მსოფლიო მოდის სამყარო 2026 წლის 4 მაისის მოლოდინშია. მაისის პირველი ორშაბათის მოახლოებასთან ერთად, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა კოსტიუმების ინსტიტუტის ისტორიაში ყველაზე ამბიციური გამოფენის გეგმა წარადგინა. წლევანდელი საღამოსა და ექსპოზიციის მთავარი თემა „კოსტიუმი, როგორც ხელოვნება“ იქნება.
გამოფენა აქცენტს ორ განსხვავებულ, თუმცა მჭიდროდ გადაჯაჭვულ სფეროს – ხელოვნებასა და მოდას შორის არსებულ კავშირზე გააკეთებს. კურატორ ენდრიუ ბოლტონის ჩანაფიქრით, მნახველი იხილავს სამოსს არა როგორც ცალკეული ინდუსტრიის პროდუქტს, არამედ როგორც ხელოვნების ისტორიის განუყოფელ ნაწილს.
ექსპოზიცია მონუმენტური მასშტაბისაა: წარმოდგენილი იქნება 400-მდე ექსპონატი, სადაც 200 სამოსი მეტროპოლიტენის მუზეუმის სხვადასხვა განყოფილებიდან შერჩეულ ხელოვნების 200 ნიმუშთანაა დაწყვილებული. ეს წყვილები 5000-წლიან ისტორიას აცოცხლებენ. გამოფენა დაყოფილია სამ კატეგორიად: სხეულები, რომლებიც ხელოვნებაში ყველგან გვხვდება (მაგალითად, შიშველი ნატურა), სხეულები, რომლებიც ხშირად უგულებელყოფილია (ორსული, ხანდაზმული ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) და უნივერსალური სხეულები (როგორიცაა ანატომიური გამოსახულებები).
“Pregnancy” dress, Georgina Godley. Courtesy of The Metropolitan Museum of Art
გამოფენის იდეოლოგიას სრულად იმეორებს გალას ოფიციალური დრესკოდი „Fashion Is Art“. ეს მითითება სტუმრებისთვის გზავნილია, რომ წითელ ხალიჩას ისე მიუდგნენ, როგორც ცოცხალ ტილოს. წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც აქცენტი კონკრეტულ დიზაინერებსა თუ ეპოქებზე კეთდებოდა, წლევანდელი თემა ვარსკვლავებსა და დიზაინერებს შემოქმედებით თავისუფლებას აძლევს.
ბიონსე 2016 წლის გალაზე
ათწლიანი პაუზის შემდეგ, ღონისძიების თანათავმჯდომარის ამპლუაში ბიონსეს ვიხილავთ. მასთან ერთად საღამოს უხელმძღვანელებენ ოსკაროსანი ნიკოლ კიდმანი, ლეგენდარული ჩოგბურთელი ვენუს უილიამსი და რა თქმა უნდა, ანა ვინტური.
თუმცა, წლევანდელი გალას შესახებ ყველაზე საინტერესო ფაქტი ის გახლავთ, რომ საპატიო თავმჯდომარეების სტატუსით ღონისძიებას ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩეს ბეზოსი დაესწრებიან. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც მეტროპოლიტენის მუზეუმმა დააანონსა გალას თარიღი, Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის როლი ხაზგასმით აღნიშნეს, რასაც კომენტარებში საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. თავად ანა ვინტური ხშირად ჩნდება ლორენ ბეზოსის გვერდით, ხოლო არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, რომ ჯეფ ბეზოსი ცოლისთვის Condé Nast-ის ყიდვას აპირებს.
ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი 2024 წლის გალაზე
ამასთანავე, „Costume Art“ იქნება პირველი გამოფენა, რომელიც ახალ სივრცეში, Condé M. Nast Galleries-ში გაიხსნება. საზოგადოებისთვის გამოფენა 2026 წლის 10 მაისიდან 2027 წლის 10 იანვრამდე იქნება ხელმისაწვდომი.
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი Madison Square Garden-ში გაიმართა. ორდღიანმა ღონისძიებამ ნიუ-იორკი ვარსკვლავური სტუმრებისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
2026 წლის ნახევარი თითქმის გასრულდა და დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა The Devil Wears Prada 2 თუ Toy Story 5. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.