#მხატვრობა

ბელგიის დედოფალმა მატილდამ გამოფენა „საქართველო: შეხვედრების ადგილი“ დაათვალიერა

გაზიარება:

ბელგიის დედოფალმა მატილდა დ’უდეკემ დ’აკომ ბრიუსელის ხელოვნებისა და ისტორიის სამეფო მუზეუმში მიმდინარე გამოფენა - „საქართველო: შეხვედრების ადგილი“ - დაათვალიერა. დედოფალი საქართველოს კულტურას, ისტორიას და ხელოვნებას ნეოლითის პერიოდიდან მოყოლებული გაეცნო და ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 200-მდე ექსპონატი დაათვალიერა.

ქართველი და ევროპელი მეცნიერების მიერ ერთობლივად შემუშავებული საგამოფენო კონცეფცია ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის მრავალმხრივად წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა, ნეოლითის ხანიდან დაწყებული, XVIII საუკუნის ჩათვლით. გამოფენის ლაიტმოტივია „საქართველო, როგორც ცივილიზაციათა შეხვედრის ადგილი“. 

ექსპოზიციაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღვინო, როგორც უძველესი კულტურული ფასეულობა საქართველოში, რომელიც სულ მცირე 8000 წელია იწარმოება. 

გამოფენა, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის „ევროპალიას“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელშიც საქართველო, სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს. ბელგიის მეფე ფილიპემ და დედოფალმა მატილდა დ’უდეკემ დ’აკომ საერთაშორისო ფესტივალი ,,ევროპალია-საქართველო" ოფიციალურად 4 ოქტომბერს გახსნეს.

გამოფენის - „საქართველო: შეხვედრების ადგილი“ - კურატორები არიან ბერნარ კული და ნინო სიმონიშვილი, თანაკურატორი - მარი-ევი ტეხი.

ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში გამოფენა 2024 წლის 18 იანვრამდე გაგრძელდება. ბელგიის შემდეგ, „საქართველო: შეხვედრების ადგილი“ ისეთ მუზეუმებში გამოიფინება, როგორებიცაა: ლუვრი, მეტროპოლიტენის მუზეუმი, ბერლინის ეროვნული ბიბლიოთეკა და ტიროლის სახელმწიფო მუზეუმი.

ზევით