#ცნობილები #კინო

5 მომენტი SAG Awards-დან, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ

გაზიარება:

დღევანდელი დღის განხილვის მთავარ საგნად, უდავოდ SAG Awards-ის დაჯილდოების ცერემონია იქცა. კინომსახიობთა გილდიამ, კინოსა და სატელევიზიო სივრცეში შეტანილი წვლილისთვის, წლის გამორჩეული წევრები უკვე 30-ედ დააჯილდოვა. საიუბილეო ცერემონია უამრავი დასამახსოვრებელი მომენტით იყო დახუნძლული. წარმოგიდგენთ 5 გამორჩეულ მომენტს SAG Awards-ის ცერემონიიდან, დიდი გაერთიანებით დაწყებული, უჩვეულო ავტოგრაფითა და ემოციური სიტყვით დასრულებული.

1. დიდი გაერთიანება 18 წლის შემდეგ...

დაჯილდოების საღამოს პირველი გამარჯვებულის გამოვლენის პატივი, ერთადერთ და განუმეორებელ მერილ სტრიპს დაევალა. სცენაზე ასულ მსახიობს მცირე ინციდენტი შეემთხვა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს მომენტი წინასწარ გაწერილი სცენარის ნაწილი იყო, რომელმაც დიდი სიურპრიზისთვის შეგვამზადა. ლეგენდარული მსახიობი ნომინანტების წარსადგენად სათვალეების და კონვერტის გარეშე ავიდა, რომელიც მერილს, მალევე, ემილი ბლანტმა და ენ ჰეთეუეიმ მიგვარეს. Devil Wears Prada-ს სამსახიობო შემადგენლობა 18 წლის შემდეგ, სწორედ SAG Awards-ის სცენაზე გაერთიანდა და ამაზე საკულტო დასაწყისი ცერემონიას უბრალოდ ვერ ექნებოდა.

ეკრანიზაციის მთავარი გმირის, მირანდა პრისლის, საკულტო ფრაზებით და ჩვეული ქარიზმით, მერილმა, ემილიმ და ენმა დაუვიწყარი მომენტი შექმნეს.

2. ბილი აილიშის ავტოგრაფი მელისა მაკკარტის

კიდევ ერთი ნომინაციის გამოცხადებისას, სცენა წარმდგენების ამპლუაში ბილი აილიშმა და მელისა მაკკარტიმ გაიზიარეს. მელისამ ხელიდან ვერ გაუშვა ბოძებული შანსი და საკუთარი თაყვანისცემა საჯაროდ გამოხატა ბილი აილიშის მიმართ. მსახიობმა საყვარელი მომღერლისგან ავტოგრაფიც კი მიიღო, თუმცა საკმაოდ უჩვეულო ადგილას - შუბლზე.

3. ბარბარა სტრეიზანდის ემოციური გამოსვლა სიტყვით

ლეგენდარულმა მსახიობმა, მომღერალმა, პროდიუსერმა, მწერალმა და კინორეჟისორმა, ბარბარა სტრეიზანდმა, გასულ ღამეს კარიერული და ჰუმანიტარული მიღწევებისთვის SAG Life Achievement Award მიიღო. 81 წლის ცოცხალმა ლეგენდამ და SAG-AFTRA-ის ვეტერანმა წევრმა, სიტყვით გამოსვლისას თინეიჯერობის წლები გაიხსენა. ის პერიოდი, როდესაც პატარა ბარბარა უზომოდ იყო შეყვარებული ყავის ნაყინზე, პრიალა ჟურნალებზე და ფილმებზე და ცდილობდა გაქცეოდა რეალობას, რომელშიც ცხოვრობდა.

 „ეს გამოგონილი სამყარო ბევრად სასიამოვნო ჩანდა, ვიდრე ყველაფერი, რასაც მე განვიცდიდი. რეალობა არ მომწონდა. მინდოდა კინოში მეთამაშა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ეკრანის სხვა ქალებს არ ვგავდი. დედაჩემმა ერთხელ მითხრა: „ჯობია ბეჭდვა ისწავლოო“, მაგრამ მე მისთვის არ მომისმენია. როგორღაც, ჩემი ოცნება რეალობად იქცა და მადლობა ღმერთს ამისთვის“ - განაცხადა ბარბარა სტრეიზანდმა ჯილდოს მიღებისას.

4. ლილი გლადსტონი ისტორიის გადაწერის გზაზე...

მარტინ სკორსეზეს Killers of the Flower Moon-ის მთავარი როლის შემრულებელი, ლილი გლადსტოინი აგრძელებს კინო ისტორიის გადაწერას. საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში გამარჯვებით ლილი პირველი აბორიგენია, რომელმაც SAG Awards-ის ჯილდო მოიპოვა. 

„განაგრძეთ ისტორიების მოყოლა ყველასთვის ამ ოთახში, ყველასათვის ვინც საზღვარგარეთ გიყურებთ. მათ, ვინც არ ხართ მსახიობები, მაგრამ გაქვთ ხმა, გაქვთ ამბავიც, რომელიც უნდა მოისმინონ. მადლობა ყველას ამ ოთახში თანაგრძნობისთვის... განაგრძეთ თქვენს ჭეშმარიტებაზე საუბარი და სხვების მხარდაჭერა“ - განაცხადა ლილიმ.

5. მთვრალი პედრო პასკალი სცენაზე

დანამდვილებით ვერ ვიტყვით, ალკოჰოლის ზემოქმედებით იყო გამოწვეული, თუ მოძალებული ემოციებით, თუმცა ჯილდოს მისაღებად სცენაზე ასული პედრო პასკალის სიტყვით გამოსვლაც საოცრად ემოციური აღმოჩნდა. The Last of Us-ის მსახიობმა, დრამატულ სერიალში შესრულებული საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გამარჯვებას რამდენიმე მიზეზის გამო უწოდა არასწორი. „ეს არასწორია მრავალი მიზეზის გამო. ცოტა მთვრალი ვარ, მეგონა დათრობის უფლება მქონდა... დიდი მადლობა ამისთვის!" - განაცხადა მსახიობმა.

პედრო პასკალმა არც უწმაწური სიტყვების გამოყენებისგან შეიკავა თავი და გამომდინარე იქიდან, რომ 2024 წელს SAG Awards-ს პირდაპირ ტრანსლაციას Netflix-ი გადასცემდა, მისი სიტყვები გადაფარვის გარეშე გავიდა ეთერში.

ზევით