დედოფალ ელისაბედ II-ის ცისარტყელა გარდერობის 96-წლიანი ისტორია

8 სექტემბერს, დედოფალი ელისაბედ II უინძორის გარდაცვალებით, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ეპოქა დასრულდა. ტრადიციული ბრიტანული მონარქიის უკანასკნელ საპატიო წარმომაგენელს, როგორც გარდაცვლილ დედოფალს მსოფლიო დღეს უწოდებს, დედამიწის ყველა წერტილში გლოვობენ. ქალმა, რომელმაც საკუთარი ცხოვრების 70 წელი უკეთესი მომავლის შენებას მიუძღვნა ახლა შეუძლია მშვიდად განისვენოს, ჩვენ კი მისი დიდებული მემკვიდრეობის შესახებ წერას კიდევ ძალიან, ძალიან დიდ ხანს ვერ დავასრულებთ.

დედოფალი ელისაბედ II მილიონობით ადამიანის მეხსიერებაში ნათელ მოგონებად იქცევა, რაშიც უდიდესი წვლილი მის დედოფლურ სტილს და ყოველთვის გამორჩეულ ჩაცმულობებს მიუძღვით.

ჯერ კიდევ პრინცესობის ასაკიდან ელისაბედს ყველასაგან გამორჩეულად ემოსა, ბავშვობაში მომავალი დედოფალი ელეგანტური ფერადი კაბებისა და მაქმანების დიდი მოყვარული გახლდათ, ელისაბედის ჩაცმულობა ყოველთვის მოდური და ცოტათი უფრო მეტიც გახლდათ.

დედოფლის სტილზე საუბარი წარმოუდგენელია მისი საპატარძლო კაბის აღნიშვნის გარეშეც, რომელიც სამეფო ოჯახის დახვეწილ, ელეგანტური და უბრალოდ მომნუსხველ საპატარძლო კაბებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, რომელიც დიზაინერ ნორმან ჰარტნელის ქმნილება გახლდათ.

1952 წელს, დიდი ბრიტანეთის მეფის გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისმა უფროსმა ქალიშვილმა ელისაბედ II-მ დაიკავა და სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს ათვლას დედოფლის ცისარტყელა გარდერობი. ალბათ, თავადაც შეამჩნევდით, რომ ელისაბედ II ყოველთვის მკვეთრ, მყვირალა ფერებს და ამ ფერებით შექმნილ კლასიკურ ორეულებს ანიჭებდა უპირატესობას.

ამას თავისი ახსნაც მოეძებნება - ყველაზე ხალხმრავალ ადგილშიც კი დედოფლის ამოცნობა თითოეული ადამიანისთვის მარტივი უნდა ყოფილიყო. ფერად სამოსთან ერთად, ელისაბედ II-ის ჩაცმულობაში აუცილებლად აღმოაჩენდით ფავორიტ აქსესუარებსაც: - Launer-ის ჩანთა და Anello & Davide-ის ფეხსაცმელები დედოფლის საყვარელი ნივთები გახლდათ.

 

ზევით