#მუსიკა

GRAMMYS 2024: ტეილორ სვიფტის ისტორიული გამარჯვება და დაჯილდოების სხვა ტრიუმფატორები

გაზიარება:

მუსიკალური სამყაროს „ოსკარად“ წოდებულმა „გრემის“ 66-ე ყოველწლიურმა დაჯილდოებამ, 2022 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2023 წლის 15 სექტემბრამდე, საუკეთესო ჩანაწერების ავტორები, კომპოზიციები და შემსრულებლები გამოავლინა. გამარჯვებულები The Recording Academy-ის წევრების მიერ, 2024 წლის 4 თებერვალს შეირჩნენ. ხმისჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდო წელს 94 კატეგორიის გამარჯვებულებს გადაეცათ, რომელთა შორისაც იყვნენ საღამოს ტრიუმფატორები და ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი ნომინაციის მფლობელებიც. 

საუკეთესო მუსიკალური ალბომის წოდება ტეილორ სვიფტის ალბომმა - Midnights-მა დაისაკუთრა. პოპვარსკვლავმა გასულ ღამეს „გრემის“ ახალი რეკორდი დაამყარა და ისტორიაში ჩაიწერა, როგორც შემსრულებელი, რომელმაც ამ ნომინაციაში ჯილდო მეოთხედ მოიპოვა. ტეილორმა უკან მოიტოვა ფრენკ სინატრა, სტივი ვანდერი და პოლ საიმონი, რომლებსაც საუკეთესო ალბომის კატეგორიაში 3-3 გამარჯვება ერიცხებოდათ. სცენაზე ასულმა სვიფტმა სამადლობელი სიტყვის წარმოთქმისას მოულოდნელი განცხადებაც გააკეთა და ახალი ალბომის გამოშვება დააანონსა. გულშემატკივრებს, რომლებიც Reputation: Taylor’s Version-ის გამოსვლას მოუთმენლად ელოდებოდნენ, კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი, ახალი ალბომი - The Tortured Poets Department ერგოთ, რომელსაც სამყარო 19 აპრილს იხილავს.

დაპირებისამებრ, სცენიდან ჩამოსვლისთანავე, ტეილორმა The Tortured Poets Department-ის ალბომის გარეკანი Instagram-ზე გააზიარა.

მაილი საირუსმა 66-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, „გრემის“ პირველი ჯილდო დაისაკუთრა, საუკეთესო პოპ სოლო შესრულებისთვის (სიმღერისთვის Flowers). მაილიმ ეს მომენტი კიდევ უფრო საკულტო გახადა და კატეგორიის წარმდგენ მერაია ქერის მის გვერდით დგომა სთხოვა. Flowers-სთვის მაილიმ კიდევ ერთი, წლის საუკეთესო ჩანაწერის პრიზიც დაიმსახურა, რომელიც ჰიტად ქცეული სიმღერის სხვა შემოქმედებთან ერთად მიიღო.

2023 წლის საუკეთესო ახალი შემსრულებლის პრიზის მფლობელმა, სამარა ჯოიმ წლევანდელი ჯილდო R&B მომღერალს, ვიქტორია მონეს გადასცა. „ყველას, ვისაც გაქვთ ოცნება, მინდა, რომ ამ ჯილდოს შეხედოთ... დღეს, 15 წლის წინ დარგული ფესვებიდან, მიწის ზემოთ ვიმყოფები“, - განაცხადა მომღერალმა.

Dr. Dre Global Impact Award-ის მისაღებად სცენაზე ჯეი-ზი და მისი 12 წლის ქალიშვილი, ბლუ აივი ერთად ავიდნენ. ბლუ ბიონსეს მსოფლიო ტურნეს აქტიური მონაწილე იყო და ამჯერად, მხარდაჭერა მამას გამოუცხადა. სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას ჯეი-ზიმ „გრემი“ ირიბად გააკრიტიკა და 32 „გრემის“ მფლობელ მეუღლეს გამოექომაგა, რომელსაც წლის საუკეთესო ალბომის პრიზი არასდროს მოუგია.

საღამოს პერმფორმანსების მთავარ მომენტებში შევიდა "გრემიზე" 80 წლის ჯონი მიტჩელის პირველი შესრულება, ბოლო 17 წლის მანძილზე ბილი ჯოელის პირველი სინგლის გამოსვლა და ტრეისი ჩეპმენისა და ლუკ კომბსის ემოციური დუეტი. მოულოდნელი, თუმცა სასიხარულო იყო სცენაზე სელინ დიონის ხილვაც, რომელსაც რამდენიმე წლის წინ უკურნებელი ნერვოლოგიური დაავადება დაუდგინდა და მას შემდეგ საზოგადოების ყურადღების მიღმა ყოფნას ამჯობინებს.

დაჯილდოებას არ ჩაუვლია არც უსიამოვნო სიურპრიზების გარეშე. რეპერი Killer Mike, რომელმაც 3 „გრემი“ მოიპოვა, ცერემონიიდან პოლიციამ ხელბორკილებით გაიყვანა. აღმოჩნდა, რომ მუსიკოსს არენას ტერიტორიაზე კონფლიქტი მოუვიდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2024 წლის დაჯილდოებისთვის „გრემიმ“ პოლიტიკა შეცვალა და ნომინანტ მუსიკოსებს საღამოზე დასასწრები მხოლოდ თითო ბილეთი გადასცა. რაც გულისხმობდა, რომ +1 სტუმრის წამოყვანის მსურველებს, ბილეთის შეძენა თავად მოუწევდათ. ამ საკითხთან დაკავშირებით უკმაყოფილება ბევრმა არტისტმა სოციალურ ქსელში გამოთქვა. ერთ-ერთმა ისიც კი დაწერა, რომ ეს იქნებოდა დარტყმა ეგრეთ წოდებული „მუშათა კლასის“ მუსიკოსებისთვის, რადგან ბილეთების ღირებულება 375$-დან 2000$-მდე მერყეობს.

თქვენ როგორ შეაფასებდით 2024 წლის „გრემის“?

ზევით