“20 დღე მარიუპოლში” - დოკუმენტურმა ფილმმა რუსეთ-უკრაინის ომზე ოსკარი მოიპოვა

| ანნა მათიაშვილი |

oscar, ოსკარები, მარიუპოლი, უკრაინა, რუსეთ-უკრაინის ომი, ომი, კონფლიქტი, Украина, война, Россия, оскар, Мариуполь

ოსკარის 96-ე დაჯილდოებაზე უკრაინამ პირველად ისტორიაში კინოაკადემიის ჯილდო მოიგო. მსტისლავ ჩერნოვის ფილმმა “20 დღე მარიუპოლში” სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. მასში ასახულია რუსეთის მარიუპოლში შეჭრის, საპორტო ქალაქის ალყაში მოქცევისა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის კადრები. ფილმის გამარჯვება მოსალოდნელი იყო. მან უკვე მოიპოვა Bafta-სა და ამერიკის რეჟისორთა გილდიის ჯილდოები. ოსკაროსანი ფილმის პრემიერა Sundance film festival-ზე გაიმართა და მაშინვე კრიტიკოსების დიდი აღიარება დაიმსახურა.

“ნეტავ, არასოდეს გადამეღო ეს ფილმი”

პულიცერის პრემიის ლაურეატმა ჟურნალისტმა, მსტისლავ ჩერნოვმა, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოსკარს დათმობდა ოღონდ რუსეთი არასდროს შეჭრილიყო უკრაინაში და არ დაეხოცა ათიათასობით უკრაინელი. ისტორიისა და წარსულის შეცვლა შეუძლებელია, თუმცა რეჟისორს იმედოვნებს, რომ ფილმის წყალობით ისტორიას სიმართლე დარჩება და ომში დაღუპულ გმირებსაც არასოდეს დაივიწყებენ.

კინო აყალიბებს მეხსიერებას, ხოლო მეხსიერება ქმნის ისტორიას

უკრაინაში კინოაკადემიის ჯილდოს მოგებამ დიდი სიხარული გამოიწვია. უკრაინის ხალხი იმას ზეიმობს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სცენა რუსეთის აგრესიასა და ომის სისასტიკის მიმართ ყურადღების მიპყრობას დაეთმო. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მადლობა გადაუხადა რეჟისორსა და მთელ ჯგუფს ფილმის შექმნისთვის: “მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს და გაიგოს, რა მოუტანა ჩვენს ხალხს რუსეთის არაადამიანურმა შემოჭრამ”. უკრაინის ადამიანთა უფლებების კომისარმა, დმიტრო ლუბინეცმა, კი დოკუმენტური ფილმი შეაქო მსოფლიოსთვის სიმართლის ჩვენებისთვის.

კინოსურათში ნაჩვენებია რუსეთის მიერ მოკლული უკრაინელების საფლავები, დაშავებული ბავშვები და თავდასხმის ლოდინში ჩასაფრებული ჯარისკაცები. ნანგრევებად ქცეული ქალაქი, სადაც ადამიანების საუბრის ნაცვლად ბომბების აფეთქებების ხმები გაისმის. როგორც ფილმშია  ნათქვამი, ომი იწყება არა აფეთქებების, არამედ დუმილის დაწყებასთან ერთად და მანამდე გაგრძელდება რუსეთის სისასტიკე, სანამ მსოფლიო ჩუმად იქნება.

რუსეთის ოკუპაციის, სისასტიკისა და აგრესიის ამბავი კარგად ნაცნობია ჩვენი ქვეყნისთვის. აუცილებელია მთელმა მსოფლიომ გაიგოს მარიუპოლისა და არაერთი სხვა განადგურებული ქალაქის შესახებ, ამისთვის კი შესანიშნავი საშუალებაა კინო. სწორედ ხელოვნებაა ის მედიუმი, რომლის საშუალებითაც ადამიანებამდე მიღწევა, ყურადღების მიპყრობა და სიმართლის თქმა შეგვიძლია.

ზევით