გალერეა „ართბითი“ ავთო მესხის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს

„არაოფიციალური ხელოვნების“ ერთ-ერთი წარმომადგნელის, ავთო მესხის პერსონალურ გამოფენას გალერეა „ართბითი“ 23 თებერვლიდან, 7 აპრილის ჩათვლით მასპინძლობს. ავთო მესხი ალბათ ერთ-ერთი იშვიათი ხელოვანია, რომლის პრაქტიკაც ერთბაშად მოიცავს და უკავშირდება კუბიზმს, აბსტრაქციონიზმსა და კონსტრუქტივიზმს. მისი ნამუშევრები ხშირად ირეკლავენ ავანგარდისტული მოძრაობის გადააზრების და ესთეტიკური შესაძლებლობების გაფართოების მცდელობებს. ავთო მესხის პერსონალური გამოფენა 1981-1990 წლებში შექმნილ ფერწერულ ნამუშევრებს აერთიანებს.

ავთო მესხის მხატვრული ენა გეომეტრიული და ხაზოვანი პერსპექტივის ელემენტებით ხასიათდება. კვადრატოვანი და მართხკუთხა ფორმები წითელ, ლურჯ და თეთრ ფერებში ატარებენ აშკარა არქიტექტურული და ურბანული გარემოს ნიშნებს, რომლებიც თავისი რიტმულობით და წონასწორობით კომპოზიციურ ერთიანობაში იკვრებიან. მესხის მხატვრულ ფორმაში არქიტექტურული ობიექტები დანაწევრებული და ხელახლა გადააზრებულია. 

მესხის აბსტრაქტული ნამუშევრები გაჯერებულია რელიგიური და მითოსური ნიშან -სიმბოლოებით, რომლებიც სხვადასხვა გეომეტრიული ფორმებით ცოცხლდებიან.

1946 წელს, თბილისში დაბადებული ავთო მესხი, მხატვრობას ადრეული ასაკიდან დაეუფლა, ის ესწრებოდა ხელოვანების გაკვეთილებს, მოგვიანებით კი სწავლა ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში განაგრძო. ავთო მესხმა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება ორჯერ სცადა. როგორც წლების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრისას იხსენებდა: „არ გამომდიოდა ისე ხატვა, როგორც ხალხს მოსწონდა. ვუხსნიდი, რომ მთა–მთა იყო და ქვემოთ რომ არაფერი ეხატა, ასე იყო საჭირო“.

თინეიჯერობის პერიოდში მესხი, ავთო ვარაზს დაუახლოვდა და მასთან ერთად დაიწყო უცხოური ლიტერატურისა და თანამედროვე ხელოვნების შესახებ ცოდნის გაღრმავება. 1960-იან წლებში, როდესაც კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები ჯერაც არ არსებობდა, ხელოვნების სხვადსხვა დარგის წარმომადგენლები აზრებისა და ცოდნის მიმოცვლისთვის სალონურ შეხვედრებს აწყობდნენ. სწორედ, მსგავს სალონურ შეხვედრებზე გაეცნო ავთო მესხი ისეთ მხატვრების შემოქმედებას, როგორებიც პიკასო, მონდრიანი, მალევიჩი და სხვები იყვნენ...

ავთო მესხის შინაგანი პროტესტი იმდროინდელი პოლიტიკური წყობის მიმართ მეტად მძაფრი იყო, რომ მანდ ე.წ. „ანდერგრაუნდ“ ხელოვნებას შეაფარა თავი და ნონკონფორმისტად ჩამოყალიბდა. აღსანიშნავია, რომ მესხი თავის თანამედროვე მხატვრებთან მეგობრობდა, მაგრამ მისი ნამუშევრები ყოველთვის გამოირჩეოდა ინდივიდუალური ხელწერით და სრულიად განსხვავდება საბჭოთა პერიოდის სხვა ნონკონფორმისტებისაგანაც კი.

„მე ვეფუძნები რეალიზმს, რეალობას და რეალურ არსებობას. მე ავსახავ სიცოცხლეს როგორსაც მას მე ვხედავ, არა ფიქციურად. თუმცა ხელოვნება არ არის რეალური, ის ტოვებს რეალურ სამყაროს" - ავთო მესხი.

ზევით