#ფოტოამბავი

23 დეკემბრიდან გურამ წიბახაშვილის გამოფენა „პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან“ იხსნება

გაზიარება:

23 დეკემბერს ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, გურამ წიბახაშვილის გამოფენა „პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან“ იხსნება. გამოფენა ადამიანსა და გარემოს შორის შეუქცევადი ტრანსფორმაციის ორგანული კავშირის ასახვას ემსახურება. ის თბილისის ფოტო ფესტივალისა და თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმის მიერ არის ორგანიზებული და ფოტო ფესტივალის მე-12 გამოშვების დასკვნითი ღონისძიებაა.

პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან - იმ დროს, როდესაც განადგურებამდე მისულ ეკოსისტემაში ცოცხალი ორგანიზმები ნელ-ნელა ქრებიან, სივრცეები კი პოსტჰუმანურ პეიზაჟებს ემსგავსებიან.

პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან - იმ დროს, როდესაც აჩქარებულ თანამედროვეობაში დრო დაკვირვებისთვის ფუფუნებად ქცეული იშვიათობაა. ფოტოგრაფიული გამოსახულებისადმი ადამიანის დამოკიდებულებას ერთმნიშვნელოვნად თვითცენტრირებული ვნებები განსაზღვრავს, როდესაც მზერა მხოლოდ საკუთარი თავისკენაა მიმართული.

აჩქარებული დროის, ცვალებადი პეიზაჟებისა და გარემოს შეუქცევადი ცვლილებების რეალობაში, გურამ წიბახაშვილის გამოფენა „პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან“ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს.

ნამუშევრები ალტერნატიული ეკოსისტემის შექმნის მცდელობა უფროა, ვიდრე მხოლოდ ფოტოგრაფიული სერია. ამ ეკოსისტემის შესაქმნელად ხელოვანი გამოსახულებასა და ცოცხალ ორგანიზმებს ერთმანეთს უკავშირებს, სადაც თითოეული ერთგვარ სასიცოცხლო ციკლს გადის: დაკვირვებას, როგორც შემეცნების აქტს, ცოცხალი ორგანიზმების გადაღებას, როგორც გარდაუვალ არტისტულ აქტს და მათ შესახებ მეხსიერების შენახვას.

სწორედ ამ ორგანული ეტაპების გავლით, ფრთა-ფრთა, კიდურ-კიდურ ნაგროვები პეპლებით, ხოჭოებითა და კალიებით, ღერო-ღერო, ფოთოლ-ფოთოლ ნაგროვები ყვავილებით, მცენარეებითა და ბალახებით, ფოტოგრაფიულ გამოსახულებაში აღბეჭდილები მეხსიერების საიმედო საცავში თავსდებიან. გურამ წიბახაშვილი ქმნის საკუთარ ეკოსისტემას. ამით ცოცხალ ორგანიზმებს არსებობის ისტორიას უხანგრძლივებს, სადაც პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან.

„პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან“ 23 დეკემბერს 16:00 საათზე გაიხსნება, გამოფენის ნახვა დამთვალიერებლს 28 თებერვლამდე შეეძლება.

ზევით