#მხატვრობა

კულტურული გზამკვლევი: 5 მიმდინარე გამოფენა თბილისში, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

გაზიარება:

ნოემბერი კულტურული მოვლენებით დატვირთული თვე გახლდათ. დედაქალაქში, ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება მიმდინარეობდა და შესაძლოა ამ კულტურულ ციებ-ცხელებაში ისეთი მნიშვნელოვანი გამოფენები გამოგრჩათ, რომლებიც თქვენს დროსა და ყურადღებას იმსახურებდნენ. წარმოგიდგენთ 5 მიმდინარე გამოფენას თბილისში, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ.

1. კოკა რამიშვილი - „ვაკუუმი“

10 ნოემბერს, Window Project-ის ორგანიზებით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა კოკა რამიშვილის გამოფენა „ვაკუუმი“. კოკა რამიშვილი უახლესი ქართული ხელოვნების მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი შემოქმედება პოსტსაბჭოთა პერიოდის ურთულესი ძვრების ფონზე ჩამოყალიბდა და თავიდანვე გამოირჩეოდა რეფლექსურობით, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით. ის მკვლევარი მხატვარია და ყოველთვის ორიგინალურ კავშირებს პოულობს კონკრეტულ პრობლემასა და აბსტრაჰირებულ მსჯელობას შორის.

„ვაკუუმი“ რთული, უხილავ ფსიქოემოციურ აქცენტებზე აგებული ექსპოზიციაა და მიუხედავად იმისა, რომ ახალ ნამუშევრებთან ერთად წინა წლებში განხორციელებული რამდენიმე პროექტის მოტივი იყრის თავს, ის არ გულისხმობს რეტროსპექტულ ფორმატს. როგორც თავად ავტორი ამბობს, ამ გამოფენაზე მუშაობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ინტიმურობის ატმოსფეროს შექმნა, რაც განსაკუთრებით მძაფრად გადმოიცა ვიდეოინსტალაციაში „ადამიანები სიყვარულის განცდისას".

2. ლევან სონღულაშვილი - Ad Infinitum

თბილისის კულტურის კვირეულის ფარგლებში, 5 ნოემბერს, Tbilisi Factory-ში ლევან სონღულაშვილის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით Ad Infinitum გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია სონღულაშვილის ახალი, მონუმენტური ტილოები, რომლებსაც ახლავს ავტორის ტექსტი.

ლევან სონღულაშვილი ნიუ-იორკში დაფუძნებული ქართველი მხატვარი, ვიზუალური არტისტი, ფერმწერი და გრაფიკოსია, სონღულაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, მიენიჭა რამდენიმე სასწავლო სტიპენდია, იგი აგრეთვე ფლობს New York Academy of Art-ის MFA-ს. გერმანულმა და ფრანგულმა ფილოსოფიამ და ფსიქოანალიზმა დიდი გავლენა მოახდინეს მის მხატვრულ მიდგომაზე და ახალ შემოქმედებით ექსპერიმენტებამდეც მიიყვანეს.

გამოფენა გაგრძელდება 30 ნოემბრამდე, ყოველდღე 13:00 საათიდან 21:00 საათამდე.

3. მარიანა ჭყონია - „მგლის-თავა მეფის ღამე“

საგამოფენო სივრცე E.A. Shared Space ხელოვან მარიანა ჭყონიას პირველ პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. გამოფენის სათაური, „მგლის-თავა მეფის ღამე“, რეჟისორის, ხელოვანის და პოეტის, გოგიტა ჭყონიას ლექსიდან იღებს სათავეს და ლაიტმოტივად გასდევს ნამუშევრების სელექციას.

მარიანა ჭყონიას ტექსტილის ნამუშევრები ეფუძნება ქართულ და სამხრეთ კავკასიური თექის დამუშავების უძველეს ტექნიკებს, როგორიცაა მშრალი და სხველი დამუშავება. ქართული გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების ეს გამორჩეული კულტურა დღეს გადაშენების პირასაა. ამ ტრადიციის შესწავლისა და დამუშავებისას, ბუნებრივი მასალაბის გამოყენებით, ჭყონიას ნამუშევრები ახალ სიცოცხლეს მატებს მივიწყებულ ტრადიციას და თანამედროვე ხელოვნების მისეულ, ახალ ენას ავითარებს.

4. Slavs and Tatars x გიორგი ხანიაშვილი

Kunsthalle Tbilisi, ATINATI-ს საგამოფენო სივრცეში, გიორგი ხანიაშვილისა და Slavs and Tatars-ის ჯგუფურ გამოფენას წარმოგვიდგენს. გამოფენა, 22 ოქტომბერს გაიხსნა და მისი ნახვა დამტვალიერებელს 4 დეკემბრამდე შეეძლება. არტისტ გიორგი ხანიაშვილთან ერთად კოლექტივი შეეცადა გადმოცემის განსხვავებული ფორმები შეერწყა და ასე მიეტანა დამთვალიერებლამდე მთავარი სათქმელი.

Slavs and Tatars ეს არის არტ-კოლექტივი, რომელიც დაარსდა 2006 წელს დიზაინერისა და მხატვრის, პაიამ შარიფისა და კასია კორჩაკის თანამშრომლობით. ეს ჯგუფი მუშაობს გამოფენებზე, წიგნებზე და საგანმანათლებლო პერფორმანსებზე.

5. მალხაზ გორგაძე - „გაფრთხილება„

The why not gallery-ში 28 ოქტომბრიდან მოყოლებული, ხელოვან მალხაზ გორგაძის მეორე პერსონალურ შოუ მიმდინარეობს.  წარმოდგენილი გამოფენა თემატურად განსხვავდება ხელოვანის შემოქმედებისგან, რომელიც ძირითადად ჯადოსნურ ლანდშაფტებში განვითარებული იდილიური სცენარების გარშემო ტრიალებს და ამ მეტად ესთეტიური კომპოზიციების მეშვეობით განიხილვს ფილოსოფიურ, უნივერსალურ საკითხებს.

ხელოვანის ბოლო სერია, რომელსაც სათაური „გაფრთხილება“ აერთიანებს, რეფლექსირებს უახლეს სოციო-პოლიტიკურ მოვლენებზე, იქნება ეს პანდემია, ომი რეგიონში, განადგურება თუ გაუცხოება, ყველაფერი, რამაც მოიცვა დღევანდელი საზოგადოება. სიმბოლიზმით გაჯერებული ფერწერული ტილოები ჩვენი დროის მატიანედ გვევლინება და ერთგვარ წინასწარმეტყველურ ხასიათსაც ატარებს.

ზევით