#კინო

2026 წლის დიდი პრემიერები

გაზიარება:

2026 წელი კინოს მოყვარულებისთვის განსაკუთრებულად დატვირთულია. დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ The Devil Wears Prada 2, Toy Story 5, Star Wars: The Mandalorian and Grogu. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.

პრემიერების კალენდარი მრავალფეროვანია და ბლოკბასტერებს, ფსიქოლოგიურ ტრილერებსა და სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებს მოიცავს. ეკრანებზე საყვარელი გმირები ბრუნდებიან, ცნობილი ფრენჩაიზები გრძელდება და დიდი რეჟისორების ამბიციურ პროექტებს ველოდებით.

17 ივლისს კინოთეატრებში კრისტოფერ ნოლანის ფილმი The Odyssey გამოვა. საკულტო ფილმების: „ინტერსტელარის“, „ოპენჰაიმერის“ თუ „ბნელი რაინდის“ ტრილოგიის რეჟისორი, ეპიკურ პოემას დიდ ეკრანებზე აცოცხლებს. ის ფაქტი, რომ საქმე ეპიკურ ნაწარმოებთან, მსახიობთა შთამბეჭდავ შემადგენლობასა და თავად კრისტოფერ ნოლანთან გვაქვს, მიანიშნებს, რომ მაყურებელს საოცარი გამოცდილება ელოდება წინ.

ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიერა 31 ივლისსაა ჩანიშნული. კინოთეატრებში ტომ ჰოლანდი და ზენდეია პიტერ პარკესისა და MJ-ის როლებში დაბრუნდებიან. Spider-Man: Brand New Day ტომ ჰოლანდის ადამიანი-ობობას ერის მეოთხე ფილმია, რომელშიც პიტერ პარკერს ისეთ სამყაროში უწევს ცხოვრება, სადაც მისი ვინაობა აღარავის ახსოვს. დესტინ დენიელ კრეტონის რეჟისორობით გადაღებული ახალი ნაწილი უფრო ემოციურ და ადამიანურ ისტორიას გვთავაზობს, სადაც სრულ მარტოობაში ჩაძირული ადამიანი-ობობა ქუჩის კრიმინალსა და დეპრესიას ებრძვის.

აგვისტოში კი კინომოყვარულების ყურადღების ცენტრში ბიოგრაფიული დრამა მოექცევა. 7 აგვისტოს რეჟისორ მეთ ჯონსონს ახალი ფილმის Tony პრემიერაა აქვს. ფილმში ჯონსონისთვის დამახასიათებელი იუმორითაა მოყოლილი ცნობილი შეფ-მზარეულისა და მწერლის, Anthony Bourdain-ის ტრაგიკული ცხოვრების ისტორია. კრიტიკოსები Tony-ს წლის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფილმად უკვე მოიაზრებენ.

14 აგვისტოს ეკრანებზე დევიდ რობერტ მიტჩელის ახალი სათავგადასავლო ფილმი The End of Oak Street გამოვა. რეჟისორი, რომელიც საბრძოლო და დინამიკური სცენებით არის ცნობილი, მაყურებელს ამჯერადაც დიდ თავგადასავალს ჰპირდება, რომელშიც მთავარ როლებს ენ ჰეთეუეი და იუან მაკგრეგორი ასრულებენ. The End of Oak Street ისტორიაა ერთი ოჯახის შესახებ, რომელიც ერთ დღესაც უცნაური არსების წინაშე შეუიარაღებელი დარჩება და სიცოცხლისთვის ბრძოლაში ჩაბმა მოუწევს.

შემოდგომის კინო სეზონი 11 სექტემბერს ლენს ოპენჰაიმის Primetime-ით გაიხსნება. პროდიუსერად და მთავარი როლის შემსრულებლად რობერტ პატინსონი მოგვევლინება. ფილმი ფსიქოლოგიური ტრილერისა და ისტორიული დრამის ნაზავია, რომელიც 2006 წლის სატელევიზიო შოუს, To Catch a Predator-ის ამბებითაა ინსპირირებული. ამ ცნობილი რეალითი შოუს წამყვანი, კრის ჰანსენი არასრულწლოვანებზე სექსუალურად მოძალდე მამაკაცებს დანაშაულის ჩადენამდე ფარული კამერის მეშვეობით ამხელდა.

წლის ფინალი კი დენის ვილნევის ხელშია. 18 დეკემბერს ეკრანებზე გამოვა ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული სერიის, Dune-ის მესამე ნაწილი. მასშტაბური სცენები, პოლიტიკური ინტრიგები და პოლ ატრეიდესის ისტორიის კულმინაცია ამ ფილმს 2026 წლის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პრემიერად აქცევს.

ზევით