ამსტერდამის Eye Filmmuseum-ი შემოდგომაზე მსახიობ ტილდა სუინტონის გამოფენას „Tilda Swinton – Ongoing“ უმასპინძლებს. ეს იქნება უნიკალური, რეტროსპექტიული გამოფენა, რომლის კურატორიც თავად მსახიობია. დამთვალიერებლის წინაშე ტილდას კარიერა გაცოცხლდება – ისტორია, რომელიც მეგობრობის, დიალოგებისა და საინტერესო ადამიანებთან თანამშრომლობის ძალაზე მოგვითხრობს.
Ph: Ruediger Glatz, 2024
გამოფენაზე არამხოლოდ მსახიობის მიერ შესრულებული როლები იქნება წარმოდგენილი – „Tilda Swinton – Ongoing“ ახალ ნამუშევრებსა და საარქივო მასალას გააერთიანებს, რომლებიც ტილდა სუინტონის 40-წლიან მოგზაურობას ასახავს კინოს, მოდისა და ხელოვნების სივრცეში.
თუ შეიძლება, ადამიანს ფლუიდური ვუწოდოთ, ეს ეპითეტი ტილდას ნამდვილად შეეფერება — ის მსახიობია, რომელიც ყველა როლსა და გარემოს ირგებს: ბრწყინვალედ თამაშობს ჰოლივუდურ ბლოკბასტერებში, მოდის კამპანიებსა თუ კონცეპტუალურ პერფორმანსებში, მასობრივი წარმოების ფილმებსა და ინტიმურ, მხატვრულ ნამუშევრებში.
ასევე ვიხილავთ ოლივიე საიარის ინსტალაციას და ფოტოგრაფ ტიმ უოკერთან ერთად შექმნილ ნამუშევარს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება რეჟისორ დერეკ ჯარმანის საარქივო მასალაც, რომლითაც ტილდა იმ რეჟისორს მიაგებს პატივს, რომელმაც პირველად გადაიღო იგი კინოში (ფილმი Caravaggio, 1986 წ.).
Ph: Jacqueline Lucas Palmer, 1991
Ongoing მუზეუმის ისტორიაშიც გამორჩეული გამოფენაა — აქ ყურადღების ცენტრში არა რეჟისორი, არამედ მსახიობია. ტრადიციულად, მსახიობებს აღიქვამენ როგორც რეჟისორის ხედვის მატარებლებს, თუმცა ეს პროექტი ამ ჩარჩოს არღვევს და ტილდა სუინტონს თანაავტორად და მუზად წარმოსახავს.
ტილდასთვის ეს ნამუშევრები რეჟისორებთან მის განსაკუთრებულ კავშირს ასახავს — ურთიერთობას, რომელიც პროფესიულს სცდება და ტრანსცენდენტურ განზომილებას იძენს. Ongoing უფრო ცოცხალი ავტობიოგრაფიაა, ვიდრე კარიერის მშრალი შეჯამება — ეს ნარატივი ჯილდოებსა და როლებს კი არა, იმ ურთიერთობებს მიყვება, რაც ტილდამ ათწლეულების მანძილზე შექმნა.
ტილდა სუინტონი ივ სენ ლორანისთვის, რეიკიავიკი, ფოტოს ავტორი ტომ უოკერი
სუინტონი გამოფენის იდეის ფორმულირებას საუკეთესოდ აკეთებს: „ახალი ფოთლები ძველ, ღრმად ფესვგადგმულ ხეებზე“.
გამოფენასთან ერთად Eye-ში ტილდა სუინტონის ფილმოგრაფიიდან შერჩეული ნამუშევრების ჩვენებები, დისკუსიები და საჯარო შეხვედრები გაიმართება. გამოფენა 28 სექტემბერს იხსნება და 2026 წლის 8 თებერვლამდე გასტანს.
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი Madison Square Garden-ში გაიმართა. ორდღიანმა ღონისძიებამ ნიუ-იორკი ვარსკვლავური სტუმრებისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
2026 წლის ნახევარი თითქმის გასრულდა და დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა The Devil Wears Prada 2 თუ Toy Story 5. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.