#მუსიკა

bye bye baby! - CREAMS-ის მოგზაურობა დედამიწაზე ამერიკაში გაგრძელდება

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

მომღერალი და პროდიუსერი ნათია ჭიჭინაძე, იგივე Creams, ქართული ხელოვნების აღმოჩენაა. ის თავისი შემოქმედების სახით, პარადოქსული ტექსტებითა და მითებიდან, სიზმრებიდან, თუ ლიტერატურიდან გადმოსული მელოდიებით, პანდორას ყუთს გვთავაზობს. ყველა სიმღერის სიღრმისეულად შეცნობა, ჩვენს ცნობიერსა და არაცნობიერში სამოგზაუროდ იდეალურ შესაძლებლობას იძლევა. მისი შემოქმედება ინსტიქტებისგან საზრდოობს და ისინიც, მუსიკოსს არასოდეს ღალატობენ. 

creams, natia tchitchinadze

The Diary-სთან საინტერესო ინტერვიუში, Creams თავისი შემოქმედების საწყისებზე, შინაგანი ამბოხისა და კომფორტის ზონის დატოვების მნიშვნელობაზე ყვება და მისი კარიერული განვითარების სამომავლო გეგმებსაც გვაცნობს. So, let's dive in!

თქვენი სიმღერების მოსმენისას, მთელ ორგანიზმში ბრძოლისა და ამბოხის შეგრძნება ჩნდება. ომში ხართ ჩაბმული, თანაც ძალიან კონკრეტული მისია გაქვთ. აი, მაგალითად PIE-ში გინდათ ადამთან გარიგება დადოთ, რომ ცოდვის აღიარებით, პასუხისმგებლობა ევასთან ერთად გაინაწილოს. საიდან მოდის ეს შინაგანი ამბოხი?

Creams: ზოგადად, მგონია, რომ ყველა ადამიანი პროტესტის ნიშნითაა დაბადებული და შინაგანად ყველას აქვს იმის შეგრძნება, რომ რაიმეს ან ვინმეს ეწინააღმდეგება. ჩემ შემთხვევაში, ეს გრძნობა გამძაფრებულია. ყველაფერთან მიმართებაში, იქნება ეს პოლიტიკა, თუ ურთიერთობები. საკუთარი თავის წინააღმდეგაც ხშირად მივდივარ. შეიძლება ჩემში ცუდი თვისებები დავინახო, რომელთა ჩემს ყოველდღიურობაში დარჩენაც არ მინდა, ამიტომაც მიჩნდება სურვილი შევებრძოლო მათ. ამბოხი, მგონია, რომ ძალიან ბუნებრივია ადამიანისთვის. უფრო უცნაური ის არის, როცა ადამიანს შეწინააღმდეგების სურვილი აქვს, მაგრამ კომფორტის ზონას არ სცდება და გარემოს ერგება.

ჩემთვის კომფორტის ზონაში ყოფნა ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც კი შეიძლება ადამიანმა დაუშვას, ამიტომაც ვარ საკუთარ თავთან მუდმივ წინააღმდეგობაში. 

creams, ნათია ჭიჭინაძე

ცნობილი ფაქტია, რომ ზოგისთვის არაცნობიერზე გამავალი გზა სიზმრებია, სხვისთვის ჰიპნოზი ან ხელოვნება. თქვენთან როგორ არის, მუსიკას ქვეცნობიერში ჩაკეტილი ფანტაზიისა და ფიქრების გამოსააშკარავებლად იყენებთ?

Creams: ქვეცნობიერი ისეთი რამაა, რომ მე ალბათ არც ვიცი, რა არის იქ. აი, სიზმრები ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილია. სიზმარი ძალიან მეხმარება ცხოვრებაში. მქონია შემთხვევა, რომ რაღაცის გადაღება ან ჩაწერა მინდოდა და არ გამოვიდა ისე, როგორც მინდოდა, მერე კი ამ სურვილის ალტერნატივა დამსიზმრებია, რომელიც, რაღაც მხრივ შეიძლება უფრო რეალური ყოფილიყო და გამოსულიყო კიდეც. ჩემი ინსპირაცია ძალიან ბევრი რაღაცისგან მოდის. ქვეცნობიერიდან უფრო სიმბოლური სახით მოდის, აი, ცნობიერია იმის წყარო, რაც მინდა რეალურად დავწერო და რაზეც ვლაპარაკობ. ქვეცნობიერი ამ პროცესს ეხმარება. სიმბოლიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემს ხელოვნებაში, პოეზიაც ძალიან მიყვარს.

 

სიმბოლიზმზე დაფუძნებული პოეზიაა ჩემი საყვარელი ჟანრი.

