10-13 აპრილს, თბილისის წიგნის ბაზრობაზე გამომცემლობა „ინტელექტი“ სიახლეებით გელოდებათ
თბილისის წიგნის ბაზრობა 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯიაში გაიმართება. გამომცემლობა „ინტელექტი“ წიგნის მოყვარულებისთვის საინტერესო სიახლეების მზადებაშია.
წელს განსაკუთრებული და განსხვავებული Tbilisi Open Air-ი გველის. თბილისის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ფესტივალი 24 და 25 მაისს, ტრადიციულად, Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე ჩატარდება.
ფესტივალი სპეციალური გამოშვებით წარდგება მსმენელის წინაშე და როგორც Open-ის გუნდი წერს, ყველაზე ქართული დღეებისთვის მზადება უკვე დაწყებულია.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, წლევანდელი Tbilisi Open Air განსხვავებულ ფორმატში ჩავატაროთ. Tbilisi Open Air-ის ეს სპეციალური გამოშვება არ იქნება მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი. წლევანდელ Open Air-ს ჩვენთან ერთად უმასპინძლებენ: ქართული თეატრი, ნაციონალური ბალეტი, ქართული მუსიკალური ლეიბლები, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი და თბილისის წიგნის ბაზრობა“ - ვკითხულობთ ფესტივალის განცხადებაში.
24-25 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსმენელი ქართული ხელოვნების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდება.
მთავარ სცენაზე ვიხილავთ მსმენელისთვის კარგად ნაცნობ ქართველ არტისტებს და მათ საინტერესო კოლაბორაციებს. 24 მაისს ჯგუფები არა & ყველა მერაბ სეფაშვილთან ერთად გამოჩნდებიან სცენაზე, თამადა & 4D Monster Lobsters კი გიორგი უშიკიშვილთან გაიყოფენ სცენას. 25 მაისს ჯგუფ მწვანე ოთახისა და პირველი ქართველი ჯაზ-ვუმენის, გიული ჩოხელის ერთობლივ შესრულებას ვიხილავთ. სცენაზე გამოვა პაატა ბურჭულაძეც.
Alter Stage-ი ორივე დღეს PVP Flow-ს დაეთმობა და შეგიძლიათ Nikki Slow VS Grotask-ისა და Muqta VS Mad Mose-ს ბეთლებსაც უყუროთ.
სიმბოლურია ისიც, რომ Early Bird-ის კალათიდან გაიყიდება მხოლოდ 1918 აბონემენტი, შემდეგ კი დღიური ბილეთების გაყიდვაც დაიწყება.
წლევანდელ ფესტივალზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის ფონდში, ასევე საქართველოს მუსიკოსთა პროფესიულ კავშირში გადაირიცხება. დონაციის საშუალება მსმენელსაც მიეცემათ, ამაზე ინფორმაციას კი ფესტივალის გუნდისგან მალე შევიტყობთ.