#მუსიკა

ჯოანა მალვიცი: ბერლინის ორკესტრის პირველი ქალი დირიჟორი, რომელსაც ლიდია ტარს ადარებენ

გაზიარება:

300-ზე მეტი წელია, რაც ბერლინი განუწყვეტლივ ცდილობს კლასიკური მუსიკის სამყაროში, გავლენიანი მუსიკალური ცენტრის სტატუსის მოპოვებას, შენარჩუნებას და განმტკიცებას. ამ ხნის მანძილზე პირველად, ბერლინის წამყვან ორკესტრს, პირველი ქალი ხელმძღვანელი ჰყავს და ის 37 წლის ჯოანა მალვიცი გახლავთ.

ჯოანა მალვიცი გერმანიის დედაქალაქის შვიდი დიდი ორკესტრიდან ერთ-ერთის, Konzerthausorchester-ის დირიჟორად და სამხატვრო ხელმძღვანელად გასულ თვეს დაინიშნა. 19 წლის ასაკში დაწყებული ბრწყინვალე კარიერის კვალდაკვალ, მალვიცი სამყაროს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკალურ დირექტორადაც გვევლინება, სახლის, რომელიც ბერლინის კლასიკური მუსიკის მდიდრულ სამყაროში, შვიდი დიდი ორკესტრითა და სამი ოპერის თეატრით ამაყობს.

რამდენიმე კვირის განმავლობაში, ლოკალურად - ბერლინის ქუჩები და გლობალურად - სოციალური ქსელები, ჯოანა მალვიცის ფოტოებმა მოიცვა. ალბათ, მხოლოდ ჯოანას დანახვაც საკმარისი იქნებოდა, თუმცა, ბონუსად, მისი ისტორიის ამოკითხვისას, თავში ტოდ ფილდის უახლესი ფსიქოდრამა - Tár ამოგვიტივტივდა და როგორც აღმოჩნდა, პარალელები ამ ორ ქალს შორის, მხოლოდ ჩვენ არ აღმოგვიჩენია. დასავლური მედია აქტიურად უსვამს ხაზს ჯოანა მალვიცსა და გამოგონილ ლიდია ტარს შორის მსგავსებებს, მეტიც, ამ თემაზე ჯოანას „გარდიანიც“ კი გაესაუბრა.

ქეით ბლანშეტი, ფილმში Tár

„ძალიან მინდა ფილმის ყურება და ვაღმერთებ ქეით ბლანშეტს, მაგრამ ისეთი ქარიშხალი იყო ჩემს ცხოვრებაში, დრო არ მქონდა ამისთვის... ჩემსა და მას (ქეით ბლანშეტს) შორის შედარებები მხოლოდ თმას ეხება, არა? სიმართლე გითხრათ, ხშირად მეუბნებოდნენ, რომ მე და ბლანშეტი ცოტათი ვგავდით ერთმანეთს... თუმცა, დარწმუნებული ვარ რომ მას წარმოდგენაც კი არ აქვს ჩემზე“ - განუცხადა მალვიცმა The Guardian-ს. 

ტოდ ფილდის ოსკარზე ნომინირებული არტჰაუსის, Tár-ის მთავარი გმირი ერთ-ერთი უდიდესი ცოცხალი კომპოზიტორი და გერმანული ორკესტრის პირველი ქალი მთავარი დირიჟორია, ისევე როგორც ჯოანა. კარიერული მიღწევებით, საქმისადმი სპარტანული თავდადებით, საოცარი ქარიზმითა და ნიჭის ზეიმით, შესაძლოა გვეფიქრა კიდეც, რომ რეჟისორმა ფილმი სწორედ ჯოანას ცხოვრებაზე გადაიღო, თუმცა ეს მხოლოდ მოულოდნელი დამთხვევაა.

სახელგანთქმული კარიერა, რომელიც მხოლოდ დასაწყისია

ბერლინი და Konzerthausorchester-ს ხელმძღვანელობა მხოლოდ უახლესი თავია მალვიცის შთამბეჭდავ კარიერაში, რომელიც 19 წლის ასაკში დაიწყო. 2014 წელს, Theater Erfurt-ში მუსიკალური დირექტორის პოზიციის დაკავებისას, 27 წლის ჯოანა, ევროპაში  ყველაზე ახალგაზრდა გენერალური მუსიკალური დირექტორი გახდა.

Theater Erfurt-ში დანიშვნის დღიდან, ჯოანამ კონტინენტის თითქმის ყველა ქალაქის მთავარ დარბაზში თავისი კვალი დატოვა, მათ შორის Nationale Opera Amsterdam-ში, Semperoper Dresden-ში, Royal Opera House Covent Garden-ში, Bavarian State Opera-ში, Frankfurt Opera-სა და Royal Danish Opera-ში. თუმცა, მალვიცის, როგორც მისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული დირიჟორის სახელი, კლასიკური მუსიკის ისტორიის წიგნში მელნით 2020 წელს დაიწერა, ზალცბურგის ფესტივალზე დებიუტის შემდეგ, სადაც ჯოანამ მოცარტის Cosi fan tutte შეასრულა.

წელს, ჯოანა მალვიცი  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, რომელიც იმ ხელოვანებს გადაეცემათ, რომლებიც ქვეყანაში განათლების, ერთიანობის, ხელოვნებისა და დემოკრატიის პოპულარიზებას უწყობენ ხელს.

Konzerthaus-ში მთავარი დირიჟორის მოვალეობის შესრულების პარალელურად, ჯოანა აშშ-ში Boston Symphony Orchestra-ში დებიუტისთვისაც ემზადება.

ზევით