Netflix-ი ტუპაკ შაკურის აქამდე გამოუქვეყნებელ ინტერვიუს სერიებად წარადგენს
Netflix-ი 27 ნოემბერს ტუპაკ შაკურის 1996 წლის ინტერვიუს აქამდე გამოუქვეყნებელ ნაწილებს გაასაჯაროებს.
ხელოვნებას შეუძლია შექმნას სამყარო, სადაც ერთი შეხედვით ნაცნობი ფორმები და ფიგურები მისტიკურ და ორაზროვან სიმბოლოებად მოგვევლინოს. ასეთ სივრცეში რეალობა და წარმოსახვა ერთმანეთს ერწყმის, ჩვეულებრივი საგნები კი უჩვეულო მნიშვნელობებს იძენს. სწორედ ასეთ ფსიქოდელიურ სამყაროს წარმოგვიდგენს თამარ მაღლაფერიძე დადეშქელიანის სოლო გამოფენა „პეპელა მონარქი“, რომელიც ცამეტ ნამუშევარს აერთიანებს. როგორც მხატვარი აღნიშნავს, იდეის სისრულეში მოყვანას დიდი დრო დასჭირდა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, თემა ჯერ საკუთარი ხედვით გაეაზრებინა, შემდეგ კი სასურათე სიბრტყეზე გადმოტანის ისეთი ფორმა ეპოვა, რომელიც ინდივიდუალურ მხატვრულ ხელწერას გამოკვეთდა.

„პეპელა მონარქი“ გონების კონტროლის სიმბოლოა“, – აღნიშნავს მხატვარი.
სერიის ნამუშევრები მაყურებელს ფერად, სიურრეალისტურ ატმოსფეროში შესასვლელ კარს უღებს, სადაც თითოეულ პერსონაჟსა თუ საგანს თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს.

ერთ-ერთ ნამუშევარში ყურადღებას იქცევს ადამიანისა და ცხოველის როლების უჩვეულო აღრევა: ქალს ზებრის ნიღაბი უკეთია, კურდღელს კი კოსტიუმი აცვია. ნახატი დამთვალიერებლის წინაშე ერთგვარ თეატრალურ სანახაობად იშლება და უამრავ კითხვას ბადებს.

სწორედ ამ ვიზუალურ მრავალფეროვნებაში იკვეთება სერიის მთავარი თავისებურებები: სიურრეალისტური სიმბოლიკა და ხილულისა და უხილავის დაპირისპირება. სერია ერთმნიშვნელოვან განმარტებას არ გვთავაზობს და მაყურებელს საკუთარი ასოციაციებისა და წარმოსახვის თავისუფლებას უტოვებს, რაც მხატვრის მთავარი ჩანაფიქრიცაა.

თამარ მაღლაფერიძე-დადეშქელიანის შემოქმედება სხვადასხვა მხატვრულ მიმართულებას აერთიანებს. მისი პრაქტიკა მოიცავს ტრადიციულ ფერწერას, გობელენის ქსოვას, ვიდეოარტსა და ღვინით ხატვას. მხატვრის ნამუშევრები გამოფენილია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
გამოფენას მასპინძლობს სახელოვნებო და საგანმანათლებლო სივრცე Corridor, რომელიც სოფო კოლხიდაშვილისა და „ნიკო ქუჩის ხელოვნების ფესტივალის“ ერთობლივი პროექტია. მისი მიზანია, ხელოვანებს ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობაში შეუწყოს ხელი.