#მუსიკა

ერიკ კარმენმა მუსიკის სამყარო 74 წლის ასაკში დატოვა

გაზიარება:

1963 წლის ზაფხულში, ოჯახთან ერთად დასასვენებლად წასულმა ფრენცისმა, თავისი ცხოვრების ორი სიყვარული, ჯონი და ცეკვა იპოვნა. Dirty Dancing-ის საკულტო წყვილის, ბეიბისა და ჯონის ისტორიას თან ერიკ კარმენის სიმღერა - “Hungry Eyes” გასდევს. ეს სიმღერა 80-იანი წლების ჰიტად იქცა და ბილბორდის ასი საუკეთესო სიმღერის ჩამონათვალში მეოთხე ადგილს 25 კვირის განმავლობაში იკავებდა.

 

ერიკ კარმენის სიმღერები ჩვენთვის საყვარელ, უამრავ სხვა ფილმშიცაა გამოყენებული. არტისტისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა ბალადა “All by myself”, რომელიც 1975 წელს გამოჩნდა და მსმენელის გულები მაშინვე დაიპყრო. სიმღერა, Jewel-ის, Jamie O’Neil-ისა და თვით ერიკ კარმენის შესრულებით ისეთი ფილმების საუნდტრეკია, როგორიცაა “ბრიჯიტ ჯონსის დღიური”, “Almost Famous”, “Clueless”. ამ სიმღერის ქავერ ვერსიამ კი სელინ დიონს წარმოუდგენელი პოპულარობა მოუტანა.

 



მომღერალი ოჰაიოს შტატში დაიბადა და ადრეული ასაკიდან უკრავდა რამდენიმე ინსტრუმენტზე. 1960-იანი წლები მისი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან სწორედ ის პერიოდი იდგა, მსოფლიოს The Beatles-ის, Rolling Stonesისა და Who and the Kink-ის ტალღამ რომ გადაუარა. ამ ბენდების შემოქმედებამ ახალგაზრდა ერიკზეც წარუშლელი კვალი დატოვა. უკვე პოპულარობის ზენიტში მყოფი კარმენი ამას თავის ვებგვერზეც წერდა.

 


მიყვარდა The Beatles, The Who, the Stones და the Beach Boys. მიყვარდა ბენდები, რომლებსაც წერა შეეძლოთ.

 

ერიკ კარმენი წარმატების გზას როკ-ენ-როლ ჯგუფთან, Raspberries-თან ერთად გაუდგა. ბენდი მალევე დაიშალა და მომღერალმა სოლო კარიერა დაიწყო. სწორედ მაშინ გამოუშვა ორი სადებიუტო სინგლი, All by Myself და Never Gonna Fall in Love Again. ერიკ კარმენმა მუსიკის ინდუსტრიაში ოთხ ათწლეულზე მეტი გაატარა. მან ძლიერი, უნიკალური ხმის წყალობით უამრავი თაყვანისმცემელი გაიჩაინა და თავისი სახელი პოპის ისტორიის ფურცლებზე დიდი ასოებით დაწერა.

 

 

კარმენი კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ჰიტის, "Almost Paradise"-ის თანაავტორი იყო, რომელიც ფილმისთვის, “Footloose", დაიწერა. საუნდტრეკს მაიკ რენო და ენ უილსონი ასრულებდნენ. სიმღერამ ერიკ კარმენს გრემის დაჯილდოვებაზე, ფილმისთვის დაწერილი საუკეთესო ალბომის კატეგორიაში ერთადერთი ნომინაცია მოუტანა.

 

 

სულ ცოტა ხნის წინ ერიკ კარმენის ვებგვერდზე, მუსიკოსის ცოლმა სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. 

 

უდიდესი მწუხარებით გიზიარებთ ერიკ კარმენის გარდაცვალების ამბავს.

მას უდიდეს სიხარულს გვრიდა იმის ცოდნა, რომ ათწლეულების მანძილზე მისი მუსიკა ამდენი ადამიანის გულს შეეხო.

ეს იქნება მისი სამუდამო მემკვიდრეობაც.

“Love Is All That Matters...Faithful and Forever”

- ეიმი კარმენი


მომღერალი 11 მარტს, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ როგორც ყველა უდიდესი არტისტი, ისიც მისი სიმღერების მოსმენისას ხელახლა და მარადიულად დაიბადება.

 

ზევით