STEPN: RUN BABY, RUN!

| ნანკა კიკალია |

stepn

მას შემდეგ რაც ბიტკოინი გამოჩნდა ჰორიზონტზე, კრიპტოინდუსტრიამ მიზნად დაისახა შეგვცვალოს ჩვენ და მთელი სამყარო. განა რა უნდა იყოს ცუდი იმაში, რომ ბლოკჩეინმა შექმნა შესაძლებლობების ზღვა, სადაც სწრაფი და იაფი საერთაშორისო გადარიცხვები დღეს უკვე მხოლოდ წვეთია ზღვაში. არადა თითქოს ყველაფერი დაიწყო იაფი, დაფარული, გაუკონტროლებელი გადარიცხვებით. მაგრამ, 2022 წლის არც თუ ისე ცხელი მაისის ბოლოს თამაშის წესები შეიცვალა და კრიპტოინდუსტრია არამხოლოდ სწრაფი ფულის სინონიმად იქცა, ყოველ შემთხვევაში საქართველოში, არამედ, მათ შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის. პირადად ჩემს სანაცნობოში, უკვე 100 ადამიანი კრიპტო ინდუსტრიის ხათრით ჯანსაღი ცხოვრების წესის თამაშში ჩაერთო და ეს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სერიოზული სტატისტიკაა. 

STEPN - ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და შემოსავლის მიღების საშუალება თუ პირამიდა?

nanka kikalia, ნანკა კიკალია
        Nanka Kikalia, Co-Founder
                 TheDiary Inc.

 

ვინ იფიქრებდა, რომ სირბილი არამხოლოდ ჯანმრთელობისთვის იქნებოდა კარგი, არამედ საკმაოდ კარგად აისახებოდა საფულის სისქეზეც?! წარმოიდგინეთ, რომ ჩაერთეთ თამაშში, რომლის გამოც სხეულის წონა იკლებს, მაგრამ იზრდება ჯანმრთელობის ხარისხი და სუქდება კრიპტო საფულე.

დასაბამი 

იყო და არა იყო რა, იყო ჯერი ხუანი, რომელსაც ზურგს უმაგრებს თამაშების შექმნის მრავალწლიანი გამოცდილება და იან რონგი - ენჯელინვესტორი, რომლებიც დასხდნენ Adidas-ის პრეზიდენტი სკოტ დანლაპთან და სხვა საკმაოდ "წონიან" ხალხთან ერთად კრიპტობაზარზე შემოაგდეს აპლიკაცია STEPN. რა არის STEPN? როგორც არაერთი გამოცემა იუწყება, ეს არის პირველი მობილური აპლიკაცია, რომელიც Move-to-Earn კონცეფციაზეა დაფუძნებული.

stepn nft
STEPN-ის სულის ჩამდგმელები

Move-to-Earn
M2E აპლიკაციების სახეობაა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მიიღონ პასიური შემოსავალი ფიზიკური აქტივობების დროს. "გადაადგილდი და გამოიმუშავე" მუშაობს იგივე პრინციპით, რა პრინციპითაც მუშაობს "ითამაშე და მოიგე", სადაც მოთამაშეები მთლიანად ფლობენ თამაშში არსებულ აქტივებს, რომელთა გაცვლა შესაძლებელია კრიპტო ან ფიატ ფულზე. აქვე აგიხსნით რომ ფიატ ფული არის ლეგალური გადახდის საშუალება, რომლის ღირებულება მიბმულია მთავრობის მიერ გამოშვებულ ვალუტასთან, განსხვავება კრიპტოვალუტასთან არის ის, რომ ეს უკანასკნელი არის ციფრული აქტივი, რომელიც თავის ღირებულებას იღებს თავისი მშობლიური ბლოკჩეინიდან.  

ბოტასი

გავერკვიეთ რა არის M2E, ფიატი, კრიპტოვალუტა, ახლა კი დროა მივადგეთ თავად STEPN-ს და ე.წ. "ბოტასს", რომელიც დღეს მართლა ყველას აკერია პირზე. Google-ის საძიებო სისტემაში, ამავე პლატფორმის მონაცემებით, საქართველოში Stepn NFT ყველაზე პოპულარული საძიებო სიტყვებია. STEPN-ში თამაშის დასაწყებად, თავდაპირველად მოგიწევთ NFT-ბოტასების შეძენა, შემდეგ კი, გარკვეული თანხის სანაცვლოდ NFT-ტოკენს − ბოტასს მიიღებთ. ამის შემდეგ კი, თქვენ, ანუ სტეპენერი ვირტუალური ბოტასით გარეთ იწყებთ სიარულს ან სირბილს, სანაცვლოდ კი კრიპტოვალუტებს გამოიმუშავებთ, რომელსაც უკვე რეალურ თანხაში გადაცვლით. თუკი თქვენ უკვე ვირტუალური ბოტასის საყიდლად გარბიხართ, სულგრძელობა გამოიჩინეთ და სტატია ბოლომდე წაიკითხეთ. STEPN-ში თამაშის დასაწყებად, როგორც მინიმუმ თავისუფალი ფული უნდა გქონდეთ. NFT-ბოტასის ღირებულება დღეს 13 SOL-დან იწყება, რაც დაახლოებით $650-ის ეკვივალენტია. აქვე აღვნიშნავ, როდესაც ამ თემით დავინტერესდი და სტატიის წერაც დავიწყე (ეს იყო გასულ კვირას და დროის უქონლობის გამო დღეს ვასრულებ), NFT ბოტასის ღირებულება 1500 $ შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ SOL-ის კურსი $-თან მიმართებაში დაეცა. 

პირამიდაა?

ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ექსპერტების აზრი გაიყო. ზოგი STEPN-ს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და შემოსავლის მიღების საშუალებად მიიჩნევს, ზოგისთვის კი ის ფინანსური პირამიდის მორიგი სახეობაა. როგორც NFT ბოტასების მფლობელი, პავლე მგელაძე აღნიშნავს, პირამიდის ნიშნები აქ არ აღინიშნება, ვინაიდან ამ პროექტს მხარს უჭერს SEQUOIA, რომელსაც დიდი წვლილი აქვს Instagram-ის, YouTube-ის, Google-ისა და სხვა Tech-კომპანიების განვითარებაში. ასევე, STEPN-ის უკან დგანან Binance და Solana Ventures. სავსებით დამაჯერებლი ინვესტიციებია, რაც პროექტს საფუძვლიანად ამყარებს, თუმცა, ინოვაციებით შთაგონებული პავლე არ გვირჩევს ინვესტირებას კრიპტოში ნასესხები ფულით.

პ.ს. როგორც კი უკვე აღვნიშნე, გასულ კვირას თავად დავინტერესდი ამ თემით და NFT ბოტასებს აქტიურად ვათვალიერებდი და მაშინ მისი ღირებულება 1500$-ს აღწევდა, დღევანდელი  მონაცემებით კი, ბოტასის შეძენა 650 $ შეგიძლიათ. რისკები? რა თქმა უნდა არის! ნებისმიერი ინვესტიცია რისკია, სხვა დანარჩენი კი თქვენი გადასაწყვეტია!

x

ნანკა

 

ზევით