მარია ზაიცევა - თავისუფლებისთვის მებრძოლი გოგო, რომელიც უკრაინის ომში დაიღუპა

მარია ზაიცევა, Maria Zaitseva, Belarus protests 2020, Foreign Legion Ukraine, Ukraine war volunteer, ბელარუსის პროტესტები 2020

ამ სურათით, რომელიც 2020 წლის აგვისტოშია გადაღებული, 19 წლის მარია ზაიცევა გავიცანით - გოგონა, რომელიც ბელარუსის სისხლიან რეჟიმს ღიად უპირისპირდებოდა. მარია ავტორიტარული სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ბელარუსი ხალხის სიმბოლოდ იქცა. სურათი პრეზიდენტ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზეა გადაღებული, სადაც მან ძლიერი დაზიანებები მიიღო.

როდესაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მარია უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩაერთო. თავდაპირველად, ის ჩეხეთში ჩასულ უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებოდა. 2023 წლის გაზაფხულზე კი უკრაინის საგარეო ლეგიონს - უცხოელი მოხალისეებით დაკომპლექტებულ უკრაინული სამხედრო სისტემის ნაწილს – შეუერთდა.

მარია ზაიცევა

"ის ისეთი პატარა იყო, იარაღიც კი არ ჰქონდა, სად უნდა წასულიყო?" - იხსენებს ალეს პეტრუსკი, ლეგიონის უფროსი ექიმი. ბელარუსი გოგონა სამედიცინო განყოფილებაში დაასაქმეს და სხვა მოხალისე ექიმებთან ერთად სანგრებში, ცეცხლის ქვეშ, ეხმარებოდა უკრაინელ მებრძოლებს. ამასთანავე, მარია თარჯიმნის ფუნქციასაც ასრულებდა - ინგლისური ენა კარგად იცოდა და Foreign Legion-ის წევრებს კომუნიკაციაში ეხმარებოდა.

მარიასთვის უკრაინის ბრძოლა ბელარუსის ბრძოლაც იყო, რადგან ორივე ქვეყნის მოსახლეობა და მათთან ერთად ქართველი მებრძოლებიც საერთო მტრის – რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. ამიტომაც, მარიასთვის უკრაინის თავისუფლება ბელარუსის თავისუფლებას უდრიდა. ბრძოლის ფრონტზე მარიამ მრავლობითი დაზიანება მიიღო - ყუმბარის აფეთქების შემდეგ სერიოზულად დაიჭრა და მარცხენა ყურში სმენა სრულად დაკარგა. ის ჩეხეთში გადაუდებელი ოპერაციის ჩასატარებლად დაბრუნდა. თუმცა, როგორც კი ძალები აღიდგინა, მეორედ წავიდა უკრაინის ფრონტზე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოხალისე მებრძოლი ბახმუტის მახლობლად, 17 იანვრის დილას დაიღუპა. მისი სახელი თავისუფლებისთვის მებრძოლი ქალების რიგებში სამუდამოდ ჩაიწერება და დადგება დღე, როდესაც მარიას ოცნება ასრულდება - მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ საუკუნოვან ომში გაიმარჯვებს.

ზევით