HBO-ზე დოკუმენტური ფილმი „მოპარული ბავშვები“ (Stolen Children) გამოჩნდა, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულზე – ახალშობილთა სისტემურ მოტაცებასა და უკანონოდ გაშვილებაზე მოგვითხრობს. ეს დანაშაულებრივი სქემა 1970-იანი წლებიდან, სულ მცირე 2005 წლამდე გრძელდებოდა და ევროპის მასშტაბით დაახლოებით 100,000-ზე მეტ ოჯახს შეეხო.
ათასობით დედას მშობიარობიდან მალევე ეუბნებოდნენ, რომ მათი შვილები გარდაიცვალნენ. რეალურად კი, სამედიცინო პერსონალი ჩვილების გაყიდვით იყო დაკავებული. ძირითად შემთხვევაში ბავშვების ცხედრებს ოჯახებს საერთოდ არ გადასცემდნენ, სიკვდილის ცნობები გაყალბებული იყო, ხოლო ახალშობილები ფარულად იყიდებოდა.
ნარატივის ცენტრში ქართველი საგამოძიებო ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე დგას, რომლის პირადმა ისტორიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინა. დედის გარდაცვალების შემდეგ, 31 წლის ასაკში, თამუნამ გაიგო, რომ ნაშვილებია. ბიოლოგიური მშობლების ძიება მალევე გადაიქცა ფართომასშტაბიან გამოძიებად, საბოლოოდ კი თამუნამ გამოავლინა სქემა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ მედდები, ექიმები, შუამავლები და ტაქსის მძღოლებიც კი.
დოკუმენტური ფილმი მუსერიძის ისტორიასთან ერთად გვიყვება ტყუპი დების, ანოსა და ემის, ამბავს, რომლებმაც 19 წლის ასაკში, 2024 წელს, სოციალური ქსელების საშუალებით შემთხვევით იპოვეს ერთმანეთი. არცერთმა იცოდა, რომ ნაშვილები იყო ან ტყუპი და ჰყავდა.
„მოპარული ბავშვების“ რეჟისორები და სცენარის თანაავტორები Martyna Wojciechowska და Jowita Baraniecka გახლავთ, რომლებიც თავადაც ჩნდებიან ფილმში. საარქივო მასალების, მოწმეების ჩვენებებისა და რეპორტაჟების მეშვეობით ავტორები ასახავენ, როგორ ფუნქციონირებდა ტრეფიკინგის სქემა საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ათწლეულების განმავლობაში და რა მძიმე ფსიქოლოგიური კვალი დატოვა მან ოჯახებზე.
ფილმი ასევე წარმოაჩენს თანამედროვე დნმ-ტექნოლოგიებისა და ონლაინ სივრცის მნიშვნელოვან როლს ბიოლოგიური ოჯახების ძიების პროცესში. თავად თამუნა მუსერიძემ დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია და ფეისბუკ ჯგუფი „ვეძებ“, ახლა კი პოდკასტსაც გვთავაზობს, რომელიც ათასობით ადამიანს დაკარგული ნათესავის პოვნასა და საკუთარი წარმოშობის დადგენაში ეხმარება.
თამუნა მუსერიძის საქმიანობას საერთაშორისო აღიარება მოჰყვა, 2023 წელს იგი BBC-ის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა.
ფილმის „მოპარული ბავშვები“ ნახვა HBO Max-ზეა შესაძლებელი.
ფილმი არა მხოლოდ მასშტაბურ დანაშაულს ასახავს, არამედ გვაჩვენებს, თუ როგორ ცდილობენ ჟურნალისტები და რიგითი ადამიანები იმ ადამიანების გაერთიანებას, რომლებმაც არც კი იცოდნენ, ქვეყნისა თუ დედამიწის მეორე მხარეს თავიანთი ოჯახის წევრები რომ ცხოვრობდნენ.
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი Madison Square Garden-ში გაიმართა. ორდღიანმა ღონისძიებამ ნიუ-იორკი ვარსკვლავური სტუმრებისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
2026 წლის ნახევარი თითქმის გასრულდა და დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა The Devil Wears Prada 2 თუ Toy Story 5. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.