#სამეფო ოჯახი

უელსის პრინცესა Elie Saab-ისა და Jenny Packham-ის ვარდისფერი კაბებით სამეფო ქორწილში

გაზიარება:

ხუთშაბათს, 1-ელ ივნისს, იორდანიაში ზღაპრული სამეფო ქორწილი გაიმართა, პრინცი ჰუსეინი, მეფე აბდულა II-ისა და დედოფალ რანიას უფროსი ვაჟი და ტახტის მემკვიდრე, არქიტექტორ რაჯვა ალ საიფზე დაქორწინდა. დიდებულ საქორწინო ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის მონარქებთან ერთად უელსის პრინცი და პრინცესაც დაესწრნენ. პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის გამოჩენა სამეფო ქორწილზე ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. 

ყოველთვის ყურადღების ცენტრში მყოფმა უელსის პრინცესამ, ოფიციალური მიღებისთვის და საქორწინო ცერემონიისთვისაც არჩევანი ვარდისფერ კაბებზე შეაჩერა. პირველი კაბა, რომელიც ქეით მიდლტონმა უშუალოდ საქორწინო ცერემონიისთვის მოირგო Elie Saab-ის ქმნილება გახლავთ, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პატარძალიც Elie Saab-ის სადედოფლო კაბით იმშვენებდა თავს. მეფე აბდულა II-ისა და დედოფალ რანიას ოფიციალური მიღებისთვის კი ქეითმა Jenny Packham-ის მბზინავი ვარდისფერი სილუეტი მოირგო, რომელსაც LOVER’S KNOT ტიარა და გარდაცვლილი დედოფლის ელისაბედ II-ის საყურეები შეუხამა.

ზღაპრული სამეფო ქორწილი ზაჰრანის სასახლის ბაღებში გაიმართა, სადაც 1993 წელს მეფე აბდულა II-მ და დედოფალმა რანიამ იქორწინეს. ცერემონიას ინგლისის სამეფო ოჯახის წარმომადგენლებთან ერთად მონარქები ნიდერლანდიდან, ბელგიიდან და ესპანეთიდანაც ესწრებოდნენ.

ცერემონიის შემდეგ, უილიამმა და ქეითმა ახალდაქორწინებულებთან გაატარეს დრო. პრინცი უილიამი და პრინცი ჰუსეინი, ორივე Sandhurst-ის კურსდამთავრებულები არიან, მათ მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, მათ შორის ამანში, 2018 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ყურებაში გატარებული საღამოები.

ქვეყანასთან განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს უელსის პრინცესასაც. ქეით მიდლტონმა, იორდანიაში ბავშვობის წლები გაატარა, როდესაც მამამისი British Airways-ში მუშაობდა. 2021 წელს, უილიამი და ქეითი იორდანიაში შვილებთან ერთადაც ჩავიდნენ და სწორედ იქ გაატარეს ოჯახური არდადეგები.

ზევით