#დეკორი

Mob Wife ესთეტიკამ მოდის სამყაროდან ინტერიერის დიზაინში გადაინაცვლა

გაზიარება:

2024 წლის მთავარი მოდის ტრენდის - Mob Wife-ის დაბადება მოდის სამყაროს ჭრილში უკვე განვიხილეთ. დროა მაქსიმალიზმის ყველაზე ექსტრავაგანტული გამოვლინების თვითმხილველები ინტერიერშიც გავხდეთ. თუკი მოდის სამყაროს მთავარი ტრენდი სერიალიThe Sopranos და სხვა ცნობილი ფილმებისა, თუ სერიალების გმირმა ქალებმა განსაზღვრეს, ინტერიერში Mob Wife ესთეტიკა სხვადასხვა ქვეყნიდან იღებს შთაგონებას.

განსხვავებული ეპოქებისთვის დამახასიათებელი გადატვირთული დეკორაციები, აქცენტები ფერებზე, დახვეწილი ფორმები და გამორჩეული პრინტები - ყველაფერი, რაც ოდესღაც სიმდიდრისა და ფუფუნების გამოძახილს წარმოადგენდა, თავს Mob Wife სტილში იყრის.

თქვენ წინაშეა Mob Wife ესთეტიკის განმსაზღვრელი 10 დიზაინი, მაქსიმალისტურ ტრენდში ჩასაძირად.

1. თუკი ინტერიერში დრამატული ტექსტურის დამატება გსურთ, ხელოვნური ბეწვის საბანი მარტივი, თუმცა ეფექტური გამოსავალია. ნიუ-იორკის ჰადსონის ველზე მდებარე ეს აპარტამენტი, მაილს რედის მიერ შეიქმნა და ის ბერძნული აღორძინების სტილშია გადაწყვეტილი.

2. მანჰეტენზე მდებარე ეს ბინა ანტიკვარული დეკორაციებითა და მსუყე ავეჯითაა დახუნძლული. მისაღები ოთახი პატრიკ მელის მიერ შექმნილი ინტერიერის გამორჩეული მაგალითია, რომელსაც ვლადიმერ კაგანის ვინტაჟური ბალიში და ცხოველური პრინტის სკამი ამშვენებს.

3. Mob Wife შეგვიძლია სხვადასხვა ეპოქიდან ნასესხები სტილის მიქსადაც წარმოვიდგინოთ. მერი მაკდონალდის კალიფორნიული აპარტამენტი, ამის ნათელი მტკიცებულებაა. დიზაინი მერილინ მონროს პრინტებს, ლუი XVI-ს პერიოდის სავარძლებსა და Gournay-ის კედლის დიზაინს აერთიანებს. 

4. 70-იანი წლების დიზაინმა ერთი რამ გვასწავლა: ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ მხოლოდ ნეიტრალური ფერებით ვიცხოვროთ. Mob Wife გახლავთ ღრმა და გამომხატველი სტილი, რომლის ესთეტიკას ეს მონოქრომული ოთახი ნათლად ასახავს. 

5. „მე არ ვარ მინიმალისტი” - განაცხადა დონატელა ვერსაჩემ წლების წინ ინტერვიუში და ამას მისი მილანური სახლიც ადასტურებს. დონატელას მისაღები ოთახი ვეფხვის პრინტიანი სავარძლის დეკორითა და კაკლის კოქტეილის მაგიდითაა მორთული, რომელსაც იტალიური სკალიოლას ზედაპირი ამშვენებს.

6. ესპანელი არქიტექტორი, ამარო სანჩეს დე მოია ცნობილია მაქსიმალისტური კლასიციზმით, რომელიც სიმეტრიას, სკრუპულოზურად შესრულებულ ხაზებსა და მდიდრულ ტექსტილს აერთიანებს. სევილიაში, ამაროს მიერ შექმნილი დიზაინი კლასიკური და ამავდროულად არაპროგნოზირებადია. მისაღებ ოთახში მე-19 საუკუნის ფრანგული დივანი, სპეციალურად ამ სახლისთვის დამზადებული კოქტეილის მაგიდა და პიერ ფრეის ქსოვილებია გაერთიანებული.

7. 1950-იანი წლების რანჩო-სახლი სნედენს ლენდინგში, ნიუ-იორკში, ერნესტ დე ლა ტორეს მიერაა შექმნილი. სახლი ცხოველური პრინტისადმი სიყვარულს აერთიანებს, რაც იდეალური ვარიანტია იმ შემთხვევაში, თუკი სახლში მოულოდნელი, დრამატული დეტალის დამატებას მოისურვებთ.

8. ბაროკოს სტილის საძინებელი ოთახი ინტერიერის დიზაინერ, საშა ბიკოფს ეკუთვნის. „Mob Wife ესთეტიკა პატივს სცემს არტ დეკოს და 1980-იანი წლების დეკოს აღორძინებას. მისი დიზაინი ხშირად შთაგონებულია იტალიური და ბაროკოს სტილით,” - განმარტავს იგი. 

9. Mob Wife-ს უყვარს ყველაფერი, რაც ბრწყინავს. ნიუ-ჯერსის ამ სახლის მისაღებ ოთახში, ყველაფერი სწორედაც რომ ოქროსფერშია ჩაძირული. დივანი Jab Anstoetz-ის ხავერდისგან, სავარძლები კი Lauren Hwang-ის ქსოვილისგანაა დამზადებული. კოქტეილის მაგიდა Larrea Studio-ს ეკუთვნის, ხოლო ნეოკლასიკური იტალიური ჭაღები Hirschl & Adler-ისგან გახლავთ.

10. ინტერიერის დიზაინერ კორი დემენ ჯენკინსს სწამს, რომ თითოეული ოთახი აღფრთოვანებას უნდა იწვევდეს მნახველში. კორის და ტომ ბრაუნის კოლაბორაციით შექმნილი ინტერიერის დიზაინის უნიკალური ნაწილი, ვეფხვის პრინტის, ანტიკვარული კედლის საკიდებისა და ოქროსფერი მაგიდის შერწყმა გახლავთ. 

ზევით