24 აპრილს თბილისის Radio City-ს სცენაზე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტი, Peggy Gou წარდგება. სამხრეთკორეული წარმოშობის, ბერლინში მოღვაწე DJ, პროდიუსერი და მოდის დიზაინერი დიდი ხანია გასცდა ჩვეულებრივი მუსიკოსის ჩარჩოებს.
პეგის სახელს უკავშირდება ჟანრი K-house, რომელიც ანდერგრაუნდ ჰაუსსა და ტექნოს პოპ-ესთეტიკასთან აერთიანებს. მისი 2023 წლის ჰიტი (It Goes Like) Nanana ნამდვილ საზაფხულო ჰიმნად იქცა, თავად პეგი კი მუსიკისა და სტილის სიმბოლოდ.

Radio City-ს ინდუსტრიულ სცენაზე საერთაშორისო ვარსკვლავი საქართველოს ანდერგრაუნდ მუსიკას შეხვდება და ტექნო საღამოს შემოგვთავაზებს.
სცენაზე ვიხილავთ Anna Sué-ს, რომლისთვისაც ეს ღამე სიმბოლურია. ანა, რომელმაც უკვე დაიპყრო საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი სცენა თუ ფესტივალი და საკუთარი ხელწერა ბერლინის საკულტო პლატფორმაზე, HÖR-ზეც დატოვა, ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მისი მთავარი ინსპირაცია სწორედ პეგი გუ იყო.
2019 წლის ჩანაწერებში გაჟღერებულმა მანიფესტაციამ გაამართლა – დღეს ანა სცენას იმ არტისტთან გაიყოფს, რომელმაც მას მუსიკალური გზის პოვნაში ყველაზე დიდი სტიმული მისცა.
Line Up-ს ავსებს Jino Dollini, წარმატებული არტისტი, რომელიც დღის განმავლობაში TERMINAL-ის CEO-ს პოზიციას იკავებს, თავისუფალ დროს კი სრულად მუსიკას უთმობს. ჯინოს სეტები მსოფლიოს მრავალ ქალაქში გაჟღერებულა და მისი ენერგია იდეალურად ერწყმის იმ საერთაშორისო მასშტაბს, რასაც Radio City-ში 24 აპრილს ველოდებით.