როცა გრძნობებზე არა პირდაპირ, არამედ გადატანითი მნიშნელობით საუბრობ, მაგალითად წერდე რაიმე საგნებსა თუ პლანეტებზე, და გულისხმობდე ადამიანებს. რადგან სიმბოლიკას ამხელა მნიშვნელობა აქვს, შეიძლება ეს ობიექტები ზუსტად ჩემს ქვეცნობიერშია. რაც იქაა დალექილი, დიდი შანსია, რომ ჩემს მუსიკაში ჩანდეს. ასე იმიტომ მგონია, რომ მუსიკის კეთებისას, ჰიპნოზურ მდგომარეობაში ვარ, თითქოს მე არ ვაკეთებ, რადგან როდესაც საბოლოო შედეგს ვუსმენ, მაშინ უფრო მეტს ვიგებ საკუთარ თავზე, ვიდრე მუსიკის შექმნის პროცესში. თუ მართლა გულით ვაკეთებ, ემოციები თუ ჩართული მაქვს, სულ ასეთ ჰიპნოზურ მდგომარეობაში ვვარდები და რაღაცეები ამხდენია კიდეც. მგონია, რომ არტისტისთვის ხელოვნებას აქვს რაღაც წინასწარმეტყველების უნარი.

რაღაცაზე რომ საუბრობ, ან წერ და რამდენიმე წლის შემდეგ რომ იმავეს მღერი, ხვდები რომ რაღაც მანტრა დაგიწერია, რომელიც უკვე ახდა.

ინტერვიუებში საქართველოზე როდესაც ლაპარაკობთ, სულ ახსენებთ, რომ ეს ქვეყანა დიდი ინსპირაციის წყაროა. ზღვა მასალას გთავაზობთ აქაური პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენები და მერე მათზე რეფლექსიით ქმნით მუსიკას. ასეთი ქვეყანა იყო გერმანიაც თუ სრულიად განსხვავებული გარემოა იქ?

Creams: საქართველო ჩემთვის ძალიან დიდი ინსპირაციაა. პოლიტიკური ფონით დაწყებული, ჩემი მეგობრებით დამთავრებული, რაც ბერლინში ამ დოზით არ მქონდა. იქაურობა უფრო მშვიდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ათასში ერთხელ მეც მინდება სიმშვიდე, ასეთი დიდი, ბერლინის დოზითაც არ იყო საჭირო. იქ უფრო მეტი იყო საწერი, მაგრამ იქაურობა ჩემთან ახლოს არ იყო. შეიძლება უფრო დიდხანს უნდა მეცხოვრა, 2 წელი ვიყავი მხოლოდ, ალბათ მეტი დრო უნდა გაატარო ქვეყანაში იმისთვის, რომ მისი ფონი მკაფიოდ დაინახო.

მაგრამ, სიმართლე გითხრათ, იმდენად არ მქონია სურვილი, რომ მე წავსულიყავი ბერლინისკენ, ის ჩემკენ წამოსულიყო და შემდგარიყო ჩვენი შეხვედრა. არ იყო ორმხრივი სიყვარული.

თან, სიცივე და სიბნელე არ მიყვარს, და იქ ორივე დიდი დოზითაა, ჰოდა, მაგაზე უფრო მეტს ვფიქრობდი ხოლმე, ვიდრე იმაზე, თუ რაზე მეწერა მუსიკა. ბერლინში ბევრი ტრეკი დავწერე, რომელიც გამოშვებული მაქვს, მაგრამ თითოეულში იგრძნობა ის სიბნელე და ეტყობა, რომ საქართველოში არცერთი დაწერილა. ალბათ ყველა გარემო რაღაც მხრივ საინტერესოა, მაგრამ ჩემთვის საქართველო განსაკუთრებით მიმზიდველი იმიტომ არის, რომ ყველაზე კარგად ვიცნობ მას და რაღაც რომ ხდება, ვიცი რატომ ხდება, ვიცი უკვე რა მომხდარა და რა არა, ან რამე თუ მეორდება. შესაბამისად სათქმელიც უფრო მეტი მაქვს საქართველოზე. 

 

რას ფიქრობთ, რა სიახლეს მოიტანს ამერიკა, რატომ გადაწყვიტეთ ამ ქვეყანაში წასვლა?

