ჯონი დეპი ჯეკ ბეღურას როლზე დაბრუნებას განიხილავს
ჯონი დეპი კაპიტან ჯეკ ბეღურას როლზე დაბრუნებას არ გამორიცხავს, თუ ახალი ფილმი ფრენჩაიზის ისტორიას ღირსეულად დაასრულებს.
Netflix-ი ახალ პროექტს, The Tupac Tapes with Angie Martinez-ს ამზადებს. ოთხეპიზოდიანი ვიდეოპოდკასტი ტუპაკ შაკურთან 1996 წელს ჩაწერილი ინტერვიუს აქამდე გამოუქვეყნებელ ნაწილებს გააერთიანებს. სერიის პრემიერა 27 ნოემბერს შედგება.

ინტერვიუ რადიოწამყვანმა ენჯი მარტინესმა რეპერის ლოს-ანჯელესის სახლში, მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვით ადრე ჩაწერა. თავდაპირველად ეთერში საუბრის მხოლოდ ნაწილი გავიდა. ამ მონაკვეთში შაკური განმარტავდა, რომ მისი უკმაყოფილება მთლიანად ნიუ-იორკს არ ეხება. მარტინესმა ჩანაწერიდან უფრო მწვავე და პროვოკაციული გამონათქვამები ამოიღო, რადგან შიშობდა, მათ შესაძლოა დამატებითი დაპირისპირება არ გამოეწვია. ეს ნაწილი თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში მის პირად არქივში ინახებოდა.
მარტინესი ტუპაკის გარდაცვალების დღესაც ეთერში იყო და მსმენელებს რეპერის დაღუპვის ამბავი თავად აცნობა. ახლა კი, თითქმის 30 წლის შემდეგ, მან გადაწყვიტა, საზოგადოებისთვის ინტერვიუს აქამდე უცნობი ნაწილებიც გაეზიარებინა.
ორიგინალ ჩანაწერებს თხუთმეტი სტუმრის კომენტარი დაემატება. მათ შორის არიან რეპერი RZA, ჯგუფ Outlawz-ის წევრი E.D.I. Mean, წამყვანები Charlamagne tha God და ჯო ბადენი, ჟურნალისტი დრიმ ჰემპტონი და კალათბურთელი მეთ ბარნსი.

მარტინესის თქმით, მას არ სურდა ისეთი მონაწილეების შერჩევა, რომლებიც ერთმანეთს მხოლოდ დაეთანხმებოდნენ და უკვე ცნობილ ისტორიებს გაიმეორებდნენ. მისი მიზანი ტუპაკის უფრო მრავალმხრივი პორტრეტის შექმნაა: არა წმინდანის ან ბოროტმოქმედის, არამედ ნიჭიერი, წინააღმდეგობრივი და ნაკლოვანებების მქონე ახალგაზრდა ადამიანის, რომლის სიტყვებიც ჰიპ-ჰოპის ისტორიის ნაწილია.
მარტინესი პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერიცაა. მისი აზრით, ეს ჩანაწერები აღარ უნდა დარჩეს პირად არქივში ჩაკეტილი და მათი მოსმენის შესაძლებლობა საზოგადოებასაც უნდა ჰქონდეს.