ძნელად თუ იპოვით YouTube-ის მოყვარულ ადამიანს, რომელმაც MrBeast-ის შესახებ არაფერი იცის. ამერიკელ იუტუბერს, ჯეიმზ დონალდსონს მსოფლიოში ყველაზე მეტი, 296 მილიონი გამომწერი ჰყავს. საინტერესო ვიდეოებისა და ამბის თხრობის გასაოცარი ნიჭის გარდა, MrBeast-ი თავისი ქველმოქმედებითაც გვაკვირვებს.
ფოტო:Vivien Killilea/Getty Images
ჯეიმზ დონალდსონის ქველმოქმედებანი: იუტუბერმა აფრიკაში 24 მილიონზე მეტი ხე დარგო, ოკეანე 13 მილიონი კილოგრამი ნარჩენისგან გაასუფთავა და აფრიკაში სკოლები ააშენა. მან ისეთი სოფლები უზრუნველყო წყლის მომარაგებით, სადაც ადამიანებს წლების განმავლობაში წყლის მოსაპოვებლად ყოველდღე კილომეტრების გავლა უწევდათ და თან ეს წყალი სიცოცხლისთვის საშიშიც კი გახლდათ.
რამდენიმე დღის წინ იუტუბ არხზე მორიგი საქველმოქმედო ვიდეო გავრცელდა:
იამაიკაში ნახევარი მილიონი ადამიანი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მათ სახლები ნებისმიერ წუთს შეიძლება თავზე ჩამოენგრეთ. ამ ადამიანებს სიცოცხლისთვის საშიშ პირობებთან ბრძოლა მარტოებს უწევთ. ერთ-ერთი ოჯახი, რომელსაც იუტუბერმა სახლი აუშენა, იამაიკის მაღალი მთის ფერდობზე ცხოვრობს. იქ მდგარი პატარა ქოხი ოჯახმა თავისი ხელით, მორჩენილი, არასაიმედო საშენი მასალით ააშენა. იუტუბერმა ოჯახის წევრებს მოკლე არდადეგები მოუწყო და სახლში დაბრუნებულებს სიურპრიზად განახლებული, ავეჯითა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მქონე სახლი დაახვედრა.
ჯეიმზი იამაიკიდან კონტინენტზე დაბრუნდა და მდინარე ელ სალვადორის მახლობლად მცხოვრებ სამეზობლოს მიადგა. მდინარე წვიმის სეზონზე საგრძნობლად დიდდება და გარშემო ყველაფერს ანადგურებს. ამ ტერიტორიაზე სახლის ნარჩენების მდინარეში შემჩნევა ჩვეულებრივი ამბავი გახდა. იუტუბერმა პატარა თემს რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, პატარა სახლები აუშენა, რომლებსაც ამიერიდან მდინარე ვეღარაფერს დააკლებს. მან სახლების გვერდით ბავშვებისთვის სათამაშო მოედანიც მოაწყო.
ფოტო:MrBeast-ის იუტუბი
ელ სალვადორის თემის შემდეგ არგენტინის, მექსიკისა და კოლუმბიის ჯერიც დადგა. კოლუმბიაში ჯეიმზი ჯონისა და ანას ოჯახს ესტუმრა, რომელთა სახლიც ტორნადოს შეეწირა. ამ სოფელში სახლების აშენების გარდა იუტუბერმა მოსახლეობას ველოსიპედებიც დაურიგა, რადგან იქ ტრანსპორტი ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს.
იუტუბერმა გამომწერების კრიტიკაც დაიმსახურა. ბევრი მათგანი კომენტარებში წერს, რომ აშენებული სახლების უმრავლესობა კარგ საძირკველზე არ დგას და ოჯახებს საფრთხეს უქმნის. ზოგიც ამბობს, რომ ეს მხოლოდ რეკლამისთვის გაკეთდა. მსგავსი გამოხმაურების მიუხედავად, ფაქტია, ამერიკელი იუტუბერი ყოველდღე ამტკიცებს, რომ ყველაზე მეტი გამომწერი უსაფუძვლოდ არ ჰყავს. მან პირობა დადო, რომ თუ თავისი საქმიანობით წარმატებას მიაღწევდა, ხალხს აუცილებლად დაეხმარებოდა. ამ პირობის შესრულების გზაზე მან უკვე უამრავი ოჯახის საცხოვრებელი პირობები გააუმჯობესა და შეჩერებას არც აპირებს.
2025 წლის ოსკარების ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები და დაუვიწყარი მომენტები – Anora-ს ტრიუმფი, მაიკი მედისონის და ედრიენ ბროუდის გამარჯვებები, ტექნიკური კატეგორიების ლიდერი Dune: Part Two და სხვა საინტერესო დეტალები.
თებერვალი სერიალების მოყვარულებისთვის საუკეთესო თვე გამოდგა. სტრიმინგ პლატფორმებზე გამოჩნდა დრამა, კომედია, საკულტო შოუების ახალი სეზონები და საინტერესო ეკრანიზაციები. ამ სტატიაში საუკეთესო პრემიერების სია მოგიმზადეთ, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ.
წლევანდელ SAG Awards-ზე „Lifetime Achievement“-ის ჯილდო ჯეინ ფონდამ დაიმსახურა. პრიზების გარეშე არ დარჩენილან ტიმოთი შალამე, დემი მური თუ ზოი სალდანა. წაიკითხეთ დაჯილდოების მთავარ მომენტებზე ჩვენს სტატიაში.