თეა თოფურიას წიგნი „იაკობის ჭასთან“ ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის (EUPL) ფინალში მოხვდა. აღნიშნული პრემია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოა, რომელიც თანამედროვე მწერლების შემოქმედების აღიარებისთვის და ევროპული კულტურის მრავალფეროვნების ხაზგასასმელად შეიქმნა. პრემიაზე საქართველოს თეა თოფურია, გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოცემული რომანით „იაკობის ჭასთან“, წარადგენს.

რომანი მაგიური რეალიზმის ჟანრშია დაწერილი და ადამიანის ბედის, იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის თემებს ეხება. წიგნი მოგვითხრობს პატარა ერის ისტორიას. ერისა, რომლის ნაწილსაც დამპყრობლებისგან გაქცევა და გადასახლება მოუწია. სიუჟეტი ორ პარალელურ ხაზად ვითარდება: ერთი მხრივ, ვიცნობთ გადასახლებულებს, რომლებიც უცხო გარემოში ცხოვრების ახალ გზებს იკვალავენ, ხოლო ამბის მეორე მხარეს, ნოსტალგიითა და უიმედობით დამძიმებული დარჩენილები არიან, რომლებიც დამპყრობლებთან თანაცხოვრებას ცდილობენ.

წელს, პირველად ევროკავშირის პრემიაზე საქართველოს ნომინანტი პენ ცენტრმა გამოავლინა. რაც შეეხება, ევროკავშირის ლიტერატურულ პრემიას (EUPL), ის ყოველწლიურად, ევროპის კულტურული და ლინგვისტური მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით ტარდება. პრემიის ორგანიზებაში ევროპის წიგნის გამავრცელებელთა ფედერაცია (EIBF), ევროპის მწერალთა საბჭო (EWC) და ევროპელ გამომცემელთა ფედერაცია (FEP) მონაწილეობენ, ხოლო მათ ფინანსურ მხარდაჭერას „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამა უწევს.
„ვამაყობ, რომ ვხედავ სხვადასხვა წარმომავლობის ამდენ ნიჭიერ ადამიანს. ეს ავტორები თავიანთი ნაწარმოებით გადმოსცემენ იმ უნივერსალურ ღირებულებებს, რომლებიც ჩვენს ევროპულ საზოგადოებებს აყალიბებენ“, - გლენ მიკალეფი, ევროკომისიის წევრი ფინალისტ ავტორებზე.
პრემიის გამარჯვებული 2024 წლის 16 მაისს, პრაღის წიგნის ბაზრობაზე გამოვლინდება.