ევროკავშირმა TPO-ს შემცველი გელ-ლაქი ჯანმრთელობის რისკების გამო აკრძალა

ევროკავშირმა და მის რეგულაციებზე დაქვემდებარებულმა ქვეყნებმა (ნორვეგია, შვეიცარია) ოფიციალურად აკრძალეს გელ-ლაქში გამოყენებული ინგრედიენტი TPO (ტრიმეთილბენზოილ დიფენილფოსფორინ ოქსიდი). აკრძალვა ძალაში 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევიდა.

აკრძალვის მიზეზი კი ისაა, რომ TPO კლასიფიცირდა, როგორც CMR კატეგორიის 1B ნივთიერება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეიძლება კანცეროგენური, მუტაგენური ან რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის ტოქსიკური ეფექტი ჰქონდეს.

TPO აკრძალვა, გელ-ლაქის ინგრედიენტები
გელ-ლაქი, განსხვავებით ტრადიციული ლაქისა, ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად დიდხანს ძლებს ფრჩხილზე.

TPO კოსმეტიკური პროდუქტებიდან გელ-ლაქებში გამოიყენება. ის არის ფოტოინიციატორი, ანუ ქიმიური ნივთიერება, რომელიც ლაქს ულტრაიისფერი სხივების ქვეშ ამაგრებს და ფერს ამყარებს. აკრძალვამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია სილამაზის ინდუსტრიაში და უკვე სერიოზული გავლენა იქონია ევროპულ სალონებსა და მწარმოებლებზე. ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ფრჩხილის სალონებს დაევალათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ TPO-ს შემცველი პროდუქტების გამოყენება და გაყიდვა, ხოლო არსებული მარაგი უსაფრთხოდ გაანადგურონ. შედეგად, ბევრმა სალონმა ფერთა მრავალფეროვანი არჩევანი მხოლოდ რამდენიმე ათეულამდე შეამცირა.

შილაკი, გელ-ლაქი. TPO აკრძალვა, გელ-ლაქის ინგრედიენტები

მწარმოებლები ახლა ინტენსიურად მუშაობენ ახალი ფორმულების შემუშავებაზე, რათა პროდუქცია რეგულაციებს შეუსაბამონ. სხვადასხვა ალტერნატიული ნივთიერება უკვე არსებობს კიდეც – მაგალითად, TPO-L და BAPO. სპეციალისტების თქმით, TPO-ს ამოღება პროდუქტის ხარისხზე დიდ გავლენას არ მოახდენს, თუმცა საჭირო გახდება ფორმულის, შეფუთვისა და ეტიკეტირების შეცვლა. ერთ-ერთი მსხვილი კომპანია GelBottle.Inc-ის განცხადებით, TPO-ს გარეშე წარმოებულ პროდუქციაზე გადასვლა სრულად 2026 წლის სექტემბრამდე მოხდება.

ევროკავშირის გადაწყვეტილება „სიფრთხილის პრინციპს“ ეფუძნება – ანუ მაშინაც კი, როცა ადამიანის ჯანმრთელობაზე პირდაპირი მტკიცებულება ჯერ არ არსებობს, კანონმდებლები მაინც იღებენ ზომებს პოტენციური რისკების თავიდან ასაცილებლად. კვლევები პირდაპირ კავშირს ნივთიერების მოხმარების გრძელვადიან ეფექტებთან და ადამიანის ჯანმრთელობის რისკებთან მიმართებით არ ადასტურებს, თუმცა ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესაძლო საფრთხე აჩვენა.

შილაკი, გელ-ლაქი. TPO აკრძალვა, გელ-ლაქის ინგრედიენტები

გელ-ლაქი მანიკიურისა და პედიკიურის პროცედურებში ყველაზე ინტენსიურად გამოყენებადი პროდუქტია. ჩვეულებრივი ლაქისგან განსხვავებით, გელ-ლაქი გაცილებით დიდ ხანს ძლებს ფრჩხილზე, არ გადასდის ფერი და ტრადიციული მანიკიურის კომფორტული ალტერნატივაა. ასე რომ, გელ-ლაქი სილამაზის ინდუსტრიიდან არსად წასვლას არ აპირებს, უბრალოდ, პოტენციური რისკის თავიდან ასაცილებლად, გაცილებით უსაფრთხო შემადგენლობის მქონე პროდუქციის გამოყენება გახდება სავალდებულო.

ეს აკრძალვა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ სილამაზის ინდუსტრიაში უკვე დიდი ყურადღება ექცევა მომხმარებლის უსაფრთხოებას. ხოლო ევროკავშირი მუდამ თავისი მოსახლეობის უსაფრთხოების სადარაჯოზე დგას.

ზევით