„ბიოგრაფიკა“ - ფიროსმანის კომიქსის სტილში მოყოლილი ბიოგრაფია

ბიოგრაფიკა, გიორგი გამეზარდაშვილი, George Gamez, George Gamez Publishing,

შაბათს, 26 ნოემბერს, ფაბრიკას საგამოფენო სივრცეში, George Gamez Creative Studio-ს საგამომცემლო ხაზის გახსნა - George Gamez Publishing-ის პირველი წიგნის პრეზენტაცია მოეწყობა. „ბიოგრაფიკა“ ასე ეწოდება სერიას, რომელიც გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების ცხოვრებას თანამედროვე კომიქსის სტილში გვიამბობს. „ბიოგრაფიკის“ პირველი ნაწილი ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფიას მიეძღვნა, წიგნში სახალისოდაა მოთხრობილი ფიროსმანის და მარგარიტას ისტორია, ისტორია, რომელმაც მხატვრის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

ბიოგრაფიკა, გიორგი გამეზარდაშვილი, George Gamez, George Gamez Publishing,

გრაფიკული ბიოგრაფიების სერია 8 წლიდან ზემოთ ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა სამართლიანი იქნება იმის აღნიშვნაც, რომ საკმაოდ კრეატიული თხრობის მანერით, „ბიოგრაფიკა“ მარტივად დააინტერესებს ზრდასრულებსაც.

ბიოგრაფიკა, გიორგი გამეზარდაშვილი, George Gamez, George Gamez Publishing,

„ბიოგრაფიკის“ შექმნის იდეის, მისი კონცეფციისა და სამომავლო გეგმების შესახებ იდეის ავტორისა და მხატვარ/დიზაინერისგან George Gamez-სგან (გიორგი გამეზარდაშვილი) მოვისმენთ:

George Gamez Publishing-ის პირველი წიგნის პრეზენტაცია - რა გზა გაიარეთ ამ დღემდე მოსასვლელად?

ბევრი წელი ვხატეთ, ბევრი წელი ვიფიქრეთ, მრავალმხრივი გამოცდილება მივიღეთ. ამ დროის მანძილზე სხვადასხვა ბეჭდური პროდუქტი შევქმენით, რომლებიც ჩვენს საჩუქრების ბრენდში Gifts by Gamez გაერთიანდა. წიგნზე მუშაობა „ბიოგრაფიკის“ პირველი წიგნის შექმნა კი 2019 წელს დაიწყო.

როგორ გაჩნდა წიგნი-კომიქსის შექმნის იდეა?

საჩუქრად, საბავშვო წიგნის ძებნისას, გამიჩნდა იდეა თავად შემექმნა წიგნი სრულად ორიგინალური, არათარგმნილი, სპეციალურად დახატული ილუსტრაციებით. ფიროსმანის თემატიკა მუდმივად აქტუალურია, იმ მომენტშიც ასე იყო, მარტივად გადავწყვიტე სწორედ ნიკალაზე ამეწყო ისტორია.

მწერალ, დავით ბაბიაშვილთან ერთად შევადგინეთ კონცეფცია, ტექსტი, ნინო ქუთათელაძეს და Digital LAB-ის ტექნიკური მხარდაჭერით კი დავიწყეთ სამუშაო პროცესი. საბოლოოდ, აღმოვაჩინეთ, რომ პირველი წიგნი მხოლოდ საწყისია სერიისა, სახელწოდებით „ბიოგრაფიკა“, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სფეროს ქართველ მოღვაწეთა ცხოვრებიდან რეალური ფრაგმენტების ჩვენეულ სტილში წარმოჩენას.

როგორ აქციეთ საბავშვო სერია საინტერესო ზრდასრულთათვის?

კონცეფცია უპირატესად საბავშვოა, მაგრამ ორიგინალური „სთორითელინგის“ დამსახურებით ზრდასრულთათვისაც ძალზედ საინტერესოა.

რა არის ბიოგრაფიკის სერიის მთავარი მიზანი?

„ბიოგრაფიკის“ მთავარი მიზანი, მაინც ალბათ პატრიოტულ მოტივებში უნდა ვეძებოთ. ჩვენი ქვეყნის ისტორიას ბევრი ღირსეული პერსონაჟი ქმნიდა და ქმნის. ვიფიქრე, ახალი საუკუნის თაობისთვის, რომელიც სმარტფონზე ჰაერივითაა დამოკიდებული, მათთვის გასაგები, სახალისო და მარტივი სტილით გაგვეცნო ეს საამაყო ხალხი, ხაზგასმით მსურდა წიგნის ფორმატით მომხდარიყო ეს ამბავი.

კიდევ რომელი სფეროს ქართველ წარმომადგენლებს შეიძლება ველოდეთ ბიოგრაფიკის სერიაში?

მომდევნო სერიებისთვის მოიაზრებიან: გალაკტიონი, ვაჟა-ფშაველა, შოთა რუსთაველი, ირაკლი ჩარკვიანი, ოტია იოსელიანი, გოდერძი ჩოხელი, მიშა მესხი, ბარბარე ჯორჯაძე, კახი კავსაძე და სხვები...

ზევით