#ცხოვრების სტილი

კიკეთის ფერმა მუსიკალური დღეებისთვის ემზადება

გაზიარება:

11 და 12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. DODO Events-ის ორდღიანი ფესტივალი სტუმრებს ქალაქის რუტინისგან თავის დაღწევის შანსს აძლევს და ზაფხულის ჩვეულებრივ შაბათ-კვირას მუსიკისა და ბუნების დღესასწაულად აქცევს.

ფესტივალების სერია „დღეები“ ნელ-ნელა ქალაქგარეთ გასვლის სასიამოვნო ტრადიციად ყალიბდება. „მუსიკალური დღეები“ კი მათთვისაა, ვისაც სურს თბილისიდან სულ რაღაც 30 წუთის სავალზე აღმოჩნდეს სივრცეში, სადაც ცოცხალი მუსიკა, ბუნება, გემრიელი კერძები და გასართობი აქტივობები ელოდება.

Kiketi Farm, კიკეთის ფერმა, დღეები, მუსიკალური დღეები

ფესტივალი 11 ივლისს ჰიპ-ჰოპის საღამოთი გაიხსნება. HIP-HOP STAGE-ზე ჯიმი მიქელაძე, noki და Deka, Khondzi-სთან, პაპუნა შარიქაძესთან და MC Cutkill-თან ერთად დაუკრავენ. სცენა 15:00 საათიდან ფესტივალს ენერგიული განწყობით გახსნის.

12 ივლისს კი კიკეთის ფერმაში სრულიად განსხვავებული მუსიკალური ატმოსფერო შეიქმნება. დღის განმავლობაში ფერმის სხვადასხვა სივრცეში განსხვავებული მუსიკალური ჟანრის მუსიკოსები დაუკრავენ – მდელოზე კლავიშისა და ფლეიტის ცოცხალ შესრულებას შემოგვთავაზებენ, Food Court-ის ტერიტორიაზე აკორდეონი დაუკრავს, ხოლო ჩანჩქერის სიახლოვეს სიმებიანი კვარტეტი შექმნის განსაკუთრებულ განწყობას.

Kiketi Farm, კიკეთის ფერმა, დღეები, მუსიკალური დღეები

მთავარი სცენის პროგრამა 14:00 საათიდან დაიწყება. მაყურებლის წინაშე Zagareli & Strings, ნიკა კოჩაროვი, ანამარია ბურდული, ნიკალა ზუბიაშვილი და გივიკო ბარათაშვილი წარდგებიან. დღის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა კი Zagareli & Strings-ის კონცერტი იქნება, რომელიც 19:00-დან 20:30 საათამდეა ჩანიშნული.

მუსიკის გარდა, ფესტივალი სტუმრებს მრავალფეროვან გასართობ პროგრამასაც სთავაზობს. ადგილზე დაგხვდებათ Food Court, ბარების სივრცე, ქართული ბრენდების დახლები, საბავშვო ზონა, მასტერკლასები, ბორდ-გეიმების სივრცე, ასევე ცხენებითა და პონებით გასეირნების შესაძლებლობა.

Kiketi Farm, კიკეთის ფერმა, დღეები, მუსიკალური დღეები

ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და სხვადასხვა ასაკზე მორგებული აქტივობების წყალობით, „მუსიკალური დღეები“ საუკეთესო მიზეზია, შაბათ-კვირას ქალაქს გავერიდოთ და დრო კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.

ბილეთების შეძენა ამ ლინკზე შეგიძლიათ.

ზევით