Creams: ჩემი რეკორდ ლეიბლი არის ამერიკაში და შესაბამისად, წასვლის პირველი მიზეზიც ეს იყო. მიუხედავად იმისა, რომ აქედანაც მაქვს კონტაქტი, მეილებით და ZOOM შეხვედრებით, ფიზიკურად იქ ყოფნა ჩემთვისაც და მათთვისაც უფრო საინტერესო იქნება. ამერიკაში წასვლა იმის გამოც გადავწყვიტე, რომ გერმანიასთან ან საფრანგეთთან შედარებით, იქ ენის ბარიერი არ მექნება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ტურისტებისთვის კარგია, როცა იქ სამუშაოდ მიდიხარ და როგორც არტისტს, რაიმე ღირებულის კეთება გინდა, ბიუროკრატიულ გარემოს ეჩეხები და მანდ ბაზისურ დონეზე მაინც გჭირდება ენის ცოდნა. ამერიკაში კიდევ ეგ პრობლემა არ მექნება. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ჩემი შემდეგი ნაბიჯიც შტატებში წასვლა იქნებოდა. თანაც, ინტუიციურად მომინდა ამ ნაბიჯის გადადგმა, და ხშირ შემთხვევებში ჩემს ინტუიციას ვენდობი.

 

დღევანდელი მონაცემებით ყველაზე დიდი ჰიტი Die 4 You არის. თქვენ როგორ ფიქრობთ, Creams რომ ერთი სიმღერა იყოს, მთელი შემოქმედებიდან რომელი იქნებოდა? 

Creams: მთელი შემოქმედებიდან ჩემი იდენტობა რომ გამოჩნდეს ეგ სიმღერა ჯერ არ გამომიშვია. თუმცა იმათგან, რომელიც უკვე გამოშვებულია, ალბათ Let Me Fight, იქნებოდა. ჩემი საყვარელი ტრეკია. ისე ხშირად ხომ ეგრეა, ბევრ არტისტს გამოუცდია ეგ გრძნობა. მე Die 4 You-ზე არასდროს მქონია ისეთი ემოციური ბმა, როგორიც ნებისმიერ სხვა ტრეკზე, რომელიც გამომიშვია. მაგრამ, უცნაური რამ მოხდა და ასე გავარდა. ისე Almighty-ც ძალიან მიყვარს…

ძალიან გაგვახარეთ Kordz-თან კოლაბორაციით. სასიამოვნო პროცესია სხვა არტისტებთან ერთად მუშაობა?

Creams: Kordz-თან კოლაბორაცია ძალიან კარგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კოლაბორაცია არ მაქვს, ამასაც უფრო რემიქსის სახე ჰქონდა. ერთად არ გვიმუშავია, იმ გაგებით, რომ სიმღერა არ დაგვიწერია ერთად, მაინც ძალიან საინტერესოა. რაღაცნაირი პროცესია, როცა შემოქმედება უკვე გაქვს და სხვა ადამიანი ცდილობს ის თავის შემოქმედებას მოარგოს. მე მგონი, საბოლოო ჯამში ძალიან კარგი გამოვიდა.

ხომ არ გეგმავთ ამერიკაში გამგზავრებამდე რაიმე ახლის გამოშვებას?

Creams: აპრილის ბოლოს, მაისში დასაწყისში, ჩემი პირველი, დიდი ალბომის პირველი სინგლი გამოდის. თვითონ ალბომი სექტემბერში გამოვა, ალბათ მაგ დროს უკვე ამერიკაში ვიქნები.

თუმცა ვფიქრობ, რომ იქამდე, ყოველ თვე (აგვისტოს გარდა) ამ ალბომიდან თითო სინგლს გამოვუშვებთ.

უკვე შერჩეულია ალბომის სიმღერები?

Creams: კი. პირველი ალბომისთვის 12 სიმღერა მაქვს მზად. ძალიან მიყვარს ეს ალბომი, ძალიან ბევრი სიმღერა დავწერე და მერე ამათგან გამოვიდა 12 ტრეკი. ეს თორმეტიც ალბომის კონცეფციას დავამთხვიე და მგონია, რომ ძალიან საინტერესო გამოვიდა. შეიძლება გზა და გზა რაღაცები შეიცვალოს, თუმცა, კი იმას ვიტყვი, რომ ეს ალბომი მზად მაქვს და სექტემბერიც, ზუსტად ვიცი, მალე მოვა და ალბომსაც მალეც დავარელიზებთ.

Creams x MORE is LOVE

ბოლოს, რამდენიმე რჩევას ხომ არ მისცემდით იმ გოგოებს, ვისაც პროდიუსერობა და მუსიკის კეთება უნდათ?

