo Gallery - ნოვო გალერეა

გამოფენის ხანგრძლივობა: 9 იანვარი - 9 თებერვალი

მარიამ გიორგობიანი

მარიამ გიორგობიანის გრაფიკული ნამუშევრები თავის თავში საოცრად თბილ ატმოსფეროს ატარებს. თითოეული ეს სცენა თითქოს ჩვენთვის უკვე ნაცნობია, ეს ადამიანები გვაგონებს ვინმეს, ან რაიმე მოვლენას ჩვენი ცხოვრებიდან, წაკითხულს, ნანახს, რამაც ჩვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, განვიცადეთ, შეგვიყვარდა და დაგვამახსოვრდა...
მარიამ გიორგობიანის სოლო გამოფენა სახელწოდებით „მეგობრები“ მხატვრის ბოლო პერიოდში შესრულებულ გრაფიკულ სერიებს აერთიანებს. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება მის მიერ მოხატული კერამიკული ჭურჭელი, რომელიც სტუდია „ნარის“ და მარიამ გიორგობიანის საერთო პროექტს წარმოადგენს.

მარიამ გიორგობიანი

„ხატვა მაბედნიერებს...ერთი პატარა ჩანახატიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ბედნიერების შეგრძნება რამდენიმე დღეს გამყვეს. დღის განმავლობაში ჩემი მხედველობის არეალში მოხვედრილი კომპოზიციები მეხსიერებაში კადრებად რჩება და შემდეგ ნახატებად გარდაიქმნება.
ხშირად ვხატავ ბავშვებს. ჩემთვის ძალიან ძვირფასი და შთამაგონებელია ბავშობის პერიოდი და მასთან დაკავშირებული ემოციები- ძლიერი და წრფელი...“ (მ.გ.) 

ზევით