​Პედრო ალმადოვარის შემოქმედება - ყველაფერი ქალების შესახებ

| ანნა მათიაშვილი |

მაშინ, როცა ამერიკულ კინოში მამრობითი სქესი დომინირებს, როგორც კადრში, ასევე კადრს მიღმა, განსხვავებული და საინტერესოა ესპანელი რეჟისორის პედრო ალმადოვარის ფილმები ქალებზე. ალმადოვარი ქალების გარემოცვაში გაიზარდა, ბავშვობიდან აკვირდებოდა მათ შორის არსებულ ურთიერთობებს, მათ ძალას, ემოციებსა თუ სისუსტეებს. ქალების სამყაროსადმი ინტერესიდან გამომდინარეობს ის, რომ მისი ფილმების ცენტრში მუდმივად მდედრობითი სქესის წარმომადგენლები გვხვდებიან.

პედრო ალმადოვარი, pedro almadovar

პედრო ალმადოვარი ესპანელი ქალების გვერდით გაიზარდა და მათი კარგად შეცნობაც მოახერხა. ამბობს, რომ ისინი მეტად ცოცხლები, პირდაპირები და აქტიურები არიან, არ ეშინიათ საკუთარი თავის გამოხატვის. მისი პერსონაჟები ნათლად ასახავენ იმ გარდამავალი პერიოდის შედეგს, რომელიც ესპანეთში ფრანკოს დიქტატურის დასრულებას მოჰყვა. წლების მანძილზე მიმდინარეობდა ესპანელ ქალებზე ოპრესია, ალმადოვარი კი გვაჩვენებს მათ განთავისუფლებულ, რეალურ სახეს - ქალებს, რომელთაც ყველაფერი შეუძლიათ. თანაც ალმადოვარი პერსონაჟებს წარმოგვიდგენს ყველაზე განსხვავებულად, არა კაცის თვალით დანახულ ან კაცების გარშემო, ერთგვარ პერიფერიებში მცხოვრებ ქალებს. რა თქმა უნდა, იგი არ უგულებელყოფს ქალების პრობლემებს და ფილმში “What have I done to deserve this” წარმოგვიდგენს მატრიარქალურ საზოგადოებაში მცხოვრებ, ქმრისგან დაჩაგრულ და დიასახლისობისგან დაღლილ ქალს. მთავარი ის პერსპექტივაა, რომლითაც ალმადოვარი ამ ქალებს გვისახავს: როგორც მთავარ პერსონაჟებს მათთვის მეტად რთულ სამყაროში.

 რისთვის ყოველივე ეს? 

pedro almadovar, პედრო ალმადოვარი

რეჟისორის პერსონაჟი ქალები სრულიად განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან. ფილმებში ვხვდებით დედებს, დიასახლისებსა თუ სექს მუშაკებს, მსახიობებს, ადვოკატებს, ფსიქიატრებს, მატადორებს და დედაოებსაც კი. წარმოდგენილნი არიან სხვადასხვა ასაკის ქალები, როგორც მუშათა კლასის, ისე “მაღალი საზოგადოების” წევრები, ჰეტეროსექსუალებიც და LGBTQ+ თემის წარმომადგენლებიც. ალმადოვარის არაერთ ფილმში გვხვდებიან ტრანსგენდერი ქალები, რომელთაც ასევ განსხვავებულად წარმოგვიდგენს, არა მათი გენდერის ცვლილების კუთხით, არამედ, როგორც რიგით ქალებს ქალების სამყაროში.

ქალები ნერვული აშლილობის ზღვარზე

პედრო ალმადოვარი, pedro almadovari

ფილმში  “Women on the verge of a nervous breakdown” ესპანელი რეჟისორი წარმოგვიდგენს ისტერიული ქალის არქეტიპს. ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ფილმი ქალების ირაციონალურებად და გიჟებად წარმოჩენას ემსახურება, თუმცა, სინამდვილეში საპირისპიროს აკეთებს. ალმადოვარის პერსონაჟებს არაერთი ტრავმული გამოცდილების გადატანა მოუწევთ, მათ შორის საყვარელი ადამიანების მოულოდნელი წასვლა, ნარკომანია თუ დეპრესია. შესაბამისად რეჟისორი გვაჩვენებს, რომ მათი რეაქცია საერთოდ არ არის ისტერიული და სრულიად რაციონალურად არიან ნერვული აშლილობის ზღვარზე.

ფილმი “ყველაფერი დედაჩემის შესახებ”

პედრო ალმადოვარი, pedro almadovar

ალმადოვარის ქალები მეტად რთული პერსონაჟები არიან, რეჟისორი ცდილობს ისინი სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციაში ჩააგდოს იმისათვის, რომ გვაჩვენოს ქალების ემოციების მრავალფეროვნება და კომპლექსურობა, მათი გამოცდილებებისა და ხასიათის სრულ სპექტრს წარმოგვიდგენს. ალბათ, ამიტომ არიან მის არაერთ ფილმში ქალები მკვლელების როლშიც. მისი ქალი პროტაგონისტები არ არიან წმინდანები და ისინი ძლიერებიც მხოლოდ მას შემდეგ ხდებიან, რაც გარკვეულ ტრავმულ გამოცდილებას ან კრიზისულ პერიოდს გადალახავენ. მაგალითად, როგორც ეს მანუელას შემთხვევაში ხდება შვილის გარდაცვალების შემდეგ, ფილმში “All about my mother”. დისკუსია ალმადოვარის ფილმებზე შეიძლება წარმოიშვას კადრში არსებული გმირების ქმედებების მორალურობაზე ან მათი გადაწყვეტილებების სისწორეზე, თუმცა ყოველთვის უცვლელია ის, რომ პედრო ალმადოვარის შექმნილ ქალებს აუცილებლად დრამატული, არაპროგნოზირებადი, რთული და საინტერესო ცხოვრება აქვთ.​

ზევით