Creams: კი, მივცემდი, ძალიან ბევრ რჩევას... თუკი ვინმეს რაიმეს გაკეთება უნდა, უნდა გააკეთოს. ძალიან ბევრი ადამიანი შემხვედრია, მეტწილად გოგოები. როგორც გოგოს, გოგოები უფრო მიყვებიან ხოლმე, ეგეთ ამბებს. ბევრს უთქვამს, რომ ასაკის გამო არ აკეთებენ არაფერს, აი 10 წლის წინ უნდოდათ რამის გაკეთება და ახლა ძალიან გვიანია, ან თუნდაც პროდიუსერი ვერ იპოვეს. მე რომ მუსიკის კეთება დავიწყე, გიტარაზე და პიანინოზე ვწერდი სიმღერებს. არც ვიცოდი რომ არსებობდა ვინმე, ვინც მუსიკას თუ სიმღერას დაგიწერდა.

რეალურად, მუსიკის ინდუსტრია ეგრე მუშაობს, ჯერ სონგრაითერები უწერენ არტისტებს სიმღერებს, შემდეგ პროდიუსერები პროდაქშენს უკეთებენ.

ასეთი რამ არ წარმომედგინა საერთოდ. ძალიან გვიან გავიგე ამ ყველაფრის შესახებ, და უსამართლობის გრძნობა დამეუფლა. ახლა კი ვხვდები, რომ კარგიც იყო, ამდენ რაღაცას მე თვითონ ვაკეთებდი, როცა ვიღაც მომღერლები არსებობენ, რომლებიც ბოლოს ყველაფერს უბრალოდ ვოკალს ადებენ. ჩემთვის კიდევ ვოკალის ნაწილი მუსიკის შექმნის მთელ პროცესში ყველაზე მარტივია. ჯერ ხომ უნდა დაწერო, მერე arrangement-ის, production-ის პროცესი და ბოლოს თვითონვე უნდა ჩაწერო. ამ ყველაფერს მე ვაკეთებდი და ის არც კი ვიცოდი, რომ ამ ყველა ნაწილისთვის კონკრეტული ადამიანი არსებობს.

ეს რომ გავიაზრე, მივხვდი რომ ძალიან დიდი ბაზა მქონდა გავლილი, რაღაცნაირად მრავალმხრივ ძლევამოსილობის შეგრძნება დამეუფლა.

ამიტომ, ყველა გოგოს ვურჩევ, რომ საერთო ჯამში რაც შეიძლება დიდი კონტროლი ჰქონდეთ თავიანთ ხელოვნებაზე. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ, ან რამე თუ არ მოგწონს საკუთარ თავში, მუსიკაში ყველაფრის და ყველას ადგილია. ადგილი კი არა, კარგი მუსიკოსების და არტისტების დეფიციტიც კია. თუ ვინმეს რამის კეთება უნდა და ძილის წინ ფიქრობს, აუ, რა მაგარი იქნებოდა, მე რომ მომღერალი ან მუსიკოსი ვიყო, ესე იგი, ამის პოტენციალიც აქვს ამ ადამიანს. ისიც შეიძლება, გეგონოს, რომ რაღაც არასწორად გამოგივიდა და რეალურად რაღაც ფენომენალური შექმენი და ახალი სიტყვა თქვი ხელოვნებაში.

ამიტომ, ყველაფერს აქვს არსებობის უფლება და ყველამ უნდა სცადოს!

რაღაცა თუ გინდა, უნდა გააკეთო, არ არსებობს სწორი და არასწორი წესი. თუ რაღაცა ძალიან არასწორი ჩანს, მგონია რომ მიხვდები ბოლოს, რომ არასწორად აკეთებ და მორჩა, მერე უკეთესად გააკეთებ, ეგაა მთავარი.

მომღერალზე, რომელიც "საქართველოს ლას-ვეგასიდან" (ბათუმიდანაა), დასავლური მედია წერს:

"Creams: პოლიტიკურად განრისხებული დისტორპიური dark-pop საქართველოდან."

"Creams AKA ნათია ჭიჭინაძე ანდერგრაუნდ მოდისა და კულტურის ხატად იმკვიდრებს თავს, თავისი შთამბეჭდავი შემოქმედების წყალობით, როგორც თბილისის იმ ახალი თაობის ნაწილი, რომელიც საკუთარი ადგილის პოვნას პოლიტიკით კონტროლირებად ამინდში ცდილობს." 

ნათია ჭიჭინაძე

Creams-თან ინტერვიუ VOGUE Germany-მაც ჩაწერა. NME's New Music-ის ფლეილისთში მოხვდა არტისტის სიმღერა Need To talk. ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ Creams-ის ტრეკი, Sleep on me ნეტფლიქსის სერიალის,  Lucifer-ის ერთ-ერთ სერიაში გამოიყენეს. მოკლედ, მის ბიოგრაფიაში უკვე ბევრი თავი დაიწერა, მაგრამ მთავარი წინაა, წინ რა, ამერიკაში!

თქვენ კი, არტისტის შემოქმედების მოსმენა YouTube-ზე და Spotify-ზე შეგიძლიათ. 

ზევით