კი ჰუი ქუანის დაუჯერებელი ისტორია: „შენი ოცნებების უნდა გჯეროდეს“

„ჩემი მოგზაურობა ნავზე დაიწყო, ერთი წელი ტოლვილთა თავშესაფარში გავატარე და როგორღაც აქ აღმოვჩნდი, ჰოლივუდის უდიდეს სცენაზე… ამბობენ, რომ ასეთი ისტორიები მხოლოდ ფილმებში ხდება, ახლაც ვერ ვიჯერებ, რომ ეს მე შემემთხვა, ეს არის ამერიკული ოცნება!“ - ახდენილი ამერიკული ოცნების შესახებ მსოფლიოს კი ჰუი ქუანმა 12 მარტს, ლოს-ანჯელესში დოლბის თეატრის სცენიდან უამბო. ვიეტნამში, 9 შვილიან ოჯახში დაბადებულმა ბიჭმა ძალიან დიდი გზა გაიარა იმისათვის, რომ 1 კვირის წინ, ყველა მსახიობისთვის სანატრელი ჯილდო, 51 წლის ასაკში პირველად დაეჭირა ხელში და საკუთარი შთამაგონებელი ისტორია მოეყოლა, საკუთარი თავისა და ოცნებების რწმენის შესახებ.

ბევრი ემიგრანტი ოჯახის მსგავსად, კი ჰუი ქუანის მშობლებსაც სურდათ, რომ მათი შვილი ექიმი ან იურისტი ყოფილიყო, მათ სურდათ შვილებს ისეთი პროფესიები აერჩიათ, რომელიც მათ ეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფდა მომავალში. შესაძლოა, სხვა ცხოვრებაში ქუანს მშობლების დარიგებისთვისაც მოესმინა, მაგრამ ამ რეალობაში მისი ბედი ერთმა დღემ განსაზღვრა, დღემ, როდესაც უფროს ძმას ქასთინგზე გაყოლილი 12 წლის კი ჰუი, ინდიანა ჯონსის გვერდით იდეალურ პარტნიორად წარმოიდგინეს და ბიჭს კინოსამყაროს საოცრებათა ქვეყანაში გაუძღვნენ.

„1978 წელს ვიეტნამში ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი და მოულოდნელად ჩემმა მშობლებმა ქვეყნიდან გაქცევა გადაწყვიტეს. ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ დედაჩემს, ჩემს პატარა ძმას და ჩემს რამდენიმე დას დამაშორეს. შუაღამე იყო, როცა მამაჩემი, ჩემი ხუთი და-ძმა და მე ნავით გავექეცით. ჩვენ ჰონგ კონგში ჩავედით და პოლიტიკური თავშესაფრის მიღებამდე, მთელი წლის განმავლობაში ლტოლვილთა ბანაკში ვცხოვრობდით... შემდეგ, თვითმფრინავში ჩავჯექი და ლოს-ანჯელესში პირველად დავეშვი. ეს იყო 1979 წელს“ - იხსენებს კი ჰუი ქუანი.

ინდიანა ჯონსთან ერთად ეკრანებზე გამოჩენიდან 1 წლის შემდეგ, კი ჰუი ქუანმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი მოირგო, განძის მაძიებელი ბიჭუნას ისტორია The Goonies-ში თითქოს დიდი წარმატების წინაპირობა იყო, თუმცა ფილმს უდიდესი სიჩუმე მოჰყვა. 30 წლის განმავლობაში, ქუანი მრავალჯერ დაიწუნეს ქასთინგებზე, არსად ჩანდა როლი შესაფერისი კი ჰუისთვის და პირიქით... ამ წლებში ქუანი კადრს მიღმა აგრძელებდა მუშაობას: X-Men-სთვის საბრძოლო ქორეოგრაფად და რეჟისორ ვონგ კარ ვაის პროექტების ხელმძღვანელად, პროდიუსერულ სტუდია Jet Tone Films-ში. სწორედ აქ გაიცნო ქუანმა მომავალი მეუღლე ექო, რომელსაც მსახიობის ახლანდელ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის, 20 წლის მანძილზე, სწორედ ექო იყო ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც კი ჰუი ქუანის ოცნებას აცოცხლებდა „დამიჯერე, შენი დრო მოვა“, ეუბნებოდა ის მეუღლეს და არც შემცდარა.

„შენი ოცნებების უნდა გჯეროდეს, მე ლამის უარი ვთქვი ჩემსაზე“ - აღნიშნა აცრემლებულმა მსახიობმა კარიერის ყველაზე ბრწყინვალე ჯილდოს მიღების შემდეგ და მისი სიტყვების სინამდვილეში ეჭვი წამითაც არ გვეპარება. წარმოიდგინეთ, 30 წელი ელოდოთ თქვენს შანსს, ელოდოთ დღეს, როდესაც თქვენი მიზანი რეალობად იქცევა, უფრო მარტივი იქნებოდა ქუანს საკუთარ ოცნებაზე უარი დიდი ხნის წინ ეთქვა, მაგრამ დოლბის თეატრის სცენაზე, ყველაზე სანატრელი ოქროსფერი ჯილდოთი ხელში დგომა ზუსტადაც რომ იმ თავგანწირვას მოითხოვს, რომელიც კი ჰუი ქუანმა გამოიჩინა.

„მასწავლეს,რომ არასდროს არაფერი დამებრალებინა სხვისთვის. თუ რამე ისე არ მიდის, როგორც თქვენ გინდათ, ეს ან იმიტომ ხდება, რომ საკმარისად კარგად არ იმუშავეთ ამისთვის, ან საკმარისად არ ეცადეთ... არ მიყვარს წარსულში ყურება და თქმა: „ღმერთო ჩემო, რა ცუდი იყო!“ მირჩევნია აწმყოზე ვკონცენტრირდე და ვიცი, ასე ყველაფერი გამოვა“ - კი ჰუი ქუანი.

ზევით