2025 წელს პარიზში მოგზაურობა მოდის მოყვარულებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება. თუ მოდის დედაქალაქში გამგზავრებას გეგმავთ, არ უნდა გამოტოვოთ გამორჩეული გამოფენები, რომლებიც მოდის სამყაროს ისტორიის, ინოვაციისა და კრეატიულობის უნიკალურ სინთეზს წარმოგვიდგენენ. მოდის წამყვანი სახლები დამთვალიერებლებს დაუვიწყარ გამოცდილებას პირდებიან – დაწყებული უნიკალური სამოსის ექსპოზიციებით, დიზაინის შექმნის პროცესზე დაკვირვებით დასრულებული. The Diary გთავაზობთ ხუთ გამოფენას, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ პარიზში ყოფნისას.
„Du Cœur à la Main: Dolce&Gabbana“ – Grand Palais (31 მარტის ჩათვლით)
Dolce & Gabbana-ს პირველი მასშტაბური გამოფენა „Du Cœur à la Main: Dolce&Gabbana” Grand Palais-ში 2025 წლის 31 მარტამდე გაიმართება. ექსპოზიცია დამთვალიერებელს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, დაესწრონ დიზაინერების, დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას შემოქმედებით პროცესს და ნახონ, როგორ ტრანსფორმირდება იდეა ნამდვილი ხელოვნების ნიმუშად. იტალიაში, Palazzo Reale-ში წარმატებით ჩატარებული გამოფენა ახლა პარიზში გრძელდება და მსოფლიო ტურნეს ფარგლებში სხვა ქვეყნებშიც იმოგზაურებს.
„La Mode en Mouvement N3“ – Palais Galliera (8 თებერვლიდან 12 ოქტომბრამდე)
Palais Galliera-ს ორგანიზებული „მოძრავი მოდის“ გამოფენის მესამე და დასკვნითი ნაწილი 8 თებერვლიდან 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ექსპოზიცია აერთიანებს 180-ზე მეტ არტეფაქტს, რომლებიც მე-18 საუკუნიდან დღემდე მოდის ევოლუციას ასახავს.
გამოფენის მთავარი მიზანი სპორტისა და ყოველდღიური სამოსის ტრანსფორმაციის ჩვენებაა. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა პერიოდის სპორტული სამოსი – ცურვის, ცხენოსნობის, ჩოგბურთისა თუ მთის სპორტისთვის განკუთვნილი კოსტიუმები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ზამთრის სპორტის განვითარებას და ამ სფეროში ისეთი ბრენდების შემოქმედებას, როგორებიცაა Chanel, Hermès, Balenciaga.
„Louvre Couture, Objets d’Art, Objets de Mode“ – ლუვრის მუზეუმი (21 ივლისამდე)
ლუვრის მუზეუმი 2025 წელს გამორჩეულ გამოფენას – „Louvre Couture“ მასპინძლობს. ეს ექსპოზიცია მოდისა და ხელოვნების სამყაროს აერთიანებს, სადაც დიზაინერების შექმნილი 70-მდე კოსტიუმი ისტორიულ ხელოვნების ნიმუშებთან ერთად იქნება წარმოდგენილი.
Christian Dior-ის სამოსი ph: Nicolas Bousser
გამოფენის ფარგლებში დამთვალიერებლები იხილავენ უნიკალურ სამოსს სხვადასხვა მოდის სახლების არქივებიდან. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც თანამედროვე - მარია გრაცია კიურის, მეთიუ ბლეიზის ნამუშევრები, ასევე ისტორიული კოსტიუმები.
„Les Fleurs d’Yves Saint Laurent“ – Yves Saint Laurent-ის მუზეუმი (4 მაისის ჩათვლით)
ივ სენ-ლორანის შემოქმედება ყვავილოვანი თემატიკის გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ამ იდეას ეძღვნება გამოფენა „Les Fleurs d’Yves Saint Laurent“, რომელიც 2025 წლის 4 მაისამდე გაგრძელდება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30-ზე მეტი კოსტიუმი და ესკიზი, რომლებიც ყვავილების მოტივებზეა შექმნილი. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, იხილონ აბრეშუმით შექმნილი უზარმაზარი ყვავილები, ნაზი ნაქარგები და პრინტები. ექსპოზიციაში მონაწილეობს თანამედროვე ხელოვანი სემ ფოლსიც, რომელიც ბუნებრივი მცენარეების პიგმენტების გამოყენებით ქმნის ნამუშევრებს.
„Worth: The Birth of Haute Couture“ – Petit Palais (7 მაისიდან 7 სექტემბრამდე)
მაღალი მოდის ფუძემდებელი, ჩარლზ ფრედერიკ უორტი, 2025 წელს Petit Palais-ში გრანდიოზული გამოფენით იქნება წარმოდგენილი. 7 მაისიდან 7 სექტემბრამდე დამთვალიერებლები აღმოაჩენენ დიზაინერის გავლენას მოდის სამყაროზე და მის როლს პარიზის მოდის დედაქალაქად ჩამოყალიბებაში.
ph: Stanislas Wolff
უორტიმ 1858 წელს პარიზში პირველი მოდის სახლი დააარსა, რითაც საფუძველი ჩაუყარა მაღალი მოდის ტრადიციას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მისი საკულტო ნამუშევრები, რომლებიც მოდის ისტორიას ახალ პერსპექტივაში გააცოცხლებენ.
მაისის სამი დღის განმავლობაში აზერბაიჯანის დედაქალაქი იქცევა მოდის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო პლატფორმად, სადაც დიზაინერები და კრეატიულ ინდუსტრიებთან დაკავშირებული ადამიანები შეხვდებიან ერთმანეთს.
Sex And the City-ს სპინოფი And Just Like That მესამე სეზონით ბრუნდება და მანჰეტენის თავგადასავლებში გვეპატიჟება. სეზონის პრემიერა 29 მაისს პლატფორმა Max-ზე შედგება. წინ გველის 12 ეპიზოდი — სავსე ზაფხულის ცხელი დღეებითა და უფრო ცხელი ღამეებით, რთული სასიყვარულო ურთიერთობებითა და ოჯახური დრამებით.
ჰარი პოტერის სერიალის პირველი ვარსკვლავური შემადგენლობა უკვე ცნობილია. ნახეთ, ვინ შეასრულებს დამბლდორის, სნეიპის, ჰაგრიდისა თუ მაკგონაგელის როლებს ახალ ეკრანიზაციაში.