ფორმებით მოყოლილი მინიმალიზმი – ასე შეგვიძლია დავახასიათოთ ნინო სეფიაშვილის ბრენდი NINO SEPO, რომელიც უნიკალურ სამკაულებს ქმნის.

დიზაინერი სამკაულების ხელოვნების მეშვეობით თავის სათქმელს ფორმასა და მასალაში გადმოსცემს. ამიტომაც, ის არ ქმნის ტრენდულ სამკაულს, მისი თითოეული დიზაინი პერსონალურ ამბავს გვიყვება. NINO SEPO-მ უკვე არაერთი საერთაშორისო გამოცემის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის ფრანგული Vogue-ის, რომელმაც ქართველი დიზაინერის აქსესუარები Must-have-ის სიაში ჩასვა, ხოლო Harper’s Bazaar-მა ნინო სეფო იმ დიზაინერებს შორის დაასახელა, რომლებსაც აუცილებლად უნდა მივადევნოთ თვალი.

ნინო წელიწადში ორ, სხვადასხვა თემატიკით ინსპირირებულ კოლექციას ქმნის. მისი უახლესი კოლექცია „სახლის“ კონცეფციას ეძღვნება. 15-17 მაისს, ნინო სეფოს სამკაულები ბაქოში, Mercedes-Benz Fashion Week Azerbaijan-ის ფარგლებში, სხვა ქართველ დიზაინერებთან ერთად იქნება წარმოდგენილი.
The Diary-სთან ინტერვიუში დიზაინერი მოდის კვირეულში მონაწილეობაზე გვიყვება და შემოქმედებით სიახლეებს გვიზიარებს.
ნინო, რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებით საქმიანობაში?
ნინო სეფო: ამჟამად ბოლო კოლექციის, „სახლის“ წარმოების ეტაპზე ვართ. პარალელურად კი, ვიწყებ ახალ კოლექციაზე მუშაობას, რომელიც სექტემბრის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.

პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში „სახლი“ გქონდათ წარმოდგენილი. რა ამბავს ჰყვება ეს კოლექცია და როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით კვირეულიდან?
ნინო სეფო: კოლექციამ საკმაოდ კარგი გამოხმაურება მიიღო დამსწრე აუდიტორიისგან. აქტიურად ვესაუბრებით პარტნიორებს ევროპაში ბაზრის გაფართოებასთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესოა დაკვირვება, თუ როგორ იცვლება ყველაფერი წლიდან წლამდე. საქმიანობა ძალიან საინტერესო და ამავდროულად რთულ პერიოდში გვიწევს, რის გამოც ცვლილებები რადიკალური და თვალშისაცემია როგორც ბიზნესის, ისე შემოქმედებითი პროცესის თვალსაზრისით. პარიზის მოდის კვირეული კი ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ამ ყველაფრის ერთდროულად აღსაქმელად.
რაც შეეხება კოლექციას - ის „სახლის“ მნიშვნელობაზეა: სახლი, როგორც თვითიდენტიფიკაცია, როგორც ჰარმონია, საკუთარ თავთან დაბრუნება.
კავკასიელი ქალის სახეზე შექმნილმა თქვენმა ნამუშევრებმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. როგორ შეიცვალა ეს სახე წლების განმავლობაში და როგორ იკვეთება დღეს თქვენს ნამუშევრებში?
ნინო სეფო: ალბათ მთელ ჩემს შემოქმედებით პროცესს გასდევს ეს ლაიტმოტივი - თვითიდენტიფიკაციის, ეთნიკური შტრიხების ძიება. რა თქმა უნდა, უამრავი რამ შეიცვალა, თუმცა ის აქცენტები, რომლებზეც მუშაობის პროცესში ვფიქრობ და ვცდილობ, ფორმაში ვთარგმნო, გლობალურთან ერთად ძალიან ლოკალურია.

რომელ კოლექციას წარადგენთ აზერბაიჯანის მოდის კვირეულზე?
ნინო სეფო: აზერბაიჯანის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი იქნება ბოლო კოლექცია „სახლი“ - ჩვენს ყველაზე პოპულარულ დიზაინებთან ერთად. ამ პრაქტიკას უკვე მრავალი სეზონია ვიყენებთ: ახალ კოლექციასთან ერთად აუცილებლად წარვადგენთ ჩვენს საყვარელ მოდელებს, მით უმეტეს, როცა ახალ ბაზარზე ხდება ბრენდის პრეზენტაცია.

კვირეულზე წარმოდგენილ კოლექციაში საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრადიციები ან ფორმები გადაიკვეთა?
ნინო სეფო: ამ კოლექციაში იმდენად დიდი სივრცეა დატოვებული ინსპირაციისთვის, რომ ფართო კონტექსტში შეიძლება უამრავი რამ დაიტიოს. კულტურების კვეთა ჩემს ნამუშევრებში ყოველთვის შესამჩნევია - მით უმეტეს, როცა ეს სამკაულს ეხება, რადგან ორივე კულტურას უდიდესი ტრადიცია აქვს ამ მიმართულებით.

Mercedes-Benz-ის კვირეულის მნიშვნელობაზე რას გვეტყვით, რა შესაძლებლობებს ქმნის ეს პლატფორმა დამწყები ხელოვანებისთვის?
ნინო სეფო: ეს მოდის კვირეული ძალიან ფართო ჭრილში უნდა დავინახოთ. გარდა ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისა, ეს პლატფორმა ზოგადად ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი - ტურიზმიდან დაწყებული, სარესტორნო ბიზნესით დამთავრებული, ეს დღეები ყველა სეგმენტს მოიცავს და ყველას ჩართულობა მნიშვნელოვანია. აღარაფერს ვამბობ სახელოვნებო წრეებზე და საგანმანათლებლო მიმართულებებზე.

ჩემი აზრით, საქართველოს მერსედეს-ბენც მოდის კვირეულმა, რომელიც სოფო ჭყონიას დიდი ძალისხმევის შედეგად წლების მანძილზე ტარდებოდა, მოდის გარდა უამრავი სხვა სფეროს, მათ შორის ელექტრონული მუსიკისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ეს არის ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული ღონისძიება, ხოლო დამწყები ხელოვანებისთვის უამრავი კონტაქტის დამყარების, სიახლეების გაცნობისა და ინსპირაციის მიღების საუკეთესო პერიოდია.
დიდ წარმატებას ვუსურვებ აზერბაიჯანს და ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ საქართველოს პირველი MBFW-ის მონაწილე ვიყავი და აზერბაიჯანშიც ეს პატივი მხვდა წილად.
ფოტო: levan_leko_tchkonia