#მუსიკა

CREAMS-ის ახალი მუსიკალური ვიდეორგოლი NEED TO TALK გამოქვეყნდა

გაზიარება:

სულ რამდენიმე დღის წინ, თანამედროვე ქართველმა არტისტმა ნათია ჭიჭინაძემ, სასცენო სახელით ცნობილმა როგორც Creams, ახალი მუსიკალური ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. Creams-ის ახალი ტრეკი 90-იანი წლების ნოსტალგიითაა გაჯერებული, რაც მუსიკალურ კლიპზეც ვლინდება. Need To Talk-ის რეჟისორი ავი მუსაიფია, სტილიზებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებები წყალტუბოს სანატორიუმში მიმდინარეობდა, მისტიკურ ლოკაციაზე, სადაც თამაშის გმირები ცოცხლდებიან. 

Need To Talk ეს არის ბალადა საკუთარი თავის გადარჩენაზე, გადარჩენაზე იმ ცხოვრებისეული გამოწვევების წინაშე, რომლებსაც ყოველდღიურად ვაწყდებით. ტრეკი ეხმიანება საკუთარ თავში გაჩენილ ეჭვს და ხშირად მისითვე პროვოცირებულ დაუცველობის შეგრძნებას, რომელიც ხშირად ღრმად არის ჩამალული და თავს პერიოდულად გვახსენებს.

Creams კონცეფციით დაწყებული, ვიზუალური იმიჯითა და სიმღერების ტექსტებით დამთავრებული, ყველაფერს თავად ქმნის.

გამოსვლიდან 2 დღეში, Need To Talk-მა Spotify's New Music Friday-ს ფლეილისთშიც დაიკავა ადგილი და ეჭვიც არ გვეპარება, რომ წინ კიდევ უამრავი წარმატება ელოდება.

ქართველი არტისტის ახალი ნამუშევარი იდეალური გაგრძელებაა Sleep On Me-ს სახელით შექმნილი მემკვიდრეობისა, რომელმაც პოპულარული სერიალის („ლუციფერი“) ერთ-ერთ ეპიზოდში გაიჟღერა. Need To Talk წარმოადგენს Creams-ის ეკლექტური შემოქმედებისა და ორიგინალური ვიზუალური იმიჯის ნაზავს, რაც, ყოველი ახალი პროდუქტის შექმნის შემდეგ არტისტისთვის უფრო ორგანული ხდება.

ნათია ჭიჭინაძემ მუსიკის წერა 14 წლის ასაკში დაიწყო, საკუთარი თავის აღმოჩენის პროცესი დიდი ხანი გაგრძელდა, დაახლოებით 4 წლის წინ კი პროექტით - Creams დაგვირგვინდა. ნათია leftfield electro pop ჟღერადობის მუსიკას ქმნის. პანდემიის პერიოდში ახალგაზრდა არტისტმა თანამშრომლობა ცნობილ ბრიტანულ ლეიბლთან - Awal-თან დაიწყო, რომელსაც ისეთი ლეგენდების სახელები უკავშირდება, როგორებიც მობი, ტომ იორკი, სტივ ლეისი და სხვები არიან.

ზევით