„საქართველოს მკვიდრნი, მოქალაქეები: ადამიანები - დიდები, პატარები, ქალები, კაცები, ხელიხელჩაკიდებულნი და მხარიმხარსმიყრდნობილნი, ხორუმის რიტმში იწყებენ სვლას და მიდიან. მიდიან ერთად, დიდი მიზნისაკენ“ - ქართველმა კინორეჟისორმა, ლანა ღოღობერიძემ ეს სიტყვები გაცილებით ადრე დაწერა, ვიდრე რუსთაველზე გამართული ხორუმი მსოფლიოს აალაპარაკებდა.
„როცა აყვავდა ნუშის“ მეორედ დაბადება ამჯერად კინორეჟისორის ავტობიოგრაფიული სტილის წიგნის ფურცლებზე შედგა. ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის ნაწარმოები, დილოგიის მეორე ნაწილი და ერთგვარი გაგრძელებაა წიგნის „ვისთვის გალობს შაშვი“.
ლანა ღოღობერიძე. ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფოტო
წიგნს წანამძღვრად რედაქტორის სიტყვები აქვს. როსტომ ჩხეიძის თქმით, ეს წიგნი ჩვენი ქვეყნის მხიარული ტრაგიზმით აღბეჭდილი მრავალსაუკუნოვანი ისტორიაა, რომელიც დასავლურ ცივილიზაციაში ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდა. მხიარული ტრაგიზმი კი, ქართველი ხალხის თანდაყოლილი თუ გამომუშავებული საფარია, რომლის დახმარებითაც ეს ქვეყანა, მრავალი ჭირის მიუხედავად, მაინც მოვიდა დღემდე.
ჩვენს წარსულს თუ გადავავლებთ თვალს, ერთი გაფიქრება ჩვენც გავიფიქრებთ, რანაირად შეძლო ამ ქვეყანამ ამდენი ომის, მტრის, ეგზისტენციალური კრიზისის შემდეგ საუკუნეებისთვის გაეძლო, გზად კი არც იდენტობა დაეკარგა და არც არაფერი დაეთმო?!
ამ კითხვაზე პასუხის ნაწილი ლანა ღოღობერიძის წიგნშია გაბნეული, ნაწილი კი, ქუჩაში იწერება, იქ, სადაც ყველა ერთად ხორუმით მიდის ევროპისკენ.
“ეს მიზანია - ყველამ ერთად შევქმნათ თანამედროვე, ევროპული, თანასწორობაზე, სამართლიანობასა და კეთილდღეობაზე დაფუძნებული ქვეყანა, სადაც ყველას აქვს ბედნიერების, სიხარულის და სილამაზით ტკბობის უფლება და შესაძლებლობა”.
ლანა ღოღობერიძე წიგნის ეპილოგში საუბრობს ყველა ადამიანის ცხოვრებაში მოსული დასასრულის შესახებ, როდესაც თითოეული ჩვენგანის არსი დგება, ის არსი მთელი წუთისოფელი რომ ვქმნით ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე. ავტორი “როცა აყვავდა ნუშის” ეპილოგში ასეთ სიტყვებს წერს: “ცხოვრების ბოლოს ფიქრობ, რომ არსებობის ნამდვილი არსი და მიზანიც ეს არის... იყო იმისათვის, რომ დაინახო, შეიგრძნო სხვა, გაიზიარო მისი ჭირი და ლხინი. როცა შეგიძლია, დაეხმარო. მერე შენ გაგიჭირდება და ის დაგეხმარება. ან სულ უბრალოდ იდგებით ერთმანეთის გვერდით, მხარდამხარ, როგორც ხორუმში. ხანდახან ასეთი ჩუმად გვერდით დგომაც შვების მომტანია. და კიდევ უფრო - ფეხშეწყობილი სვლა ცხოვრების გზებზე, მოძრაობა ერთად, რიტმში, მხარდამხარ, როგორც ხორუმში. ეს სოლიდარობაა. კაცობრიობას კი სოლიდარობაზე უკეთესი არაფერი გამოუგონია. საყოველთაო სოლიდარობა საყოველთაო განწმენდაა. ხორუმი კი - ცეკვის ილეთების ენაზე თქმული სოლიდარობა”...
2025 წლის ოსკარების ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები და დაუვიწყარი მომენტები – Anora-ს ტრიუმფი, მაიკი მედისონის და ედრიენ ბროუდის გამარჯვებები, ტექნიკური კატეგორიების ლიდერი Dune: Part Two და სხვა საინტერესო დეტალები.
თებერვალი სერიალების მოყვარულებისთვის საუკეთესო თვე გამოდგა. სტრიმინგ პლატფორმებზე გამოჩნდა დრამა, კომედია, საკულტო შოუების ახალი სეზონები და საინტერესო ეკრანიზაციები. ამ სტატიაში საუკეთესო პრემიერების სია მოგიმზადეთ, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ.
წლევანდელ SAG Awards-ზე „Lifetime Achievement“-ის ჯილდო ჯეინ ფონდამ დაიმსახურა. პრიზების გარეშე არ დარჩენილან ტიმოთი შალამე, დემი მური თუ ზოი სალდანა. წაიკითხეთ დაჯილდოების მთავარ მომენტებზე ჩვენს სტატიაში.