5 ნოემბერს ღამით, სოციალური ქსელები ყაზბეგის, რაჭისა და უშბის თავზე აკიაფებული წითელი ცის ფოტოებით რომ გადაჭრელდა, ალბათ ყველამ ის გავიფიქრეთ, რომ საქმე მორიგ ფეიკ ნიუსთან გვქონდა. თუმცა, მალევე დავრწმუნდით, რომ პოლარული ნათება „ავრორა“, ჩრდილოეთიდან საკმაოდ შორს, საკუთარი ფეხით ჩამობრძანებულა საქართველოში. უპრეცედენტო ისტორიული შემთხვევა, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ბულგარეთში, უკრაინაში, საბერძნეთსა და ჩეხეთშიც დაფიქსირდა.
„ავრორა“ ყაზბეგის ცაზე, ფოტო: გიორგი გომიაშვილი
პოლარული ციალი ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი სანახაობაა, რომელიც ძირითადად პლანეტის პოლარულ რეგიონებში: ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთში, ისლანდიაში, კანადაში, ალასკასა და რუსეთში გვხვდება. თუმცა, გასულ ღამეს ციალმა გავრცელების არეალი მკვეთრად გააფართოვა და შეუიარაღებელი თვალით ყაზბეგში, რაჭაში და უშბაშიც კი გამოჩნდა. მართალია, პოლარული ციალის მექანიზმი სამყაროსთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია, თუმცა გუშინდელმა შემთხვევამ გარკვეული კითხვები გააჩინა დედამიწის სხვადასხვა წერტილში, მათ შორის საქართველოშიც.
სანამ უშუალოდ გასული ღამის პრეცედენტზე გადავიდოდეთ, საჭიროა განვმარტოთ, როდის ხდება „ავრორა ბორეალისი“ იგივე ჩრდილოეთის ციალი შეუიარაღებელი თვალისთვის ხილული. ყველაფერი მზეზე კორონალური მასის ამოფრქვევის დროს იწყება. როდესაც ელექტრონებისა და პროტონებისგან შემდგარი, მზისგან გამოთავისუფლებული დამუხტული ნაწილაკების ნაკადი დედამიწის მაგნიტოსფეროს ეჯახება, ატმოსფეროში ჟანგბადისა და აზოტის მოლეკულებთან ურთიერთქმედების შედეგად, ნათელი ფოტონების სახით გამოთავისუფლდება ენერგია, რაც თავის მხრივ განსაცვიფრებელ შუქს - პოლარულ ციალს წარმოქმნის.
„ავრორა“ რაჭის ცაზე, ფოტო: გიორგი ხუციშვილი
„ავრორა ბორეალისის“ ცაზე გამოჩენის პროგნოზირება მზეზე არსებულ ლაქებზე დაკვირვების საშუალებითაა შესაძლებელი. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ამ ლაქებზე დაკვირვების არეალი 2022 წლის ბოლოდან საგრძნობლად გაიზარდა, რამაც თავის მხრივ გაზარდა იმის ალბათობა, რომ კორონალური მასის ამოფრქვევის დროს, დედამიწისკენ მომართული დამუხტული ნაწილაკების რაოდენობა ბევრად მეტი, მისი გავრცელების არეალი კი უფრო დიდი იქნებოდა.
რაც შეეხება ციალის წითელ შეფერილობას, აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთის ნათების ფერები, ჩვენს ატმოსფეროში არსებული გაზების მიხედვით განსხვავდება. აზოტის მოლეკულებს შეუძლიათ გამოიმუშაონ მეწამული, ვარდისფერი და ლურჯი ნათება, ხოლო ჟანგბადის მოლეკულები აწარმოებენ მწვანე და წითელ შუქებს. როგორც ჩანს, გასულ ღამეს ცაზე ჟანგბადის მოლეკულების „ცეკვა“ ვიხილეთ.
მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ მომდევნო 18 თვის განმავლობაში, მზის ლაქების ზომა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც თავისთავად გაზრდის ჩრდილოეთის ციალის გამოჩენის ალბათობას და მისი გავრცელების არეალს. იქნებ მისი დანახვა მალე დედაქალაქიდანაც მოვახერხოთ?!
მაისის სამი დღის განმავლობაში აზერბაიჯანის დედაქალაქი იქცევა მოდის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო პლატფორმად, სადაც დიზაინერები და კრეატიულ ინდუსტრიებთან დაკავშირებული ადამიანები შეხვდებიან ერთმანეთს.
Sex And the City-ს სპინოფი And Just Like That მესამე სეზონით ბრუნდება და მანჰეტენის თავგადასავლებში გვეპატიჟება. სეზონის პრემიერა 29 მაისს პლატფორმა Max-ზე შედგება. წინ გველის 12 ეპიზოდი — სავსე ზაფხულის ცხელი დღეებითა და უფრო ცხელი ღამეებით, რთული სასიყვარულო ურთიერთობებითა და ოჯახური დრამებით.
ჰარი პოტერის სერიალის პირველი ვარსკვლავური შემადგენლობა უკვე ცნობილია. ნახეთ, ვინ შეასრულებს დამბლდორის, სნეიპის, ჰაგრიდისა თუ მაკგონაგელის როლებს ახალ ეკრანიზაციაში.