„ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, თბილისის წიგნის ბაზრობა მიმდინარეობს. ბაზრობის ფარგლებში გამომცემლობა „ინტელექტის“ დახლზე არაერთი თანამედროვე ქართველი მწერლის ახალი ნამუშევარი დაგხვდებათ. მათ შორისაა გიორგი კეკელიძე, რომელიც 26 აპრილს, 17:00 საათზე, თავის ახალ პოეტურ კრებულს „ძველ სიმღერებს“ წარადგენს.
 |
კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ კეკელიძის ახალ კრებულს „ადამიანის მარადიული დარდის სიმღერები“ უწოდა.
|
ლანა ღოღობერიძის თქმით, ამ წიგნში შესული პოეზია მკითხველს უცნაურად მიმზიდველ სამყაროში ითრევს, სადაც მთავარი მოტივი დაგვიანებაა. აქ ყველაფერი გვიან ხდება: გვიანია შემოდგომა, მამა სახლში გვიან ბრუნდება და რაც ყველაზე მტკივნეულია, თავად სიყვარული აგვიანებს.

თავის მხრივ, ლევან ბერძენიშვილი კრებულში უფრო ღრმა, ეგზისტენციალურ დაპირისპირებას ხედავს. მისი შეფასებით, „ძველი სიმღერები“ არის ხანგრძლივი ბრძოლა ლირიკულ გმირსა და სამყაროს, კულტურასა და ბუნებას შორის.
კრებულის მთავარი მეტაფორა კი ცოდვილი ადამიანისა და უმწიკვლო მზის შეტაკებაა – მზისა, რომელიც ხან უანგაროა, ხანაც, ძველი ღმერთებივით, მსხვერპლს და გულის სისხლს ითხოვს.

იმაზე, თუ რაზეა პოეტის ახალი კრებული და რა მეტაფორები იმალება ტაეპებს შორის, პრეზენტაციაზე თავად ავტორი მოგვითხრობს. წიგნის შესახებ გიორგი კეკელიძესთან ერთად ისაუბრებენ ზვიად კვარაცხელია, როსტომ ჩხეიძე და ლანა ღოღობერიძე.