უკრაინული მოდის კვირეული ციფრულ რეჟიმში გაიმართება

| ნინა სიმსივე |

უკრაინამ უკვე დაამტკიცა, რომ ნათელი და თავისუფალი მომავლისთვის ბრძოლაში შეუპოვარია. რუსეთის იმპერიალისტურმა ბუნებამ ვერ შეძლო უკრაინელი ერის სურვილის შერყევა – იცხოვრონ ევროპულ, განვითარებულ და მშვიდობიან სახელმწიფოში. მიუხედავად იმ განუსაზღვრელი მორალური, ფიზიკური და ფინანსური რესურსისა, რასაც ომი საზოგადოებისგან მოითხოვს, უკრაინელები მაინც ახერხებენ ცხოვრების რიტმის ნაწილობრივ შენარჩუნებას.

Ukrainian fashion week, უკრაინის მოდის კვირეული,
ფოტო: fashionweek.ua

უკრაინული მოდის სამყარო ახლაც იწყებს მზადებას მოდის კვირეულისთვის. რა თქმა უნდა, ამჟამინდელ ვითარებაში კვირეულის ჩატარება ჩვეულ ფორმატში შეუძლებელია, ამიტომაც ჩვენებები სრულად ციფრულ ფორმატში გადაინაცვლებს. ეს ინოვაციური მიდგომაა და ამ რთულ პირობებში საუკეთესო გამოსავალიც.

საორგანიზაციო კომიტეტმა გადაწყვიტა, ითანამშრომლოს VLGE.COM-თან, რომლის დახმარებით სტუმრებს სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით შეექმნებათ ილუზია, რომ ჩვენება კიევში, „Mystetskyi Arsenal“-ის მუზეუმში იმართება. . VLGE.COM არის პლატფორმა, რომელსაც ფართოდ იყენებენ კომერციაში, ვიდეო თამაშებსა და სოციალურ მედიაში. მისი დახმარებით, მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, ფიზიკურ გარემოს ციფრული ხელსაწყოების მეშვეობით დაუკავშირდნენ.

Ukrainian fashion week, უკრაინის მოდის კვირეული,
ფოტო: fashionweek.ua

მიმდინარე ომის ფონზე, უპრეცედენტო გამოწვევების პირობებში, ეს ინიციატივა მსოფლიოს ნებისმიერ ადამიანს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ვირტუალური შოურუმებისა და ჩვენებების მეშვეობით იხილოს უკრაინელი დიზაინერების ნიჭი.

FW 2025-26 სეზონის ლოზუნგი სრულად ასახავს იდეას და ასე ჟღერს: „რწმენა მომავლისა“.

Ukrainian fashion week, უკრაინის მოდის კვირეული,
ფოტო: fashionweek.ua

უკრაინის მოდის კვირეული 2025 წლის 14-17 თებერვალს გაიმართება, რომლის ფარგლებში 40-ზე მეტი უკრაინული მოდის ბრენდი წარადგენს თავის კოლექციას. მათ შორის იქნებიან მსოფლიოში ცნობილი FROLOV, GASANOVA, J’AMEMME, KSENIASCHNAIDER, Nadya Dzyak, the COAT, TG Botanical, VOROZHBYT & ZEMSKOVA. კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა დიზაინერებიც, რომლებიც მოდის სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამენ. ეს უკრაინული შემოქმედებითი სკოლის უწყვეტი განვითარების ნათელი დასტურია. ასევე, შეიქმნება სპეციალური მხარდამჭერი პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდა დიზაინერებს პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობებს მიაწვდის.

„უკრაინის მოდის კვირეული უფრო მეტია, ვიდრე ინოვაციისა და შემოქმედების პლატფორმა“, - ამბობს ირინა დანილევსკა, უკრაინის მოდის კვირეულის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

მსგავსი ინოვაციური მეთოდის დახმარებით, გუნდს საშუალება ეძლევა, საერთაშორისო სტუმრები მიიზიდოს. რაკი დიზაინერთა ჩვენება გლობალური და მასშტაბური იქნება, ის მსოფლიოს ყველა წერტილამდე მიაღწევს. თითოეული კოლექცია დიზაინერების ტკივილსა და ტრაგედიას ადამიანების გულებთან კიდევ უფრო ახლოს მიიტანს, რაც მათ ნამუშევრებს განსაკუთრებულ ემოციურ სიღრმეს სძენს.

Ukrainian fashion week, უკრაინის მოდის კვირეული,
ფოტო: fashionweek.ua

მაშინ როცა სულიერი ტკივილების გამოსახატავად სიტყვები საკმარისი აღარ არის, ასპარეზზე ხელოვნება გამოდის.

მოდა არის ეროვნული კულტურის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც აყალიბებს ჩვენს საერთო ხედვას მომავლის შესახებ. უკრაინის მოდის საზოგადოება გახდა ერის ხმა, რომელიც თავისუფლებისა და იდენტობისთვის იბრძვის“, - ამბობს ირინა დანილევსკა.

FW25-26 სეზონის ღონისძიებების ოფიციალური განრიგი იანვარში გახდება ცნობილი. ასეთი ფორმით კვირეულზე ჩართულობა მოდის მოყვარულთათვის უნიკალური გამოცდილება იქნება. ვინ იცის, იქნებ იმდენად წარმატებული აღმოჩნდეს, რომ ეს კულტურა დამკვიდრდეს და სხვა ბრენდებმაც აიტაცონ იდეა. თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ უკრაინა მალე შეძლებს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს და მსგავსი ინოვაციური იდეები უკვე მშვიდობიანი ქვეყნიდან გაგვიზიაროს.

ზევით